მამა ალექსანდრე: “რესპუბლიკელებს” არც ეკლესია მოსწონთ და არც – პატრიარქი
მამა ალექსანდრე გალდავა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესთან დაკავშირებით “რესპუბლიკელების” მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა და “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა, რომ მათ აქვთ უფლება, ილაპარაკონ ის, რაც სურთ, რადგან “რესპუბლიკელებს” არც ეკლესია მოსწონთ და არც – პატრიარქი.
“ეტყობა, “რესპუბლიკელები” არიან სწორედ იმ ვიღაცების რიცხვში, რომელთაც არ მოსწონთ ქრისტიანობა. არ მოსწონთ ეკლესია და, რა საკვირველია, არ მოსწონთ პატრიარქი. მათ აქვთ იმის უფლება, ილაპარაკონ ის, რაც უნდათ. უბრალოდ, ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია, შეაფასოს “რესპუბლიკელების” დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ და ეს ყველაფერი აისახოს მათ რეიტინგზე არჩევნებზე”, – განაცხადა მამა ალექსანდრემ.
მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე, რომლის მიმართაც სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა, იმის მანიშნებელია, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს და ის ვიღაცებს არ მოსწონთ.
“მშვენიერი ეპისტოლე იყო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები თქვა პატრიარქმა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ნამდვილად არის. ვიღაცას ნამდვილად არ მოეწონა ეს ეპისტოლე და ძალიან კარგი, თუ არ მოეწონა, რადგან გათვლილი იყო იმაზე, რომ ვიღაცებს არ უნდა მოსწონებოდათ. ასეა, ზოგადად, ქრისტიანობა – ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს. ვიღაც არის ქრისტეს მიმდევარი, ვიღაც კიდევ ბარაბას მიმდევარი”,- აღნიშნა მამა ალექსანდრემ “პრაიმტაიმთან” საუბრისას.
წყარო: primetime.ge