დავით დვალი: დღეს რომ სალია გენერალური დირექტორია, პრობლემას ვერ ვხედავ
ტელეკომპანია “რუსთავი 2- ის” ერთ-ერთი პირველი მფლობელი, დავით დვალი აცხადებს, რომ ქიბარ ხალვაში არ შეხმიანებია, თუმცა მას გამარჯვება საჯაროდ უკვე მიულოცა. მიიღებს თუ არა ხალვაშის შეთავაზებას, ამ და სხვა საკითხების შესახებ ის “კვირის პალიტრასთან” საუბრობს.
“კვირა” ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ:
-ხალვაშმა განცხადებაში აღნიშნა, რომ თქვენს ინტერესებსაც გაითვალისწინებს…
-ქიბარ ხალვაშისთვის არ დამირეკავს, მისგან ველოდები გამოხმაურებას.
-2 წლის წინ, როდესაც საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იგეგმებოდა, ხალვაში გენდირექტორად თქვენ დანიშვნას აპირებდა, ახლა ეს პოსტი პაატა სალიამ დაიკავა.
-დიახ, მაშინ ეს საჯაროდ განაცხადა, მაგრამ გენდირექტორის პოსტზე ლაპარაკი არ ყოფილა, ხალვაშმა თქვა, რომ მენეჯმენტი იქნებოდა ჩვენი.
-როგორც მახსოვს, საუბარი შეეხო წილების გადმოცემასაც.
-დიახ, საუბარი იყო პარიტეტზე, ანუ 50-50%-სა და მენეჯმენტზე. იმედია, ხალვაში სიტყვას შეასრულებს. დღეს რომ სალია გენერალური დირექტორია, პრობლემას ვერ ვხედავ. შეიძლება, გადაუდებელი საქმეა გასაკეთებელი, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. შესასწავლია.
-ანუ არ გამორიცხავთ, რომ მენეჯმენტი თქვენ და ჯარჯი აქიმაძემ გადაინაწილოთ?
– არ ვიცი. დღეს მთლიანად დამოკიდებული ვართ ხალვაშის კეთილ ნებაზე.
-თქვენ შორის მაშინ ვითარება დაიძაბა.“აქიმაძე და დვალი „კაჩაობს“ თუ დამიწყებენ ასე ტელევიზია-ტელევიზია სირბილით შეიძლება, შეთანხმებას რამე დაემუქროს, არსებობს ნერვების საზღვარი“, – განაცხადა მაშინ ხალვაშმა. თუ გისაუბრიათ მასთან ამის შემდეგ?
-ვიმეორებ, ხალვაშის გადასაწყვეტია, შეასრულებს თუ არა პირობას. მე ვერანაირი მექანიზმით დავავალდებულებ.
-თუ ხალვაშმა შეასრულა დაპირება, დაეთანხმებით ამ წინადადებას?
-მოლაპარაკების საგანია…
-თქვენი აზრით, როგორი მფლობელი იქნება ხალვაში?
-ხალვაშისთვის ტელევიზია რომ მხოლოდ ბიზნესია, არასდროს დაუმალავს. მის მმართველობას ვერ შევაფასებ. თუ ჩვენ შევთანხმდებით და მე და ჯარჯი თანამფლობელები გავხდებით, რა თქმა უნდა, კოორდინირება დაგვჭირდება, თუ როგორი უნდა იყოს სარედაქციო პოლიტიკა. თუ ქიბარი არხის ერთპიროვნული მფლობელი გახდა, ეს მისი გადასაწყვეტია.
-თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს არხის სარედაქციო პოლიტიკა?
-არხი უნდა იყოს რაც შეიძლება კრიტიკული და ოპოზიციური. ამ უმძიმეს ვითარებაში ძალიან რეიტინგული და გავლენიანი არხის გადასვლა პროსამთავრობო ზონაში დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.