რა კავშირია მამუკა ხაზარაძესა და ფოთის პორტთან დაკავშირებული სკანდალური ნებართვის გამცემ კაკაურიძეს შორის?
ფოთის პორტთან დაკავშირებული სკანდალის უცნობი დეტალები…
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ამ საქმის რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და დოკუმენტები, რომლებიც საერთო ჯამში ნათლად დაგვანახვებს, რა მოხდა რეალურად ფოთის პორტის გაფართოების ნებართვასთან დაკავშირებით. რომელი გავლენიანი ბიზნესმენების ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს ვინმე გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილებით? ვინ იდგა თავად კაკაურიძის უკან და რაც მთავარია – ვისი რეკომენდაციით ჩამოიყვანეს რუსეთიდან საქართველოში ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია, რომლის მინისტრობის დროსაც დაიწყო ფოთის პროექტზე ფარული მოლაპარაკებები? მოდი, მივყვეთ თანმიმდევრობით…
2018 წლის ივლისში საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე საზოგადოებას ყველასთვის უცნობი კადრი, გიორგი ქობულია წარუდგინეს, რომელიც მანამდე ბიზნესსაქმიანობას მოსკოვში ეწეოდა. დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ქობულიას ირგვლივ სკანდალი აგორდა იმის გამო, რომ თანამდებობაზე ახლად დანიშნულმა მინისტრმა შვებულება აიღო და მოსკოვში გაფრინდა.
ლოგიკურად გაჩნდა კითხვა – ვისი ინიციატივით ჩაამოიყვანეს ქობულია საქართველოში და რატომ ჩააბარეს ქვეყნის ერთ-ერთი სტრატეგიული უწყება? „პრაიმტაიმს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან საკუთარი წყარო უყვება, რომ გიორგი ქობულიას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნის რეკომენდაცია „ჰანიველ პარტნერსის“ მფლობელს და პატარკაციშვილების აქტივების განმკარგავ ბიზნესმენს, ირაკლი რუხაძეს ეკუთვნის, რომელთანაც ქობულიას დიდხნიანი მეგობრობა აკავშირებს. ბიზნესწრეებში კი საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ უკან, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსგან ფოთის პორტის გაფართოებას მოითხოვდა, სწორედ ირაკლი რუხაძის ქონებრივი ინტერესი დგას. „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა „ეიპიემ ტერმინალსა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის მიმოწერა, რომელიც სწორედ ქობულიას გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე თარიღდება, სადაც სწორედ ფოთის ნავსადგურის გაფართოებაზეა საუბარი…
მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნულმა გიორგი ქობულიამ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის, გრიგოლ კაკაურიძის ხელით ფარულად, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე დაიწყო ფოთის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხის მოგვარება მისი ლობისტის სასარგებლოდ.
შეიძლება ითქვას, ამ ამბავმა ფარდა ახადა ხელისუფლების ზურგს უკან მიმდინარე კულუარულ თამაშებს, ადგილობრივ ბიზნესმენთა ინტერესებსა და გავლენებისთვის ბრძოლას…
საჯარო რეესტრის ამონაწერით ადვილია იმის დადგენა, სად მდებარეობს ფოთის პორტის შესაძლო განვითარებისთვის საჭირო მიწები, რომლის სამშენებლო პირობების დადგენასაც ითხოვდა „ეიპიემ ტერმინალსი“. რეესტრში იძებნება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომლებიც ქალაქ ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონაშია რეგისტრირებული.
მიწების რეგისტრაციის თარიღებია 11, 12 და 16 აპრილი, ხოლო სახელმწიფოს სახელზე მათი რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია ორი ბრძანება – #1/4-166, ხელმოწერილი 8 აპრილს და #1/4-177, ხელმოწერილი 11 აპრილს. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდში კულმინაციას მიაღწია ინფორმაციამ გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რაც დაგვირგვინდა მისი შეცვლით 2019 წლის 19 აპრილს. ზუსტად ერთი დღით ადრე, 2019 წლის 18 აპრილის კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ წერილით მიმართავს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისთვის წინაღობა აღარ არსებობს და ვინაიდან აღნიშნული ობიექტის ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მინიჭებული აქვს საკადასტრო კოდები, შესაბამისად, „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ითხოვს მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას.
მოგვიანებით გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ის კი არ გადადგა, არამედ მოხსნეს. წყარო გვიყვება, რომ მინისტრი დაწყებული პროცესის მოსწრებას ცდილობდა და მიუხედავად იმისა, რომ მოხსნეს, მის მიერ ამუშავებულმა ბიუროკრატიულმა მანქანამ, სანამ დამუხრუჭდა, ინერციით მოახერხა სკანდალური დოკუმენტის გამოცემა ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის სასარგებლოდ. აღდგომისა და სხვა დასვენების დღეების გამოკლებით, ახალი მინისტრის დანიშვნიდან მერვე სამუშაო დღეს, 2019 წლის 2 მაისს გამოიცა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება „ქალაქ ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ“.
რატომ ჩქარობდა გიორგი ქობულია? რატომ ხდებოდა რეკორდულად მოკლე დროში ბიუროკრატიული ეტაპების გავლა? ამ კითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, სწორედ ქობულია-რუხაძის გარიგებაში უნდა ვეძებოთ.
ცხადია, რომ მამუკა ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე გიორგი ქობულიას მინისტრობიდან ვერ მოხსნიდა. გამოდის, რომ ივანიშვილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქობულია ნეგატიურ როლს თამაშობდა ირაკლი რუხაძის ინტერესების სასარგებლოდ. ეს იმ ფონზე, როდესაც მთავრობა შესული იყო ანაკლიის კონსორციუმთან და უმსხვილეს ბანკებთან არსებით მოლაპარაკებებში, სადაც ორივე მხარის ინტერესებს უდიდესი იურიდიული კომპანიები იცავენ. სადაც მნიშვნელოვანია, რომ პროცესი დასრულდეს გამჭვირვალედ და პირობების შეუსრულებლობის ბრალდებას საფუძველი არ გააჩნდეს.
ამ ვითარებაში, ივანიშვილმა მოხსნა კერძო ინტერესების ლობისტი მინისტრი, ხოლო ახალმა მინისტრმა გააუქმა გაცემული დოკუმენტი მასში დარღვევების აღმოჩენის საფუძვლით. ამ ფაქტმა ერთი მხრივ აჩვენა, რომ მიმდინარე ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული ანაკლიის პორტის საკითხის გარკვევაა და კონსორციუმს აქვს ყოველგვარი წინაპირობა და მხარდაჭერა, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, თუმცა მეორე მხრივ, ხელისუფლებაში არსებული საკადრო პრობლემები, იგივე გიორგი ქობულია დიდი ზარ-ზეიმით დაინიშნა გასულ ზაფხულს ეკონომიკის მინისტრად. უმსხვილესი და საკვანძო სამინისტრო ჩაბარდა ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე გაუცხოებული იყო ქართულ რეალობასთან და ბოლომდე ვერც შიდა სპეციფიკაში გაერკვა. თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ საკუთარი ლობისტის ინტერესი ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ბიუროკრატიული პროცესი ამ მიზნით მშვენივრად გამოიყენა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე, თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა. ამასთანავე, მისი განმარტებით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას, ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელთან დაკავშირებითაც, პროცესი დაწყებულია მანამ, სანამ ის მინისტრად დაინიშნებოდა.მიუხედავად ამისა, ხარვეზიანი და სკანდალური დოკუმენტით პოლიტიკური სარგებლის ნახვა სცადა ანაკლიის კონსორციუმმაც, რომელმაც, ბუნებრივია, შანსი არ გაუშვა ხელიდან, რომ გრიგოლ კაკაურიძის მიერ გამოცემული ბრძანება სახელმწიფოს მიერ ანაკლიაზე მორიგ შეტევად გაესაღებინა.
სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც 29 მაისს, საღამოს, ინტერნეტით გავრცელდა კომპანია „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მოკლე და მშრალი განცხადება ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ:
„ფოთი, საქართველო-ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქ. ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს”.
აღნიშნულ განცხადებას იმავე საღამოს მოჰყვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადება, რომელმაც ამ ინფორმაციას შოკისმომგვრელი უწოდა და გადადგმული ნაბიჯი მის მიმართ მორიგ ხელისშეშლად მიიჩნია.
ცხადია, შეშფოთების უფლება მას ჰქონდა „ეიპიემის“ განცხადების საფუძველზე, თუმცა კითხვას ბადებს ის ყოვლისმომცველი საინფორმაციო შტურმი და ხმაურის მასშტაბი, რაც „ანაკლიამ მოაყოლა „ფოთის განცხადებას. არადა კონსორციუმს შესაბამის უწყებებთან მარტივად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეეძლო გაერკვია, რეალურად რა ხდებოდა ფოთთან მიმართებაში.
სიტუაციის გარკვევას ანაკლიის კონსორციუმმა საჯარო თავდასხმის რეჟიმი არჩია… ოპოზიცია მამუკა ხაზარაძის მიმართ პირად ზეწოლაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა…
ცნობილია, რომ ანაკლიის პროექტზე აქტიური სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, მათ შორის ინვესტორ ბანკებთან სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს, როგორ გადაწყდება ანაკლიაში ტვირთების გარანტირებული უზრუნველყოფის საკითხი, რაც წარმოადგენს ძირითად სადავო საკითხს.
და ამ გადამწყვეტ მომენტში ჩნდება „ეიპიემ ტერმინალსის“ სიცრუის შემცველი განცხადება, რომ თითქოს მან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა მიიღო. და რაკი სიცრუე დიდხანს არ დაიმალებოდა, გამოდის, რომ მთელი ამ ამბის ერთ-ერთი მიზანი ანაკლიის რეაქციის გამოწვევა იყო, ხოლო რაკიღა ანაკლიამ ბუნებრივზე ბევრად გადაჭარბებული ხმაური ატეხა, გამოდის, რომ მასაც საკმაოდ აწყობდა ეს განცხადება, რათა კიდევ ერთხელ წარმოეჩინა თავი მსხვერპლად. შეიქმნა ვითარება, სადაც კონკურენტები სიტუაციური მოკავშირეები აღმოჩნდნენ. ფოთი ხელს უშლის ანაკლიას, ანაკლიას კი შანსი ეძლევა, თუკი პროექტს წარმატებით ვერ განახორციელებს, ეს მთავრობას დააბრალოს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავის დროზე, კაკაურიძემ, ანაკლიასთან დაკავშირებითაც ანალოგიური, ანუ ხარვეზიანი ნებართვა გასცა, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს იმ ვერსიას, რომ ფოთის პორტის სკანდალის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი, ანუ საინფორმაციო სარგებლის მიმღები მამუკა ხაზარაძე მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებოდეს კაკაურიძესთან.