“საქართველოსა და აზერბაიჯანის სისუსტეებს კარგად ხედავს რუსეთი და გამოყენებასაც ცდილობს”
“საქართველოსა და აზერბაიჯანის სისუსტეებს კარგად ხედავს რუსეთი და გამოყენებასაც ცდილობს”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი, გიორგი გობრონიძე “კვირის პალიტრასთან” დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით ქართველებისა და აზერბაიჯანელების “გადამტერებაზე” საუბრობს.
გიორგი გობრონიძე: დავით გარეჯის გამო ვნებათაღელვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრამდე საქართველოს მხრიდან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ამის შემდგომ ახალ-ახალი დაძაბულობის კერების გაჩენა პერმანენტულ პროცესად იქცა, რასაც აშკარად დაჰკრავს ხელოვნურობის ელფერი; მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, ამ თემაზე დაწყებულმა კამათმა რა საგანგაშო სახე მიიღო სოციალურ ქსელებში, სადაც უკვე ცხადად ჩანს, როგორ აქტიურობენ ტროლები და ცდილობენ ქართველებისა და აზერბაიჯანელების გადამტერებას. ძნელად მისახვედრი არ არის, ვინ არის ამით დაინტერესებული.
-რუსული კვალი აშკარაა…
წესით, დავით გარეჯის საკითხი არ უნდა ქცეულიყო პრობლემად ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის, მის გადასაჭრელად უამრავი გზა და მეთოდი არსებობს, მაგრამ როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში “ვაიპატრიოტული” ჯგუფები სწორედ კონფრონტაციის რელსებზე ცდილობენ პროცესის გადაყვანას. ისტორიული კონტექსტიც რომ ავიღოთ, ცოტა აბსურდამდე მივდივართ – ერთი სახელმწიფო მიიჩნევს, რომ ეს ასურელი მამების დაარსებული სამონასტრო კომპლექსია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ბერმონაზვნობას, ხოლო მეორის აზრით, ეს ალბანური კულტურის ძეგლია. ხომ შეიძლება, მსგავსი ისტორიული კონტექსტი მაინც ჰქონდეს ერთსა და იმავე მონასტერს, გამოდის, ორ პარალელურ რეალობაში ვარსებობთ.
რა თქმა უნდა, აქაც საბჭოთა კავშირის კვალი უნდა ვეძებოთ, როდესაც ისტორიოგრაფია და მეცნიერება ხელს უწყობდა პარალელური ისტორიული ნარატივების ჩამოყალიბებას. ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული რეალობა იქმნებოდა, რათა ეს დალექილიყო ცნობიერებაში. ამ საკითხზე მსჯელობა ტაბუდადებულ თემად გადაქცეულიყო
საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, დაახლოებით, მსგავსი უახლესი ისტორიული გამოცდილება აქვთ – ტერიტორიების დაკარგვის კომპლექსები: ჩვენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, აზერბაიჯანს კი – ყარაბაღის. ფაქტობრივად, ორივე ერი დამარცხებულის კომპლექსის ტყვეები ვართ. ჩვენ ჩამოვყალიბდით საზოგადოებად, რომელიც საკუთარ ეთნიკურ უმცირესობებს ეჭვით უყურებს და მხოლოდ უსაფრთხოების პრიზმაში განიხილავს, აზერბაიჯანში კი ჩამოყალიბდა სოციუმი, სადაც ყველა მეზობელში ხედავენ მტერს, თუნდაც ის სტრატეგიული მოკავშირე იყოს და ნებისმიერი დათმობა აღქმულია, როგორც მარცხი.
-რა სურს რუსეთს?
თავის მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ტერიტორიაზე არ არის ლაპარაკი. ლაპარაკია სულიერ მემკვიდრეობაზეც და ჩვენი საზოგადოება დათმობას აღიქვამს, როგორც უარის თქმას სულიერ მემკვიდრეობაზე, რელიგიაზე… ორი სახელმწიფოს ამ სისუსტეებს კარგად ხედავს რუსეთი და გამოყენებასაც ცდილობს.
რა უნდა იპოვოს კრემლმა პროვოკაციებისთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე ეს გამზადებული, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებული და, პრაქტიკულად, ადამიანების ორგანულ ცნობიერებამდე დაყვანილი პრობლემაა? ერთი მხრივ, კულტურული მემკვიდრეობის წართმევისა და, მეორე მხრივ, ტერიტორიების დათმობის თემა მანიპულირებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
საერთაშორისო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ საბჭოთა კავშირის შემდეგ რა საზღვრებში მოხდა ჩვენი აღიარება, მაინცდამაინც, სახარბიელო ვითარება საქართველოს დავით გარეჯის კომპლექსის კონკრეტულ მონაკვეთებში არ აქვს, თუმცა პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გამო ქართველებს ამ ტერიტორიებზე შესვლისას პრობლემები იშვიათად ექმნებოდათ.
სწორედ კონკრეტულ მონაკვეთებზეა ლაპარაკი და არა მთელ სამონასტრო კომპლექსზე, არადა, გარკვეული ჯგუფების დიდი მეცადინეობით არის მცდელობა დამკვიდრდეს აზრი, რომ ჩვენ დავით გარეჯს ვკარგავთ, რაც არ არის სწორი. სადავო არ არის მთელი სამონასტრო კომპლექსი, სადავოა სამი მცირე მონაკვეთი – ბერთუბნისა და უდაბნოს მონასტრები და ჩიჩხიტურის კოშკი.
მარტო საქართველოში ხომ არ ჰყავს რუსეთს ე.წ. პროქსიჯგუფები, რომლებიც ულტრანაციონლისტური ღირებულებების დამკვიდრებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ასეთივე ჯგუფები ჰყავს აზერბაიჯანსაც, სადაც რუსეთი ასევე ცდილობს მათ მართვას.
სოცქსელში მიზანმიმართულად მკვიდრდება მოსაზრება, რომ, თურმე, აზერბაიჯანიც ოკუპანტია. უკაცრავად და, ორჯონიკიძემ მოუხაზა ეს საზღვარი ქართველებსა და აზერბაიჯანელებს და აზერბაიჯანი რატომ არის ოკუპანტი?!
ვიღაცას შეიძლება, ჰგონია, რომ კარგს აკეთებს, სინამდვილეში კი პუტინის ხელში ბრმა იარაღია და საკუთარი სახელმწიფოს დასამარებას უწყობს ხელს.
-გზა იზოლაციისკენ
აზერბაიჯანულ მედიაში იყო განცხადებები, რომ, თურმე, აზერბაიჯანია საქართველოში პირველი ინვესტორი და ჩვენ ენერგეტიკულად დამოკიდებული ვართ მასზე, ჩვენთან კი ამბობდნენ, საქართველოა პირველი ტრანზიტორი ქვეყანა, ჩვენ რომ არა, ვნახოთ, როგორ გაიტანენ ნავთობსა და გაზსო. ამგვარი რიტორიკა სახიფათოა.
თუ ჩვენი ურთიერთობა გამწვავდა, ამ პროცესს ერთი დაზარალებული არ ეყოლება. თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მოიშლება, საქართველოც და აზერბაიჯანიც რეგიონულ იზოლაციაში აღმოჩნდებიან. სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოსკოვის სატელიტი გახდება და რუსული გავლენის განდევნა ძალიან გაჭირდება, შედეგად კი ჩვენი სუვერენიტეტი ფორმალობა იქნება.
აზერბაიჯანიც საქართველოს გარეშე თავისი ენერგორესურსებით, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოექცევა. დღეს მისი ენერგორესურსების ტრანზიტი სწორედ საქართველოზე გადის, რაც მისი შემოსავლის ძირითადი წყაროა. თუ ეს გზა გადაიკეტა, ეს მისი ენერგოექსპორტის რუსულ მარშრუტებზე ჩამოკიდებას ნიშნავს.
წყარო: “კვირის პალიტრა”