მამუკა არეშიძე: თემირლანი ჩატაევის ახლო წრეს წარმოადგენდა
„თემირლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე თურქეთიდან თანხები ირიცხებოდა. მაგრამ როცა ხალხს ეუბნებიან, რომ ეს ფული მის სამკურნალოდ ირიცხებოდა, ეს უკვე არის საზოგადოების „დაბოლების“ მცდელობა“, – აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ექსპერტი ინტერვიუში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს თემირლან მაჩალიკაშვილსა და ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ ახმეტ ჩატაევთან კავშირს.
მისივე განმარტებით, თემირლანი ჩატაევის ახლო წრეს წარმოადგენდა.
„ჩატაევის ლეპტოპიდან, რომელიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე იპოვეს, ამერიკელებმა ამოიღეს სხვადასხვა სატელეფონო ნომერი და აღმოჩნდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის ნომერი ჩატაევის გარემოცვის წევრებს შორის ყველაზე უფრო ხშირად იყო დაფიქსირებული.
თემირლანი ჩატაევის ახლო წრეს წარმოადგენდა, რადგან ჩატაევს ცოლად ჰყავდა მისი უახლოესი ნათესავი, ეს არის ფაქტები!
ფაქტია ისიც, რომ თემირლანის ანგარიშზე თურქეთიდან თანხები ირიცხებოდა. მაგრამ როცა ხალხს ეუბნებიან, რომ ეს ფული მის სამკურნალოდ ირიცხებოდა, ეს უკვე არის საზოგადოების „დაბოლების“ მცდელობა.
ნურავინ შეეცდება ხალხის მოტყუებასა და იმის თქმას, თითქოს, თემირლანმა არაფერი იცოდა! შეყვარებულისადმი გაგზავნილ წერილშიც კარგად ჩანს, რომ ყველაფრის აზრზე იყო და ნუ ცდილობენ, 19 წლის ბიჭი გონებაშეზღუდულად და უვიცად წარმოაჩინონ! პანკისის ხეობაში ყველამ ძალიან კარგად იცის, სირიაში ჩასულ მებრძოლებთან ვის რა კავშირი ჰქონდა!“, – აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.