სახალხო დამცველი მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

2019 წლის 31 მაისს, საქართვლოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე დასავლთ საქართველოს მუფტის, ბეგლარ ქამაშიძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელს, ტარიელ ნაკაიძეს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი თემში არსებული გამოწვევებით დაინტერესდა და თავის მხრივ, რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატსა და საქმიანობაზე ისაუბრა.
როგორც აღინიშნა, აჭარაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კვლავ მეჩეთის მშენებლობა წარმოადგენს. წლებია, ბათუმში არსებული მეჩეთი მლოცველებს ვეღარ იტევს და მათ დიდი ნაწილს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში, ქვაფენილზე უწევს ლოცვის აღვლენა.
სახალხო დამცველმა დაათვალიერა ტერიტორია, რომელიც მუსლიმმა თემმა ახალი მეჩეთის ასაშენებლად შეიძინა, სადაც ამჟამად მხოლოდ მცირე ხის კონსტრუქცია დგას და მეჩეთის აშენების ნებართვის საქმეს სასამართლო განიხილავს.
მუსლიმთა თემის წუხილი განათლების საკითხსაც შეეხება. თემის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსგან სპეციალური პროგრამების შემუშავებას ითხოვენ, რათა მუსლიმ ახალგაზრდებს საშუალება ქონდეთ, რელიგიური განათლება საქართველოში მიიღონ და ამ მიზნით სხვა ქვეყნებში არ მოუწიოთ წასვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები