ვანო მერაბიშვილი: მართალი ვიყავი მაშინაც და მართალი ვარ დღესაც
ვანო მერაბიშვილი 29 იანვარს გავრცელებული მუხროვანის აჯანყების კადრების შესახებ ფესბუქის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს. მერაბიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გამოძიების ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი. მისი თქმით ის მზადაა, ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს. მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ ის კამერების წინ თავისუფლად ლაპარაკობდა, მიანიშნებს იმას, რომ მერაბიშვილი მართალი იყო მაშინაც და მართალია დღესაც. „კვირა“ ყოფილი შს მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელიც მუხროვანის აჯანყების დროს არის გადაღებული. მე არ მრცხვენია, რომ ეს განცხადება გავაკეთე, პირიქით, ეს იყო ჩემი მოვალეობა და მინდა რამდენიმე მცირე დეტალს მივაქციო თქვენი ყურადღება.
იმ დროს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში გარდა ყველასთვის ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, მონაწილეობდა ორი რუსი “მრჩეველი”. ჩვენი ინფორმაციით, შეთქმულების ორგანიზატორებმა კვალის დაფარვის მიზნით მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის დავალებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ამის ინტერპრეტირებას, თითქოს ეს არის მკვლელობის შეკვეთა, ამ განცხადებიდან, რომელიც მოისმინეთ, ერთ საათში ამ დანაყოფის მიერ სხვადასხვა ფორმით დაკავებული იქნა მინიმუმ 15 ადამიანი. სოფელ მუხროვანთან დაკავებული იქნა რამდენიმე კაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი, თუ არ ვცდები 5-7 ადამიანი და არც ერთი მათგანის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ.
გარდა ამისა, დაკავებული იქნენ ორგანიზატორები და ასე შემდეგ. ამ დღიდან, სამი კვირის თავზე, გლდანში ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს ოთანაძე და მისი ჯგუფი. ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე. აქედან გამომდინარე, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს.
ყველა მასალა, როგორც პირველი, ასევე მეორე ოპერაციის შესახებ, რომელთა გადაბმასაც ცდილობენ პოლიტიკოსები, ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე მინდა მოვუწოდო პროკურატურას მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი.
მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე ღმერთმა მარგუნა 2008 წლის ომის დროს, კოდორის ოპერაციის დროს, ამ აჯანყების დროს ვყოფილიყავი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი და ჩემს სიმტკიცეზე იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გადარჩენა. მე არასოდეს არ გამიცია ბრძანება არცერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით და აქვე ჩანს, რომ ჩვენ ვეძებთ იმ ორი რუსი ოფიცრის, “მრჩევლის” გვამს, რათა დავამტკიცოთ მათი კავშირი, რადგან ჩვენი ინფორმაციით ისინი თავიდან მოიცილეს.
ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ განხორციელდა რამდენიმე ადამიანის დაკავება, ესენი არიან ადამიანები, რომლებაც მიატოვეს და გაიქცნენ მუხროვანის ბაზიდან 5-7 კილომეტრის მანძილის. ამ დანაყოფებმა, რომლებსაც მე ვუტარებ ინსტრუქტაჟს და დავალებებს ვაძლევ, ამ ადამიანებმა აიყვანეს სისხლის ღვრის გარეშე 7 კაციანი ჯგუფი. ეს ის რეინჯერები არიან რომლებიც წავიდნენ მუხროვანში და იქ დაიწყეს ამბოხი. ყველას ახსოვს მუხროვანის ხელმძღვანელის განცხადება, რომ გამოყვანონ ტანკები, თუმცა მათ, იმის გამო, რომ დიდი მასა ბატალიონისა არ დაემორჩილა, ვეღარ შეძლეს ქალაქში ამ ტანკების ჩამოყვანა.
მე, ერთის მხრივ ვთვლი, რომ ყველაფერში ვარ მართალი და მეორეს მხრივ მოვუწოდებ სამართალდამცავ ოგანოებს, ისინი არ არიან პოლიტიკოსები, იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები. ყველა მასალა და დოკუმენტი არის შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ ადამიანებიდან ბევრი დღესაც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტოში. დანარჩენები, ვინც არ მუშაობენ, საქართველოში არიან და ძალიან ადვილია ამის დადგენა.
მე მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც მოხდა ოთანაძის ჯგუფის დაკავება, მაშინ დაიჭრა თავად ოთანაძე და ამირიძე. მინდა გითხრათ, რომ პირადად მე ვთხოვე ჩემ მეგობარს გივი თარგამაძეს და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მოახდინა თუ არა გივი თარგამაძემ დარეკვა საავადმყოფოში და მოითხოვა თუ არა განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა ამ ადამიანებისათვის, არა მარტო იმიტომ, რომ ესენი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, არამედ იმიტომაც, რომ ეს ადამიანები იყვნენ მატარებლები ჩვენთვის ძალიან საინტერესო ინფორმაციის, თუ როგორ დაგეგმა რუსულმა სპეცსამსახურებმა ეს აჯანყება. მე ამით დღეს დავასრულებ.
მე მზად ვარ, როგორც ყოველთვის, ყველა შეკითხვას ვუპასუხო და ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდო სამართალდამცავ ორგანოებს, ვისაუბრო ყველა იმ დეტალზე, რომელიც სპეცოპერაციის დროს მოხდა. ის ფაქტი, რომ მე კამერების წინ თავისუფლად ვლაპარაკობდი, ეს მიანიშნებს იმას, რომ ვიყავი მართალი მაშინაც და მართალი ვარ დღესაც. მესმის, რომ ბევრისთვის შეიძლება მომგებიანია დღეს ამ განცხადების გაკეთება რაც გააკეთეს, იმ ფონე როდესაც დასასრულს უახლოვდება სასამართლო პროცესები ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მხარდაჭერების, სასამართლოს და საზოგადოების თვალში ჩვენ გამოვჩნდეთ როგორც მკვლელები და მკვლელობის შემკვეთები. მე ამაყად შემიძლია ჩავხედო თვალებში ჩემს მეგობრებს, ჩემს ოჯახის წევდებს და მე შემიძლია ვიამაყო, რომ მომიწია ასეთ გადამწყვეტ მომენტში ყოფნა ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე და ასეთი წვლილი შემეტანა იმისათვის, რომ დღეს საქართველო არის ერთიანი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ნაკლებად ემუქრება საფრთხე რუსეთის ზეწოლისაგან, ვიდრე ეს დაემუქრა თუნდაც უკრაინას ან სხვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. დიდი მადლობა!“, – აღნიშნულია მერაბიშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.