გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას უკანონო მიერთებების წინააღმდეგ

ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს წყალმომარაგების სისტემებზე არსებული უკანონო მიერთებების გამოვლენის, ჩაჭრისა და შესაბამისი ადმინისტრაციული რეაგირების მიმართულებით, – ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც წყალმომარაგების სტაბილურობის, ისე წყლის რესურსების სამართლიანი და ეფექტიანი განაწილებისთვის.

„კომპანია იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის მოქმედი წესების, მოვალეობებისა და უკანონო მიერთებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება.

კამპანიის ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა საინფორმაციო ფლაერები იმ სივრცეებში დაარიგეს, სადაც მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი ყველაზე აქტიურად მოძრაობს.

მათ შორის:

• საჯარო უწყებებსა და მუნიციპალურ სერვის ცენტრებში;

• მსხვილი კომერციული ობიექტებისა და მაღაზიების ქსელებში;

• ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ შენობებში;

• ადგილობრივი თვითმმართველობების საინფორმაციო სტენდებზე;

• სხვა საჯარო ადგილებში, სადაც მოქალაქეთა მაღალი ნაკადი ფიქსირდება.

უკანონო მიერთებები და წყლის რესურსის არამიზნობრივი მოხმარება აზიანებს კეთილსინდისიერ აბონენტებს, ართულებს სისტემის ეფექტურ მართვას და საფრთხეს უქმნის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას. შესაბამისად, კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, დაიცვან მოქმედი წესები და მიიღონ მონაწილეობა უსაფრთხო და გამჭვირვალე წყალმომარაგების სისტემის შენარჩუნებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის აბონენტები შეძლებენ დაკავშირებას ცხელ ხაზზე: 0 32 293 00 00 ან ელექტრონულ ფოსტაზე: info@water.gov.ge“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები