„მერაბიშვილი ორი გვამის მიყვანის გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდა“
კადრების ნახვისას მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მერაბიშვილი იქ მიდის და მიაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება. დიდი ალბათობაა, რომ ასეთ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით მარტო მერაბიშვილი ორი გვამის მიყვანის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პირადად მას მუხროვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავთენტურობაზე ეჭვი არ ეპარება, თუმცა, მისი განცხადებით, აუცილებელია გამოძიების ჩატარება, რომ ოფიციალური დასკვნა დაიდოს, რის შემდეგაც გამოძიების მხრიდან ბრძანების გამცემი და შემსრულებელი პირების გამოკვეთა და პასუხისმგებლობა უნდა მოხდეს.
„მე ვფიქრობ, რომ ვიდეო აბსოლუტურად შეესაბამება სინამდვილეს, ეს ჩემი პირადი აზრია და ექსპერტიზა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც ამ კადრებში ჩანან, აუცილებლად უნდა ჩატარდეს გამოძიება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ მიიღო ეს ბრძანება და ვინ შეასრულა, ის, რაც შემდგომ სპეცოპერაციის შედეგად მოხდა – გენერალ კრიალაშვილის ლიკვიდაცია. ოთანაძისა და ამირიძის სასიკვდილოდ დაჭრა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ამ ბრძანების შედეგად მიღებული დავალება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ მიიღო კონკრეტული დავალება და ვინ შეასრულა. თავისთავად, ეს უკანონო ბრძანება და მკვლელობის შეკვეთა იყო “, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილის შეფასებით, საქმე ისე მიდის, რომ შესაძლოა, მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს. მისი თქმით, მერაბიშვილს მოუწევს გამოძიების კითხვებს პასუხი გასცეს, მათ შორის იმ კუთხითაც, თუ ვისთან შეთანხმებით გაიცა ეს ბრძანება. ეს გადაწყვეტილება თავად მან მიიღო, თუ ვინმესთან შეთანხმებით.
„ზოგადად, მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ საქმე გვაქვს წინასწარ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან, მინიმუმ, როგორც ჩანს, ორი ადამიანის ლიკვიდაციის შესახებ. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მერაბიშვილი იქ მიდის და მიაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვანო მერაბიშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხება. მას მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, რომ როდესაც ამ ბრძანებას გასცემდა, თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ ვინმესთან შეთანხმებით. დიდი ალბათობაა, ასეთ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, ის მარტო, სხვა ლიდერების გარეშე, 2 გვამის მიყვანის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, სავარაუდოდ, ყველა ლიდერი იყო ამ საქმეში ჩართული. კადრებშიც კი ერთად ჩანან, ერთად მოვიდნენ. ის კადრიც, სადაც სააკაშვილი ვანოს კითხულობს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვანოს დავალებაზე პასუხის მოსათხოვად ეძებს’’,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სკანდალური ვიდეოჩანაწერი, რომელიც ცოტა ხნის წინ Youtube-ზე გავრცელდა, სავარაუდოდ, მუხროვანის სპეცოპერაციის მიმდინარეობას ასახავს. ჩანაწერში ჩანს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი. სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.