წელს ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული დამწვრობის პირველი შემთხვევა – ახალგაზრდა გოგონას სხეულის 25% აქვს დამწვარი

წელს ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული სხეულის დამწვრობის პირველი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა.
დღეს დილით დამწვრობის ცენტრში 21 წლის გოგონა მოათავსეს, რომელმაც ლეღვის ფოთლის ნახარშით გარუჯვისას ქიმიური დამწვრობა მიიღო.
როგორც „კვირას“ ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ახალგაზრდა გოგონა დამწვრობის ცენტრში თბილისთან ახლოს მდებარე რეგიონიდან გადმოიყვანეს.
„პაციენტს ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული აქვს ქიმიური დამწვრობა. მას სხეულის 25-პროცენტიანი, მე-2-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული – ქვედა კიდურებზე. როგორც გაირკვა, ახალგაზრდა გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარში ქვედა კიდურებზე გუშინწინ წაისვა და მზეზე გაირუჯა, რის შედეგადაც მდგომარეობა ისე გაურთულდა, რომ ჩვენთან, კლინიკაში მოიყვანეს“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობისათვის, ამჟამად, დამწვრობის ცენტრში მზეზე გარუჯვის შედეგად სხეულის დამწვრობით 6 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია. პატარამ მზით დამწვრობა თბილისის ზღვაზე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ შარშან ლეღვის ფოთლის ნახარშით მიღებული სხეულის დამწვრობის პირველი შემთხვევა 4 ივლისს დაფიქსირდა.
მაშინ 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა და 26 წლის გოგონამ ლეღვის ფოთლის ნახარშის წასმისა და გარუჯვის შემდეგ სხეულის დამწვრობა მიიღეს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები