ოქსფორდის პროფესორი: ერთი მთავარი ამოცანა გვაქვს-ცაგერი გავხადოთ ცნობადი და მიმზიდველი ადგილი ყველასთვის
2013 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგები, გეოფიზიკის ინსტიტუტის გეოლოგები და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი – ბრაიან გილმორი, მისი ძმა – ენტონი გილმორი ლეჩხუმში, რამდენიმე ლოკაციაზე, არქეომეტალურგიის წარმოების ადრეული ხანის შედეგებს იკვლევენ.
“რეგიონული კვირა” აღნიშნული კვლევის ექვსწლიანი შედეგებით დაინტერესდა და ამ საკითხზე ბრაიან გილმორს ესაუბრა.
– როდის დაინტერესდით საქართველოში ადრეული რკინის წარმოებით?
-15 წლის წინ შევიტყვე, რომ დასავლეთ საქართველოში ადრეული რკინის დამუშავებაზე კვლევები მიმდინარეობდა და ამ სამუშაოების შესახებ შუალედური ანგარიშები არსებობდა, რომელიც შემდგომ ჩვენ ვთარგმნეთ და 2009 წელს გამოვეცით. 2010 წელს საგრანტო დაფინანსება მივიღეთ და დასავლეთ საქართველოში კვლევების დასამთავრებლად ჩამოვედით. სწორედ ამ დროს დაემთხვა ადრეული ბრინჯაოს ხანის სპილენძის დნობის კვალის აღმოჩენა, რომლის შესახებაც აქამდე არავის არაფერი ჰქონდა გაგებული.
-ლეჩხუმით დაინტერესება რამ გამოიწვია?
-2013 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორის, სახელოვანი პროფესორის ნინო სულავას წერილი მივიღე, რომელიც ლეჩხუმის მხარეში ჩამოსვლას და მასთან ერთად მუშაობას მთავაზობდა. 2013 წელს პირველად ჩამოვედი ცაგერში და ექსპედიციასთან ერთობლივ მუშაობას დავთანხმდი. ლეჩხუმში სპილენძის დნობის მრეწველობის კვლევა დავიწყეთ, რომელიც აქამდე არავის გამოუკვლევია. იმ დღიდან სადაზვერვო სამუშაოებს ვატარებთ, რამდენიმე ძეგლი იმის დასადგენად გავთხარეთ, თუ როგორ მუშაობდა მრეწველობა და როგორი იყო ციკლი დასაწყისიდან ბოლომდე.
-ამ ეტაპზე რა შედეგებზე შეგვიძლია ვისაუბროთ?
-ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მრავალი ნივთია, რომელიც ბრინჯაოს ხანას მიეკუთვნება. აღმოჩენილია სპილენძის განძები და ამიტომაც, ვფიქრობდით, რომ ამ მხარეში ადნობდნენ სპილენძს, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, სად ხდებოდა ეს. ამ საკითხების კვლევაში ადგილობრივმა მოსახლეობამ დიდი დახმარება გაგვიწია, რადგან ეს ძეგლები ძნელი მისაგნებია. მეექვსე წელია იმის გააზრებას ვცდილობთ, თუ რა ხდებოდა ამ მრეწველობასთან დაკავშირებით, ეს ძნელად და რთულად ამოსახსნელი ამოცანაა და მე შემიძლია შევადარო ფაზლს, რომელსაც ჯერ კიდევ აკლია ნაწილები სრული სურათის ასაწყობად. რაც უფრო მეტ ნივთმტკიცებას ვპოულობთ, მით უფრო მეტი ნაწილისგან შედგება ფაზლი, მაგრამ დღეს თქვენთან პირველად შემიძლია განვაცხადო, რომ უკვე მივდივართ პრობლემის გადაჭრისკენ და მთავარი კვანძები უკვე გახსნილი გვაქვს. მის ამოხსნას, მართალია, რამდენიმე წელი კიდევ დასჭირდება, მაგრამ ამოვხსნით და სრულ სურათს ავაწყობთ.
-რომელ საუკუნეებზეა ლაპარაკი და სად ხდება წლოვანების დადგენა?
-გმადლობთ, ეს ძალიან კარგი კითხვაა. ნაპოვნი მასალებიდან ნაწილი უკვე იყო და მომავალშიც გაიგზავნება ინგლისის ლაბორატორიებში, რომლებსაც ანალიზი ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე უამრავი ნიმუში მიმაქვს, რათა მათი წლოვანება დავადგინო – ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა ასაკის დასადგენად. მინდა გითხრათ, რომ ლაბორატორიულად გამოკვლეული ნიმუშებიდან, ჩვენ უკვე ვიცით ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი – პირველი ძეგლი “დოღურაში1” ჩვ.წ.აღ. IX-XIII საუკუნისაა და გამოდის, რომ 3 000 წლის წინანდელი ძეგლია.
-როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფაზლს ამოსახსნელად ნაწილები აკლია და რა არის ყველაზე დიდი ნაწილი/პრობლემა?
-კვლევები უნდა გავაგრძელოთ და მომავალში გამოვცემთ წიგნს, რომელიც ამ ყველაფერს გასაღებს მოუძებნის. მნიშვნელოვან პრობლემად იმის გარკვევა რჩება, თუ როდის დაიწყო მრეწველობა, მეორე დიდი პრობლემა მაღაროების პოვნაა, საიდანაც ხდებოდა მადნის გამოღება. ვფიქრობთ, ეს კარიერები პატარა იყო და დიდი ფენებითაა დაფარული. ამ ეტაპზე კვლევები დროებით დავასრულეთ და ლეჩხუმს ვემშვიდობებით, მაგრამ 2020 წლის გაზაფხულზე, მაისის თვეში დავბრუნდებით, მაშინ, როდესაც მცენარეული საფარი დაბალია და ხელსაყრელი პირობებია კვლევების გასაგრძელებლად.
-ლეჩხუმის მოსახლეობა როგორ შეხვდა თქვენს კვლევებს და რას ეტყოდით მათ გამგზავრებისას?
-როგორც გითხარით, დიდი დახმარება გაგვიწიეს აქაურებმა. ბედნიერები ვართ, რომ ყველამ გულითადად და სიხარულით მიგვიღო. გასაოცარია აქაური სტუმართმოყვარეობა, მე და ჩემმა ძმამ – ენტონიმ, რომელიც ასევე დაინტერესებულია ამ კვლევებით, უამრავი მეგობარი შევიძინეთ. მინდა ვუთხრა ლეჩხუმს, რომ ჩვენ კიდევ ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გვაქვს – ლეჩხუმი (ცაგერი) ყველასათვის ცნობადი გავხადოთ და იგი მსოფლიოს გავაცნოთ. შემდეგ კი ყველა ქვეყნიდან ჩამოსულმა ტურისტმა ინტერესით დაათვალიეროს და გაიაზროს ჩვენი აღმოჩენები. შინაგანად მჯერა – რამდენიმე წელიწადში ეს ზუსტად ასე იქნება!
ბრაიანთან ინტერვიუს დასრულების შემდეგ, “რეგიონული კვირა” აღნიშნულ საკითხზე არქეოლოგ – ნანა რეზესიძეს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიციის წევრია და ამ ექსპედიციაში 2016 წლიდანაა ჩართული.
“ჩვენთან ერთად მუშაობენ გეოლოგიის ინსტიტუტის გეოლოგებიც, დაფინანსება ნაწილობრივ ბატონი ბრაიანის დამსახურებაა, ნაწილობრივ კი საქართველოს რუსთაველის ფონდისა და ეს ჩვენ 2016 წელში მივიღეთ, სადაც ჩვენმა წარდგენილმა პროექტმა – “ლეჩხუმი არქეომეტალურგიის შესახებ” გაიმარჯვა”,- განაცხადა ნანა რეზესიძემ.
მარინე სვანიძე