ეს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის უტვინობაზე მეტყველებს – გორგილაძე ხულოში იდენტური სახელისა და გვარის მერობის ორი კანდიდატის შესახებ

„ეს არის პრიმიტიული კლონების გამოჩენა, თუმცა არ არის ეფექტიანი, როდესაც მჭიდროდ დასახლებულ ოლქებზე გვაქვს საუბარი და ყველა ერთმანეთს იცნობს. იმის გარჩევა, თუ ვინ არის იქ ნამდვილი კანდიდატი, ადგილობრივ მოსახლეობას არ გაუჭირდება,” –  სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ხულოში იდენტური სახელის და გვარის მერობის ორი კანდიდატის გამოჩენას ეხმაურება.

19 მაისს ხულოში, შუალედურ არჩევნებში მერობის ორი ერთი და იმავე სახელის მქონე კანდიდატი იბრძოლებს. ერთი „ქართული ოცნების” მიერ არის წარდგენილი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობს ხულოში. მეორე – მოძრაობიდან „სახელმწიფო ხალხისათვის, რომელიც კასპის რაიონში არის რეგისტრირებული და, ამჟამად, თბილისში ცხოვრობს.

ვალერიან გორგილაძის აზრით, ოპოზიციის მხრიდან არის გათვლა, რომ ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, მისი თქმით, ეს მმართველი გუნდის ხმების რაოდენობაზე არა თუ ნეგატიურად, არამედ შესაძლოა პოზიტიურადაც კი იმოქმედოს.

„ეს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის უტვინობაზე მეტყველებს. ე.წ. კლონური ტექნოლოგია – როდესაც სიაში ჩნდება იდენტური გვარისა და სახელის მატარებელი, – ეს ხდება დიდ ქვეყნებშიც. მაგალითად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, პოროშენკოს წყალობით, ვინმე იური ტიმოშენკო დარეგისტრირდა. ამ შემთხვევაში გამართლებულია – როდესაც ბევრი კანდიდატია, შენ გაქვს იმის იმედი, რომ პენსიონერმა, რომელსაც მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, შეიძლება ტექნიკური შეცდომა დაუშვას და კლონი კანდიდატი შემოხაზოს.

„ხულოში როდესაც „ოცნების” ამ კანიდატს ძალიან კარგად იცნობენ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციაში მუშაობდა და მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია აქვს, არ მგონია ამ ტექნოლოგიამ ოპოზიციას რაიმე ხეირი მოუტანოს, ან „ოცნების” კანდიდატს მნიშვნელოვანი ხმები წაართვას. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის გამოაშკარავებამ შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს ისედაც არცთუ ისე ცუდი შანსები იმ კანდიდატის გამარჯვებისა, რომელსაც „ოცნება” წარადგენს.

„გასაგებია, რომ ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია დამოუკიდებელი, სუვერენული პოლიტიკური სუბიექტი არ არის, „ნაციონალური მოძრაობის” სატელიტური ორგანიზაციაა და „ნაცმოძრაობა” ასე ცდილობს მარიონეტული პოლიტიკური პარტიის გამოყენებით „ოცნების” კანდიდატს პრობლემები შეუქმნას,” – განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.

წყარო: რეზონანსი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები