„ვანო მერაბიშვილს პირდაპირ ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა გაცემული"
მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულებმა, გენერალმა კობა კობალაძემ, მაიორმა ლევან ამირიძემ და პოლკოვნიკმა კობა ოთანაძემ გავრცელებული ვიდეომასალის გარშემო დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. მათი განმარტებით, გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ ვანო მერაბიშვილს პირდაპირ ლიკვიდაციის ბრძანება ჰქონდა გაცემული.
მათი თქმით, გია კრიალაშვილის მკვლელობის, ასევე ოთანაძისა და ამირიძის ჩაცხრილვის გამოსაძიებლად განცხადება პროკურატურაში უკვე შეტანილი აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, გუშინდელი ვიდეომასალა ამ საქმის გამოძიებას აუცილებლად შეუწყობს ხელს.
“გუშინდელი ვიდეომასალის შემდეგ ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლე უნდა აღდგეს. განცხადება შეტანილია პროკურატურაში და ალბათ, დაიწყებენ გამოძიებას გია კრიალაშვილის მკვლელობასთან და ჩვენს დახვრეტასთან დაკავშირებით. გამოძიებას ხელს შეუწყობს ეს ვიდეო, რადგან მასში კარგად ჩანს, რომ ლიკვიდაციის ბრძანება იყო გაცემული”, – განაცხადა კობა ოთანაძემ.
როგორც ოთანაძემ აღნიშნა, 2009 წლის 5 მაისს, მუხროვანში არანაირი ამბოხება არ იგეგმებოდა. მისი განმარტებით, ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, ორი სამხედრო მეთაური- შოთა გორგიაშვილი და ლევან ამირიძე ჟურნალისტების წინაშე განცხადების გაკეთებას და სამხედრო ნაწილის დატოვებას გეგმავდა.
“პროტესტამდეც ვერ მივაღწიეთ. როგორც შევედით სამხედრო ნაწილში მათ გამზადებული ჰქონდათ უკვე პროვოკაცია და ალყა ჰქონდათ შემორტყმული ნაწილზე. მეთაურებს უნდა მოეწვიათ ჟურნალისტები, გაეკეთებინათ განცხადება და დაეტოვებინათ სამხედრო ნაწილი. უნდა გადამდგარიყვნენ სამხედრო თანამდებობებიდან. ბაზაზე არაფერი ხდებოდა. ბაზაზე პროტესტს გამოთქვამდნენ სამხედრო მეთაურები. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ 2008 წელს, ბიჭების დაღუპვის მიუხედავად, სააკაშვილს ტაშ-ფანდურის გამართვა უნდოდა. აღლუმის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ და შესაძლო დარბევას. ბრძანება იყო სიტყვიერი, რომ თუ ვერ მოილაპარაკებდნენ პარტიები, უნდა დარბეულიყო აქციები, რასაც მოჰყვა მეთაურების პროტესტი”, – განაცხადა ოთანაძემ.
ამასთან, ლევან ამირიძის თქმით კი, იგეგმებოდა სამხედრო აღლუმის მზადება, რაც აუცილებლად გამოიწვევდა რუსთაველის გამზირზე კარვების ქალაქისა და აქციის მონაწილეების დარბევას. მისივე თქმით, სამხედრო ნაწილებში გამოცხადებული იყო გაძლიერებული საბრძოლო მზადება, რაც იყო წინაპირობა აქციის დარბევის.
“მუხროვანში 2009 წლის 5 მაისს რაც მოხდა, იყო მეთაურების პროტესტი არსებული ხელისუფლების მიმართ. სამთვიანი საპროტესტო აქციები იყო. კარვების ქალაქად გამოცხადდა რუსთაველის გამზირი და პარლამენტი ფაქტობრივად პარალიზებული იყო. იმის წინაპირობა არსებობდა, რომ განმეორებულიყო 7 ნოემბერი. ხელისუფლება აპირებდა სააღლუმო სამზადისის ჩატარებას, რასაც აუცილებლად მოყვებოდა აქციის დარბევა და უნდა გამოყენებულიყო ძალა. მე ვიყავი იმ პერიოდში რეინჯერთა ბატალიონის მეთაური. მე კარგად მქონდა შესწავლილი მაშინდელი ხელისუფლების ფსიქოლოგია და ზუსტად ვიცოდი, რომ არ დაიხევდნენ უკან. ეს რომ არ მომხდარიყო, რამდენიმე მეთაურმა გამოვთქვით პროტესტი. ჩვენი პროტესტი გამოიხატებოდა იმაში თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა სააღლუმო მზადებას. ასევე ჩვენ ვაპროტესტებდით აღლუმს, რადგან 2008 წელს სახელმწიფომ ბევრი ვაჟკაცი დაკარგა და სახელმწიფომ უნდა დააფასოს ისინი”, – განაცხადა ამირიძემ.
კობა კობალიძის განცხადებით კი, ის ჟურნალისტების მეშვეობით სახლიდან გამოიტყუეს და დააკავეს.
“ეს არ არის პირველი ვიდეომასალა. ანალოგიური კადრებია იმ დღის, სადაც ყოფილი მთავარსარდალი პირდაპირ მითითებებს აძლევს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს თუ ვის აქვს უფლება ამ ქვეყანაში ცხოვრების, არსებობის და ა.შ. რაც შემეხება მე, 2009 წლის 5 მაისს არ ვიცი რა ხდებოდა მუხროვანში. მე პირადად ჟურნალისტების მეშვეობით გამომიტყუეს სახლიდან. სახლის წინ ჩამიტარეს სპეცოპერაცია და დამაკავეს. თვითონაც გაურკვევლობაში მოხდნენ და მე ხომ მოვხვდი და მოვხვდი გაუგებრობაში”, – აღნიშნა კობალაძემ.
ინტერნეტში გუშინ ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმვის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამ დროს შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის. “მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.