„ოცნების“ ჩათში შეცდომით ჩაგდებული მესიჯბოქსი – ვინ გაახმოვანა ბახტაძის იდეა?

ეს ამბავი გასულ წელს, ჯერ კიდევ მაშინ მოხდა სანამ მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლებდა. „პრაიმტაიმს“ მთავრობის კანცელარიის ყოფილი თანამშრომელი უყვება „ქართული ოცნების“ საერთო ჩათში შეცდომით ჩაგდებული იმ მესიჯბოქსის შესახებ, რომელმაც პარტიაში სერიოზული შიდა კონფლიქტი გამოიწვია და, საბოლოოდ, საკადრო ცვლილებებითაც კი დასრულდა.
მოკლედ, როგორც ყველასთვის ცნობილია, ფინანსთა მინისტრობის დროს მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობის დაძლევის ინიციატივით გამოვიდა და ღიად გააკრიტიკა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები, რითიც მაშინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგაც წავიდა. პოლიტკურ კულუარებში ყველასთვის ცნობილია, რომ კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის ტანდემი ღიად ლობირებდა ბანკებს, რასაც მათ მიერ მიღებული არაერთი სადავო გადაწყვეტილებაც მოწმობს.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ახალ ინიციატვაზე საგანგებოდ შემუშავებული მესიჯბოქსი, რომელიც დეპუტატებს უნდა გაეხმოვანებინათ, პარტიის საერთო ჩათში იმაზე ადრე ჩავარდა, ვიდრე განცხადებას თავად ბახტაძე გააჟღერებდა.
მთავარი მესიჯი:
„საბანკო სისტემა ეკონომიკის მუხრუჭი კი არ უნდა იყოს, არამედ – ბიზნესის პარტნიორი და გამწევი ძალა“.
ქვემესიჯები:
„ჩვენი მოქალაქეები უნდა მუშაობდნენ არა მხოლოდ ბანკისთვის, არამედ – ოჯახისა და თავისი ბიზნესის განვითარებისთვის“.
„ქვეყანა და ადამიანი არ უნდა ემსახურებოდეს ბანკს, არამედ პირიქით – ბანკი უნდა ემსახურებოდეს ქვეყანასა და ადამიანს“.
„ბანკის თვითმიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ მოგების მიღება, ბანკი უნდა ანვითარებდეს ქვეყნის ეკონომიკიას და ხელს უწყობდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“.
საერთო ჩათში ნაჩქარევად და შეცდომით ჩაგდებული ეს მესიჯბოქსი ხელმისაწვდომი გახდა გიორგი კვირიკაშვილისთვის, რომელიც, პარალელურად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
ამბავი პარტიის შიგნით დიდი სკანდალის მიზეზი გახდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პერიოდში თანამდებობა დაატოვებინეს „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის უფროსს, საშა კაცმანს, დეპუტატებს კი კვირიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით აღნიშნული მესიჯბოქსის გახმოვანება აკერძალათ.
მმართველი გუნდის წევრებმა პრემიერმინისტრს ანგარიში მართლაც გაუწიეს, თუმცა არა ყველამ. ერთადერთი დეპუტატი, რომელიც მაშინ კვირიკაშვილის წინააღმდეგ წავიდა და ბახტაძის ინიციატივას ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ლევან გოგიჩაიშვილი გახლდათ. არადა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გოგიჩაიშვილი პარლამენტში სწორედ კვირიკაშვილის კვოტით მოხვდა.
„ეს გახლავთ ძალიან სერიოზული ინიციატივა მამუკა ბახტაძის. ჩვენ ველოდებით ფინანსთა მინისტრს პარლამენტში, სადაც მეტ დეტალს მოვისმენთ ინიციატივის შესახებ… ნებისმიერი ორგანიზაცია, ეს იქნება ბანკი, მიკროსაფინანსო თუ სხვა, რომელიც საქმიანობს ფინანსურ სექტორში, მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ. ცვლილებების პაკეტი შემუშავებულია ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან სრულ თანხვედრაში, ჩვენ ამ პროცესში მხარს გვიჭერს მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი… ჩვენ მოვუწოდებთ ბანკებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას და თავადაც გადადგან ნაბიჯი პროცესის გაჯანსაღებისკენ, რაც ხელს შეუწყობს როგორც მათ საქმიანობას, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენი მოქალაქის ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება“, – აცხადებდა ლევან გოგიჩაიშვილი.
მაშინდელი ფინანსთა მინისტრის მიმართ დეპუტატმა საქებარი სიტყვები არც სოციალურ ქსელში დაიშურა.
„არ მახსენდება შემთხვევა საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში მინისტრი საკუთარი სურვილით და ინიციატივით მოდიოდეს პარლამენტში. მსგავსი ინიციატივისთვის პროცედურა რეგლამენტშიც კი არ არის გაწერილი. მომწონს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება. ბატონო მინისტრო, გელოდებით პარლამენტში“- წერდა დეპუტატი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მალე ამ ყველაფერს დიდი საკადრო ცვლილებები მოჰყვა. ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მოწონებული მამაუკა ბახტაძე პრემიერ მინისტრი გახდა, გიორგი კვირიკაშვილი კი სახლში გაუშვეს.
რამდენიმე თვეში სახლში არა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან თავად ლევან გოგიჩაიშვილს მოუწია წასვლა, რის შემდეგაც ის უკვე მამუკა ბახტაძესაც დაუპირისპირდა და პრემიერ მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სადღეგრძელო უწოდა, სხდომათა დარბაზი კი პროტესტის ნიშნად დატოვა.
„როდესაც მოდის პრემიერ-მინისტრი და მის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, არსებობს რეგლამენტის და კონსტიტუციის მაღალი ზოგადი პრინციპები. ​ინტერპელაცია მესმის, მაგრამ თვითონ უნდა უჩნდებოდეს სურვილი, რომ მე მოვედი საქართველოს პარლამენტში და გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხებსო. როდესაც ვხედავთ ასეთ უპასუხისმგებლობას, გაუბედაობასა და სადღეგრძელოებს, ადამიანს პროტესტი გიჩნდება“ , – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა მამუკა ბახტაძის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ „ქართული ეკონომიკის გაჯანსაღების“ მთავარ აქტორად მიაჩნდა. ახლა კი იგივე დეპუტატი მის მიერ რამდენიმე თვის წინ ნაქებ ბახტაძეს უპირისპირდება და კვლავ კვირიკაშვილის ეკონომიკურ პოლიტიკას იწონებს და უფრო მეტიც, ხელისუფლებას მამუკა ხაზარაძის ამოჩემებაში ადანაშაულებს.
უფრო მეტიც, ახლა ის აცხადებს, რომ მიმდინარე პრობლემები არ იყო მაშინ, როდესაც პრემიერის თანამდებობას გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა, რადგან მაშინ არ იყო მმართველობის პრობლემა, ახალი პრემიერის დანიშვნის შემდეგ კი დაიწყო ქვეყანაში სერიოზული მმართველობის პრობლემა.
„როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ბუტაფორიული პრემიერის საშუალებით შეიქმნა ის კომფორტი, რომელიც არ ჰქონდა პრემიერ კვირიკაშვილის დროს, შესაბამისად, დაიწყო ყველა საკითხში ჩარევა და მასთან ერთად ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც პრობლემურია როგორც ეკონომიკისთვის, ისე – საზოგადოების უსაფრთხოებისთვის, რადგან ეს ადამიანები არიან ოდიოზურები და შემჩნეულები არიან არაერთ ცუდ საქციელში, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით“, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები