“2009 წლამდე სახელმწიფო საზღვრის შიგნით, 500-მეტრიან ზოლში, არაფრის ყიდვა შეიძლებოდა, სააკაშვილმა ეს კანონი 2009 წელს გააუქმა და დღეს სახელმწიფო საზღვარი გაყიდულია”

„2009 წლამდე სახელმწიფო საზღვრის შიგნით, 500-მეტრიან ზოლში, არაფრის ყიდვა შეიძლებოდა, სააკაშვილმა 2009 წელს კი ეს კანონი გააუქმა და დღეს გარდაბანსა და სხვა რაიონებში გვაქვს მონაკვეთები, სადაც სახელმწიფო საზღვარი გაყიდულია“, – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს და გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დავით-გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.
ექსპერტი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს პირველი პირი – ილხამ ალიევი ბრძენი ადამიანია, თუმცა მას ძალიან უკვირს ის ფაქტი, რაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ხდება.
მამუკა არეშიძეს მიაჩნია, რომ აზერბაიჯანს ვიღაც აგულიანებს.
„ის, რაც ხდება დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველაფერი ქართველების უნიათობისა და “ფეხებზემკიდიაობის” ბრალია! 1921 წელს ერთმა ასეთმა ქართველმა იფიქრა, რომ რაკი ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, საინგილო და დავით-გარეჯის ნაწილი ვისი იქნებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, 1938 და 1942 წლებშიც გაგრძელდა და განმეორდა. 1991 წელს, კი როცა საზღვრის დამდგენი კომისია შეიკირიბა, ისეთ დოკუმენტზეა ხელი მოწერილი, აშკარა ღალატი სახეზეა. არასრულფასოვანი, სასაცილო რუკებით არის განსაზღვრული საზღვარი. რაც შეეხება იმას, თუ რა ბერკეტი გვაქვს ჩვენ და რა შეგვიძლია, გავაკეთოთ – ჩვენივე უგულისყურობითა და უნიათობით მოხდა ისე, რომ აზერბაიჯანმა კავკასიაში თავი ჰეგემონ სახელმწიფოდ იგრძნო. ოფიციალურ აზერბაიჯანს გაუჩნდა პოლიტიკური ამბიციები, რომ მის გარეშე ჩვენ არავინ ვართ და ასე შემდეგ. არადა, საქართველოს ხელში უდიდესი ბერკეტია. ყველამ კარგად გაიგოს, აზერბაიჯანული ენერგომატერებლები ევროპაში საქართველოს გარეშე ვერ გავა! ირანს აზერბაიჯანის გაზი და ნავთობი არაფერში სჭირდება, რადგან მთელი ირანი გაზსა და ნავთობში იხრჩობა, სომხეთზე აზერბაიჯანული ენერგომატერებლების გატარება გამორიცხულია; დარჩა საქართველო და რუსეთი. თუ ბაქო რუსეთიდან შეეცდება თავისი ენერგომატარებლების ევროპაში გატანას, მაშინ მას მოუწევს კაბალური ფასის გადახდა, რაც სიგიჟეა. ასე რომ, საუკეთესო და უნივერსალური მარშრუტი აზერბაიჯანული ნავთობისთვის საქართველოა. ილხამ ალიევი ბრძენი მმართველია და ძალიან მიკვირს, რატომ აკეთებს იმას, რასაც დავით-გარეჯში აკეთებს! ასეთი საქციელით სიტუაცია ჩიხში რატომ შეჰყავს, ვერ ვხვდები! შთაბეჭდილება მრჩება, რომ აზერბაიჯანს ვიღაც აგულიანებს“, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები