26 მაისის აქციაზე დაშავებული: ეკა ხერხეულიძე და მაია ნადირაძე ისტერიკულად ითხოვდნენ აქციის დარბევას

“ჩვენამდე მოსული ინფორმაციით, ეკა ხერხეულიძე და მაია ნადირაძე ისტერიკულად ითხოვდნენ აქციის დარბევას”, – ამის შესახებ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ბესიკ ტაბატაძე საუბრობს, რომელსაც 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევის დროს ე.წ. არალეტალური ტყვიები დაუშინეს, რის შედეგადაც ცალი თვალი დაკარგა.
ის 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს იხსენებს.
“როცა დარბევა დაიწყო და სპეცრაზმი ყველა მხრიდან მოგვაწვა, ვცდილობდით, ქალბატონები, ხანში შესული ადამიანები და თუ ვინმე არასრულწლოვანი იყო, სასწრაფოდ გაგვეყვანა სამშვიდობოს. ამ ფაციფუცში ისე მოხდა, რომ ფარებიანი და ხელკეტებიანი სპეცრაზმელების წინ აღმოვჩნდი და მაშინვე რეზინის ტყვიები დამიშინეს. მთლიანობაში, ათზე მეტი ტყვია მომხვდა და აქედან ერთმა თვალი ამომთხარა. ტყვია გახელილ თვალში მომხვდა და პირველი, რაც ვიგრძენი, ის იყო, რომ ცალ თვალში მთლიანად დამიბნელდა. ეტყობა, ემოციურად ისე ვიყავი დამუხტული, ტკივილი არც იმ წუთას მიგრძნია და არც შემდეგ, როცა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ხელებშეკრულს საათების განმავლობაში უმოწყალოდ მცემდნენ. ამოთხრილი თვალის ბუდე რომ შემიშუპდა და გასივდა, სისხლი ჯერ შიგნით გროვდებოდა და მერე გარეთ იღვრებოდა, მე კი იმის საშუალებაც არ მქონდა, მომეწმინდა, რადგან ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული. პოლიციელებს ვთხოვდი, ხელებს თუ არ გამიხსნით, წინ მაინც გადმომიტანეთ, რომ სისხლის მოწმენდა შევძლო-მეთქი. თვალი, თითქმის, მთლიანად დაიშალა. ბადურის დაახლოებით მესამე ნაწილი, რაც დარჩენილი იყო, ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაციის დროს ამომაჭრეს. 68 ნაკერი მაქვს თვალში. გახეთქილ თვალს ბოლომდე რომ ვერ ჩაწვდნენ, ქუთუთო გამიჭრეს და 6 ნაკერი ცალკე ქუთუთოზე დამადეს”, – აცხადებს ბესიკ ტაბატაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები