„სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები ხისტია, მაგრამ ამერიკის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება აბსულუტურად სწორია“

„სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამები ხისტია, მაგრამ ამერიკის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება აბსულუტურად სწორია“, – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც ასტროლოგი გამოცემასთან ამბობს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, მით უფრო, რომ ქვეყნის მოსაზღვრე რუსეთის სახელმწიფოა, აბსულუტურად სწორი იყო.
ამასთან, ამავე ინტერვიუში ასტროლოგი აცხადებს, რომ საქართველოს „ჩასაყლაპად“ სხვა ქვეყნებიც ოცნებობენ.
„ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილს “დაეტაკნენ”. შეიძლება, ზოგჯერ მისი გამონათქვამები ხისტია, მაგრამ ამერიკის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება აბსულუტურად სწორია. იმის უგულებელყოფა, რომ შენ გვერდით მონსტრი რუსეთია და შესაძლოა, წამში “გადაგყლაპოს”, არ შეიძლება! სანამ ამერიკის სამხედრო ბაზა აშენდება, იქამდე მოგვიღებენ ბოლოს. ეს იგივეა, ცეცხლს ეთამაშო. მხოლოდ რუსეთზე რომ ვიძახით, ოკუპანტიაო, სხვა მეზობელ სახელმწიფოებს არ აქვთ ჩვენი მიწები დაპყრობილი?
განა ოკუპანტი არ არის თურქეთი? ან თუნდაც სომხეთი, რომელმაც ლორე წაიღო? წინა საუკუნის დასაწყისში რომ ომი გაგვიჩაღეს? ვინ ჩაერია მაშინ? ინგლისი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლორე სომხეთს დარჩენოდა, ან იქნებ აზერბაიჯანს არ აქვს წაღებული კახის ქართული ტერიტორიები?
ახლახან ირანის პრემიერმინისტრმა ბრძანა – საქართველო ირანის პროვინცია იყოო. დიახ, დღესაც ოცნებობენ საქართველოს “ჩაყლაპვაზე”! თურმე, მხოლოდ რუსეთია მტერი, ხოლო ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი – მეგობრები. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ აზერბაიჯანის მხარე დღესაც პრობლემას გვიქმნის დავით გარეჯში მისვლაზე?“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი გამოცემასთან.
ამავე ინტერვიუში ასტროლოგი საქართველოს პრემიერმინისტრს ურჩევს, მკაცრი იყოს გადაწყვეტილების დროს და არა – ფაშისტი.
„თუ ჩვენი მთავრობა ბევრ რამეზე თვალს დახუჭავს და ბოდიშების მოხდაზე გადავა, პროტესტი და პრეტენზიები გაიზრდება. ეს იყო მინისპექტაკლი, სადაც აჩვენეს, რომ არაფრის დათმობას აპირებენ! ბატონო გიორგი, ჩემი რჩევა იქნება, იყავით ძალიან მკაცრი, ოღონდ არა – ფაშისტი! თქვენ გევალებათ წესრიგის დამყარება და არა – ბოდიშის მოხდა!“, – აცხადებს მიხეილ ცაგარელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები