მონტენეგროს არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალება და კრემლის წარუშლელი კვალი
გაშიფრული გრუ-ს ოფიცრები მონტენეგროში გადატრიალების მოწყობის საქმეში
9 მაისს, მონტენეგროს უმაღლესმა სასამართლომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ-ს) ოფიცრებს, ედუარდ შიშმაკოვსა და ვლადიმერ პოპოვს თავისუფლების 15 და 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად ედებათ 2016 წელს მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მოწყობა.
განაჩენი, გრუ-ს ოფიცრების დაუსწრებლად გამოცხადდა და ეს გასაკვირი არ არის – მათი ადგილსამყოფელი უცნობია. სასამართლომ მთავრობის დამხობის მცდელობის საქმეში აგრეთვე დამნაშავედ სულ 13 პირი სცნო, მათ შორის – პრორუსი ოპოზიციური პოლიტიკოსები – ანდრია მანდიჩი და მილან კნეჟევიჩი, ყოფილი სერბი გენერალი – ბრანისლავ დიკიჩი და სხვები.
ისტორია, რომელიც შეიძლებოდა, მონტენეგროსთვის ტრაგიკულად და კატასტროფულადაც კი დასრულებულიყო, 2016 წელს განვითარდა. მონტენეგროს ხელისუფლებამ და ხალხმა ნატო-ში შესვლის მტკიცე სურვილი გამოხატა.
2016 წლის 17 ოქტომბერს მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები უნდა გამართულიყო. გრუ-ს რუსი ოფიცრების დანაშაულებრივი სქემის თანახმად, სწორედ ამ დღეს მოხდებოდა სისხლისღვრა, თუმცა სპეცსამსახურებმა სწორედ ამ დღეს, 2016 წლის 17 ოქტომბერს, დააკავეს შეთქმულების მთავარი მოქმედი პირების უმეტესობა და ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, რუსმა ოფიცრებმა მონტენეგროს მთავრობის დასამხობად, პოდგორიცაში მდებარე პარლამენტის შენობაში შესაჭრელად და მონტენეგროს ნატო-ში შესვლის შესაჩერებლად სერბი ნაციონალისტი, გამოცდილი მებრძოლი ალექსანდერ „სასა“ სინჯელიჩი გადაიბირეს. მთლიანობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში 500 პირამდე უნდა ჩართულიყო, მათ შორის იყვნენ სერბეთიდან ყოფილი სამხედრო პირები, მონტენეგროს პოლიტიკური ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელიც.
გეგმის მიხედვით, სცენარი შემდეგნაირად უნდა განვითარებულიყო – ბოევიკების ერთი ჯგუფი პარლამენტში უნდა შეჭრილიყო, მეორე ჯგუფი – ოპოზიციის მომხრეების აქციას შეერეოდა, მესამეს კი პოლიციის ბლოკირება უნდა მოეხდინა. დათქმულ დროზე, მეორე ჯგუფს მომიტინგეებში არეულობა უნდა მოეწყო, პირველი ჯგუფი ხალხს ცეცხლს გაუხსნიდა, მესამე ჯგუფი კი მონტენეგროს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, მილო ჯუკანოვიჩს მოკლავდა. ამჟამად ჯუკანოვიჩი მონტენეგროს პრეზიდენტია.
როგორც გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს დადგინდა, „გრუ“-მ სინჯელიჩს პოლიციის 50 უნიფორმისა და შესაბამისი პოლიციური აღჭურვილობის შეძენა დაავალა, რაც მონტენეგროს პარლამენტში შეჭრის დროს და პოლიციის ოფიცრების მოსაკლავად გამოადგებოდათ.
როდესაც მონტენეგროს სპეცსამსახურებმა შეთქმულების წევრები დააკავეს და მათი სქემა გაშიფრეს, პროკურატურამ ამ აღჭურვილობისა და სხვადასხვა მოწყობილობების ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა. მოსამართლე სუზანა მუგოზამ ვერდიქტის გამოცხადებისას „გრუს“-ს ოფიცრებთან დაკავშირებით თქვა: „ისინი შეეცადნენ იმდენი ადამიანის რეკრუტირება მოეხდინათ, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა, ცდილობდნენ შეეცვალათ ამომრჩევლის ნება და შეეჩერებინათ მონტენეგროს გაწევრიანება ნატოში.“სინჯელიჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც არშემდგარი გადატრიალების შემდეგ, თვეების განმავლობაში, გამოძიებას და სასამართლოს ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენებებს აძლევდა. მან და სხვა განსასჯელებმა დაწვრილებით აღწერეს „გრუ“-ს მიერ მათი „დავერბოვკების“ სქემა და ურთიერთობის დეტალები დავალების შესრულებისთვის. აგრეთვე სინჯელიჩმა აღიარა „გრუ“-ს მისი ხელმძღვანელებისგან თითქმის 200 000 ევროს მიღება ოპერაციის დაფინანსების მიზნით. ცნობილია, რომ სინჯელიჩი, „გრუ“-ს ოფიცრების მიწვევით, მოსკოვშიც იმყოფებოდა. მედიაში გავრცელდა მისი და საქმეში ჩართული სხვადასხვა პირების აუდიოსაუბრებიც, მიმოწერაც და სხვა.
აღსანიშნავია, რომ სინჯელიჩმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ „გრუ“-ს ოფიცრები ევაჭრებოდნენ და უთვალავ შეცდომას უშვებდნენ იმ პირებთან კონტაქტისას, რომლებიც მათზე მუშაობდნენ. დაშვებულ შეცდომებს შორის იყო შიშმაკოვის მიერ ნამდვილი სახელის გამოყენება მოსკოვიდან სინჯელიჩისთვის ანაზღაურების გადახდისას, ისეთი ფულის გამოყენება, რომლის კვალი რუსულ ბანკამდე მიდიოდა და ჯგუფის წევრების ადვილად დასადგენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენება. ამოღებულია ის ქვითარიც კი, რომლითაც მტკიცდება რომ შიშმაკოვმა სინჯელიჩს მოსკოვიდან ფულის ნაწილი Western Union-ის მეშვეობით გაუგზავნა. ეს შეცდომები მონტენეგროს სამართალდამცველებს ძალიან დაეხმარა „გრუ“-ს ორივე ოფიცრისა და მათთან ერთად მომუშავე სხვა პირების წინააღმდეგ გამოძიების წარმართვაში.
როგორც ფაქტები ცხადყოფს, ეს არშემდგარი გადატრიალება დიდწილად ძალადობის გამოყენებაზე იყო დაფუძნებული და წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს იმისა, თუ როგორ იყენებს რუსეთი ფარულ, აკრძალულ მეთოდებს თავისი ზრახვების განსახორციელებლად.
როდესაც კრემლმა ვერ შეაფერხა ნატო-ში მონტენეგროს შესვლა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით, მან თავისი მიზნის მისაღწევად უკვე ძალადობრივი და პროვოკაციული ხერხები გამოიყენა. სწორედ ეს არის მისი სტრატეგიის ნაწილი არა მხოლოდ ბალკანეთის შემთხვევაში, არამედ სხვაგანაც. რუსეთმა ჩათვალა, რომ მისი ძალაუფლების განსამტკიცებლად ამ რეგიონში, მისაღებია ორივე მეთოდის – ღია და ფარულის – გამოყენება. თუმცაღა, ამ ტიპის ჩარევა სუვერენული ერების საქმეებში, უთუოდ საერთაშორისო ნორმების აღმაშფოთებელ დარღვევას წარმოადგენს.
ამავე დროს ნათელია, რომ „გრუ“ ცდილობს, ჰქონდეს ვითომდა ძლევამოსილი და დიდი შესაძლებლობების მქონე სამსახურის რეპუტაცია, თუმცა მეთოდოლოგია, რომელსაც ეს ორგანიზაცია იყენებდა ამ შეუმდგარი გადატრიალებისას, არის მოუქნელი და სუსტი. „გრუს“-ს ოფიცრები თავის რეკრუტებს გაშიფვრის რისკის ქვეშ აყენებდნენ, რაკიღა მოქმედებდნენ ზერელედ და ათასგვარ „კვალს“ ტოვებდნენ.
გამოძიებამ მარტივად გაშიფრა შიშმაკოვისა და პოპოვის ნამდვილი ვინაობა, მათი წარსული, კავშირები, ნაპოვნია მათი ჯაშუშური „კვალი“ პოლონეთში, მოლდოვასა და სერბეთშიც. ისიც კი გახდა ცნობილი, თუ რომელ რუსულ სამხედრო სასწავლებელში იღებდნენ ცოდნას ეს „ნიჭიერი“ ოფიცრები და ვინ შეიძლებოდა მდგარიყო მათ ზურგსუკან.
იმ მტკიცებულებათა შორის, რომელიც მონტენეგროს სპეცსამსახურებმა მოიპოვეს, სინჯელიჩისა და შიშმაკოვის ერთ-ერთი შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათებიც არის. საინტერესოა, რომ როდესაც შიშმაკოვი გაიშიფრა, მან მონტენეგროს პროკურატურას ოფიციალური წერილი მისწერა, სადაც წერდა, რომ მის მიმართ ბრალდებები აბსურდულია, ხოლო ის სერბეთსა და მონტენეგროში საქმიანი ვიზიტებით ჩადიოდა – მასალებს აგროვებდა და რუსული საზღვაო ჟურნალისთვის სტატიებს წერდა. შიშმაკოვი აღშფოთებული იყო, თუმცა, ბუნებრივია, რუსეთიდან მონტენეგროში ჩასვლა და იქ თავისი სიმართლის დამტკიცება არც უცდია.
2016 წელს, მონტენეგრო სისხლისღვრას გადაურჩა, რუსეთმა ყველა ბრალდებას მის მიმართ აბსურდული უწოდა და პროცესს გაემიჯნა. 2017 წელს კი, ალიანსში გაწევრიანების შემდეგ, პატარა ბალკანურ ქვეყანაში, ნატო-ს ქვეყნებისგან მიღებული ინვესტიციები 118%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 244.4 მილიონ ევროს შეადგენს. ეს კი არის ნათელი მაგალითი იმ სარგებლისა, რაც რუსეთის გავლენის სფეროდან ჩამოშორებას მოსდევს.
ნათელია ისიც, რომ კრემლი თავისი დამღუპველი გავლენის გავრცელებისთვის კამპანიურად მოქმედებს. ის ამისთვის იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს – მათ შორის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, აგენტებს, დაზვერვის თანამშრომლებსა და სხვებს. ისინი ხდებიან ჩვეულებრივი ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც, ის სხვა ქვეყნებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.
წყარო: გაზეთი “ვერსია”