ალექსანდრე ქართველიშვილი – აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი
აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ–ერთი პიონერი, აშშ-ის საავიაციო ისტორიის თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველიშვილი (Alexsander Kartveli) დაიბადა ცნობილი მოღვაწის, იურისტ მიხეილ ქართველიშვილის ოჯახში. 1914 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია, 1917 წელს – იუნკერთა სასწავლებელი, სადაც პირველად დაინტერესდა ტანვარჯიშით, ავიაციით და ჰაერნაოსნობის წრეშიც ჩაეწერა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში არტილერისტად გაიწვიეს და ბატარეის მეთაურად დანიშნეს. ავიაციისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაუღვივა კაპიტან მაჭავარიანის ავიარაზმის წევრებთან ხშირმა ურთიერთობამ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ჯერ მფრინავი, შემდეგ კი ავიაკონსტრუქტორი გამხდარიყო. ფეხში დაჭრილი ქართველიშვილი ომიდან პორუჩიკის წოდებით დაბრუნდა.
1919 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ალ. ქართველიშვილი სასწავლებლად საფრანგეთს მიავლინა. ვაჟიშვილს დედაც თან გაჰყვა, მამა და მისი და თამარი კი თბილისში დარჩნენ. განშორება სამუდამო გამოდგა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ ოჯახის გაერთიანება ვეღარ მოხერხდა. ალექსანდრემ პარიზის ავიაციის უმაღლესი საინჟინრო ფაკულტეტი 1922 წელს დაამთავრა, იმავდროულად ელექტროტექნოლოგიის უმაღლეს სასწავლებელში ელექტროინჟინრის დიპლომიც მიიღო. სწავლის პერიოდში, თავი და დედა რომ ერჩინა, კერძოდ ასწავლიდა მათემატიკას, მონაწილეობდა საავიაციო და სატანვარჯიშო ასპარეზობებში.
ალ. ქართველიშვილი 1922-1927 წლებში ლეგენდალური ფრანგი ავაიტორის, ლუი ბლერიოს კომპანიაში გამომცდელად და ასევე თვითმფრინავების: “Bernard”-ისა და “Ferbois”-ის შექმნაზე მუშაობდა. ერთ–ერთი ფრენის დროს მომხდარი ავარიისას სერიოზული ტრავმა მიიღო და ამის გამო სამუდამოდ ჩამოშორდა მფრინავის პროფესიას. 1927 წელს მისი მონაწილეობით შექმნილმა თვითმფრინავმა – “Bernar-Ferbua V-2” დაამყარა სიჩქარის მსოფლიო რეკორდი. თავისუფალ დროს ფრანგ ინჟინრებთან ერთად მუშაობდა 50 მგზავრზე გაანგარიშებულ ტრანსატლანტიკური გიგანტური თვითმფრინავის პროექტზე პარიზი–ნიუ–იორკის რეისებისათვის, ამისთვის კი დიდი თანხები იყო საჭირო, სწორედ ამიტომ ურჩიეს ამერიკაში წასვლა, სადაც მის ნიჭს მეტი გასაქანი ექნებოდა.
ცნობილი გამომგონებლისა და ბიზნესმენის გრ. კობახიძის (ჯორჯ კობი) შუამდგომლობით, 1927 წელს ამერიკელმა მილიონერმა და ავიაციის მეცენატმა, ჩარლზ ლევინმა ქართველიშვილი სამუშაოდ მიიწვია ნიუ–იორკში. მათ ერთად ააწყვეს ხომალდი, რომელსაც “Uncle Sam”-ი უწოდეს, 1928 წელს ქართველიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო ცნობილ კომპანიაში “Fokker American Company”. 1931 წელს იგი შეხვდა თბილისელ ალექსანდრე სევერსკის, ცნობილი კორპორაცია “Seversky Aircraft Corporation”-ის პრეზიდენტსა და მთავარ ინჟინერს. სწორედ სევერსკის კორპორაციაში შექმნილი მოდელები იქცა ქართველიშვილის გამანადგურებლების წინამორბედად. 1939 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და ეწოდა “Republic Aviacorporation”, რომლის ვიცე-პრეზიდენტად და მთავარ ინჟინრად დაინიშნა ალ. ქართველიშვილი. ამ დროისთვის იგი უკვე მსოფლიოში აღიარებული ავიაკონსტრუქტორი იყო.
თბილისური დუეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკული საჰაერო ძალების წარმატების მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. მათი ერთობლივი შრომის შედეგია ყველაზე წარმატებული Republic P-47 “Thunderbolt” (“მეხთამფრქვევი”), რომელიც მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ–ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა და დიდი როლი შეასრულა გერმანიაზე გამარჯვებაში. არანაკლები წარმატება ხვდა წილად მის მიერ შემდგომ პერიოდში შექმნილ თვითმფრინავებს. ამერიკის ავიაციის ისტორიის კუთვნილებაა ალ. ქართველის მიერ შექმნილი თვითმფრინავები: F-84 “Thunderjet”, Republic F-105 “Thunderchif” და Republic F-84.
ავიამშენებლობისა და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისათვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ მეცნიერების ეროვნული მედალი. იგი არჩეული იყო მრავალი საერთაშორისო საავიაციო საზოგადოებისა და ასევე აშშ–ის საინჟინრო აკადემიის საპატიო წევრად.
ალ. ქართველიშვილს მემკვიდრე არ დარჩენია. მისი დისშვილია ცნობილი მხატვარი დიმიტრი ერისთავი.