ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის 50-ე უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გერმანიაში დღეს დაიწყება და 2 თებერვლამდე გაგრძელდება. მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც მსოფლიო ლიდერები საგარეო პოლიტიკურ და უსაფთხოების სფეროში ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავენ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე: “გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური სტაბილურობა”.
ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაციას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიმდინარე რეფორმებზე მიაწვდის. გაიმართება დისკუსია ევროატლანტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შედგება საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე საქართველოს მოლოდინზე ევროატლანტიკურ პროცესებში. მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციის ოფიციალური გახსნის და საზეიმო მიღების ცერემონიას დაესწრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბავარიის მიწის პრემიერ-მინისტრის პოსტ ზეეჰოფერის ოფიციალურ სადილზე და სამუშაო ლანჩზე. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს ჯონ მაკკეინს, გაეროს გენერალურ მდივანს ბენ კი მუნს, ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს ფრედერიკ კემპეს, აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჩარ ჰაგელს, კონგრესმენ მაიკლ ტერნერს, სერბეთის პრემიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ალენკა ბრატუსეკს, ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალტერ შტაინმაიერს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩაკს, ჰენრი კისინჯერს, ულრიხ გრილოს. მიუნხენში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტერვიუს მისცემს გერმანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „FOCUS“-ს, ასევე ტელეკომპანია „ZDF“-ს.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას დღეს ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები