შს მინისტრის მოადგილე: პოლიტიკური სპეკულაციაა, თითქოს, ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებებისთვის
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კაბა საბანაძე პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს, რომ, თითქოს, ისინი მზად იყვნენ, 20 ივნისს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ეწარმოებინათ.
ამის შესახებ საბანაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრობს.
“იქ მოლაპარაკებებზე მომიტინგეების მხრიდან მზაობა არ ყოფილა… კი გაიძახიან, მოლაპარაკებას ვცდილობდითო, მაგრამ არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, ამ დროს როგორ ყვირიან იგივე პირები – მივაწვეთ, პოლიცია დაიღალაო. ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია, თითქოს, ვიღაც მზად იყო მოლაპარაკებებისთვის. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო მოლაპარაკება და მშვიდობიანად დასრულება, იმიტომ ვიდექით იქ ორი საათის მანძილზე და ვიცავდით ყოველგვარი სპეცსაშუალებების გარეშე პარლამენტის შენობას და როცა პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, სხვა შანსი არ იყო, იძულებულნი გავხდით, გვემოქმედა”, – აცხადებს საბანაძე.