გოგაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილი კანონმორჩილი რომ ყოფილიყო, ძალოვან უწყებებს მიაწვდიდა ინფორმაციას ჩატაევის თბილისში ყოფნის შესახებ, ეს არ გააკეთა
„ჩვენ მიერ ამოღებულ მტკიცებულებებში იყო აუდიოჩანაწერი, რომელშიც ახმედ ჩატაევი და საველე მეთაური აბუ ჯიხადი საუბრობენ, რომ თურქეთის ან საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტი უნდა განეხორციელებინათ.
ახმედ ჩატაევი აბუ ჯიხადს ტერაქტის მოსაწყობად საქართველოს სთავაზობდა“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე, იოსებ გოგაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გამოცემას ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს, სადაც დეტალურად საუბრობს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩისა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციის შესახებ.
როგორც იოსებ გოგაშვილი ინტერვიუში აღნიშნავს, ახმედ ჩატაევი საქართველოში ისე ჩამოვიდა და საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ სუს-ის თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ და ამის შესახებ ინფორმაცია მათ მოგვიანებით შეიტყვეს.
თუმცა, გოგაშვილის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევმა, რომელიც მსოფლიო ტერორისტთა სიის პირველ ხუთეულში იმყოფებოდა, საქართველოში პირველი სატელეფონო ზარი სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილთან განახორციელა.
„საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ, ახმედ ჩატაევმა პირველივე ზარი განახორციელა მობილურ ტელეფონზე, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე იყო გაფორმებული. ეს ტელეფონი ჰქონდა უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილს და ჩატაევი პირადად მას ესაუბრა, რის შემდეგადაც ამავე ტელეფონით თემირლან მაჩალიკაშვილმა ზარი განახორციელა თავის მამასთან – მალხაზ მაჩალიკაშვილთან. ჩვენ, ასევე, დავადგინეთ ის ავტომობილიც, რომლითაც ჩატაევი თბილისში ჩამოიყვანეს და იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც მას აქ ჩამოსვლაში დაეხმარნენ. ესენი არიან: ბერძენიშვილი, იდოიძე, გორნაკაშვილი და ალდამოვი. თემირლან მაჩალიკაშვილი იმ ბინაში არაერთხელ იმყოფებოდა და იგი კანონმორჩილი მოქალაქე რომ ყოფილიყო, ძალოვან უწყებებს მაშინვე მიაწვდიდა ინფორმაციას მსოფლიო ტერორიტების ხუთეულში შემავალი ჩატაევის თბილისში ყოფნის შესახებ, მაგრამ არც მაჩალიკაშვილმა და არც სხვებმა ეს არ გააკეთეს, რადგან ჩატაევისა და მისი ტერორისტული დაჯგუფების თანამზრახველები იყვნენ“, – აცხადებს იოსებ გოგაშვილი.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ინტერვიუში იმ მუქარისშემცველ აუდიფაილების შესახებ საუბრობს, რომელიც ჩატაევმა საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენი ხნით ადრე გაავრცელა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით პანკისის ხეობის ერთ-ერთი მკვიდრი, აიუფ ბორჩაშვილი და აჭარის რამდენიმე მცხოვრები დავაკავეთ, რომლებიც დღემდე სასჯელს იხდიან. ახმედ ჩატაევი ჩვენგან სწორედ მათ გათავისუფლებას მოითხოვდა. მუქარის აუდიოფაილებში ამბობდა – ქართული კანონმდებლობა თქვენ უკეთესად იცით და მოიფიქრეთ, ეს ადამიანები ციხიდან როგორ უნდა გაუშვათ, თუ არადა საქართველოში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარება სამუდამოდ დაივიწყეთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ რა სამიზნეები შეიძლებოდა, აერჩიათ ტერორისტებს. სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩატაევი ჩამოვიდა, თბილისში ორი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიება იყო დაგეგმილი – „აბრეშუმის გზის“ ფორუმი და „ევროვიზია ჯუნიორი“, ანუ საბავშვო “ევროვიზია”. ყველანაირი ლოგიკით, ტერორისტებისათვის გაცილებით მომგებიანი სამიზნე სწორედ ევროვიზია იყო, რომელშიც არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ და 2 ათასამდე ადამიანი ესწრებოდა. წარმოიდგინეთ, რა დატრიალდებოდა თბილისის ცენტრში, როცა კბილებამდე შეიარაღებული 6-7 ტერორისტი შაჰიდის ქამრებით შევარდებოდა საკონცერტო დარბაზში და სისხლის გუბეებს დააყენებდა, ამ ტრაგედიას ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებიდით, ქვეყანა კი უფსკრულში გადაეშვებოდა და ათწლეულების განმავლობაში შეწყვეტდა განვითარებას“, – აცხადებს იოსებ გოგაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, სუს-ის თანამშრომლებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ბინაში ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა.
გოგაშვილი განმარტავს, რომ სპეცოპერაციამდე სუს-ის თანამშრომლებმა შოაიფ ბორზიევი დააკავეს, თუმცა მან საკუთარი გვარ-სახელი დაუმალა და სულ სხვა პირად გააცნო თავი.
მისივე თქმით, ბორზიევის დაკითხვის შემდეგ, სუს-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩეტარებინათ.
„ბორზიევს ვუთხარით, რომ მასთან ერთად უნდა შევსულიყავით ბინაში და იქ მყოფი პირები უნდა გადაგვემოწმებინა, რაზეც იგი ძალიან დაიძაბა, სტრესულმა კანკალმა აიტანა და გვეუბნებოდა – იქ არ შეხვიდეთ, თორემ დაგხოცავენ და მეც მომკლავენო. ამის შემდეგ დავრწმუნდით, რომ იმ ბინაში კარგად მომზადებული ბოევიკები იმყოფებოდნენ. წავედით ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და ბინაში მყოფ პირებს პოლიციის სახელით მოვთხოვეთ, კარი გაეღოთ, რასაც მათი მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია ჩაგვეტარებინა“, – აცხადებს იოსებ გოგაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.