პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, კიდევ ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, კიდევ ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის რაიონში, პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფი კახაბერ ტ-ს მიმართ, რისკის შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შედგენის პროცესში, დადგინდა, რომ მის ოჯახს მატერიალურად უჭირდა. სამსახურის დაკარგვის შემდეგ, პრობაციონერი, რომელსაც მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, პრაქტიკულად, შემოსავლის გარეშე დარჩა. კახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, კახაბერ ტ. ახმეტის რაიონში მოქმედ ხის დამამუშავებელ საამქროში დასაქმდა, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს. გარდაბნის პრობაციის ოფიცრის მიერ პირობით მსჯავრდებულთან ჩატარებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ დასაქმების მსურველს სამღებრო საქმეში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციის საფუძველზე, კერძო მეწარმემ პრობაციონერი სამშენებლო-სარემონტო ბრიგადაში დაასაქმა, სადაც ის ყოველდღიურად 50 ლარს გამოიმუშავებს.