დავით მირცხულავა: საქართველოს ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე იზრდება

„2030 წლის, ელექტროენერგიის მოხმარება 22 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზრდება, რაც დღევანდელი რესურსის 30-40%-ით გაზრდას ნიშნავს. ამდენად, მნიშვნელოვანია ჰიდროსადგურების როლი,“ – განაცხადა ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად.
„ეკონომიკის განვითარებას თან უნდა სდევდეს ენერგეტიკის განვითარება. ტენდეცია ასეთია, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში – ენერგო მოხმარება იზრდება. ზრდა ძირითადად განვითარებად ქვეყნებზე მოდის, როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, ლათინო ამერიკა, ინდო-ჩინეთი. პარალელურად, ინტერესი იზრდება განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე და მისი ჩანაცვლების პერსპექტივებზე. მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, მოვაგვაროთ ენერგიის შენახვასთან დაკავშირებული პრობლემები.
საქართველოში ენერგო მოხმარების ინტენსიური ზრდა ფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იზრდება იმპორტი და იზრდება ენერგოდამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებზე. ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება მაქსიმალურად ზამთარში იზრდება. თუმცა, მოხმარება უკვე გაზრდილია ზაფხულის პერიოდშიც. 90-იან წლებს თუ შევადარებთ, ზაფხულის პერიოდში საქართველო, პირიქით, ექსპორტიორი ქვეყანა იყო და ენერგია გადიოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ენერგიის სიჭარბე არსებობდა. თუმცა, ახლა უკვე ზაფხულში მოხმარების ზრდაც ინტენსიურ ფაზაშია გადასული, რაც გამოწვეულია, მაგალითად, ტურიზმის განვითარებით,“ – აღნიშნა დავით მირცხულავამ.
ენერგეტიკის ექსპერტის თქმით, მოკლე პერიოდში საქართველოში 21 ჰესამდე აშენდა, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი. უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი, მათ შორის მზე და ქარი.
„2030 წლისთვის დომინანტი ისევ ჰიდრო რესურსი იქნება, რადგან იგი ძალიან ჭარბად გვაქვს. რამდენიმე წყალსაცავის აშენება აუცილებელია. ტყიბულში ნახშირის ათვისებასთან დაკავშირებული პროექტიც სწორედ სახელმწიფოს მიერ საკუთარი რესურსების ათვისების ერთ-ერთი მაგალითია. აუცილებელია დაცული იქნას გარემოსდაცვითი პირობები და პარალელურად, ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ქვეყანამ ყველა რესურსი უნდა აითვისოს. ყურადღებას გავამახვილებ ასევე მშენებლობისა და გარემოსდაცვით უსაფრთხოებაზე, ამ მხრივ ყველაზე მაღალი სტანდარტები უნდა დაინერგოს. მიმაჩნია, რომ რადგან სადგურების ათვისების პრობლემა გვაქვს, ე.ი პრობლემა არსებობს მოსახლეობასთან კომუნიკაციაშიც. საჭიროა ამ მხრივ სოციალური საკითხების გადაწყვეტა, ვფიქრობ, შეიძლება ეს ყოველივე საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდეს. აუცილებლად უნდა შეეხოს კონკრეტულ თემს, რეგიონს. ის ბენეფიტები, რასაც მოიტანს სადგურების მშენებლობა. თითოეულმა ოჯახმა უნდა იგრძნოს მრავალწლიანი სარგებელი.
ჰიდროელექტროსადგურების მხრივ, ვფიქრობ, ყველაზე ეფექტური ხუდონ ჰესია, ის ეროვნული ბანკის ფუნქციას ასრულებს და აქვს ყველაზე იაფი ენერგია. მას თითქმის ორი ჟინვალ ჰესის პოტენციალი აქვს.ასევე, აუცილებელია ნენსკრა ჰესის მშენებლობა. დღეს ჩვენი წლიური მოხმარება 14 მილიარდს კილოვატ საათს შეადგენს, აქედან ხუდონ ჰესს მილიარდნახევარი ,ნენსკრა ჰესს მილიარდ ორასი, ნამახვანს კი მილიარდ ოთხასი კილოვატ საათის გამომომუშავება შეუძლია. ეს სადგურები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, 2030 წლის პროგნოზით 22 მილიარდ კილოვატსაათამდე გაიზრდება მოხმარება, რაც 30-40%-ით გაზრდას ნიშნავს. ამდენად, მნიშვნელოვანია ჰიდროსადგურების როლი.
ინვესტიციებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად უნდა შევუწყოთ ხელი,გარკვეული სახის სტიმულირებაა საჭირო. ევროპაში მრავალი მოდელი განხორციელდა, მაგალითად, გერმანიაში ფიქსირებული ტარიფები არსებობს. გარკვეული სიდიდის ჰიდროელექტროსადგურებს უნდა მიეცეთ გარანტიები, რაც შესყიდვების ხელშეკრულებაში გაიწერება. აუცილებლად უნდა შევიმუშავოთ სტიმულირების მექანიზმები, – ამბობს დავით მირცხულავა.

კომერსანტი

წყარო: https://commersant.ge/ge/post/davit-mircxulava-

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები