ზაზა სარალიძე: ძალიან ბევრ რამეზე ამეხილა თვალი, ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა!

„გამოსავალი არ არის ხელისუფლების ხშირი ცვლილება. ხალხმა ხელისუფლება კი არ უნდა გადავაყენოთ, არამედ ვაიძულოთ, შეცდომა გამოასწოროს და მთელი თავისი ძალისხმევა სამართლიანობასა და კანონის სამსახურში ჩააყენოს“, – აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, რომელიც წინააღმდეგია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შეიცვალოს.
როგორც ზაზა სარალიძე გამოცემასთან ამბობს, ის უკვე ორი თვეა, პარლამენტის შენობასთან კარვების აქციაში აღარ მონაწილეობს.
იგი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ თავისი საქციელისთვის არ განკითხონ.
ამასთან, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბევრ რამეზე დაფიქრდა და ძალიან განიცდის, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მისი ტრაგედია საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.
გარდა ამისა, ზაზა სარალიძე კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებას და აცხადებს, რომ მას ფინანსურად უცხოეთში მყოფი ემიგრანტები ეხმარებოდნენ.
მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა, იგი საზოგადოებას ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების ქვითრებსაც წარუდგენს.
„იმ პერიოდში, როცა აქციები დაიწყო, ნამდვილად არ მქონდა იმის გაკონტროლების ძალა, ვინ რა მიზნით დადგებოდა ჩემ მხარდასაჭერად. არასდროს მქონია შეხება პარტიის ლიდერებთან, ვიდრე ერთადერთხელ არ მივმართე დასახმარებლად. ჩემი ბრძოლა არასდროს ყოფილა მიმართული რომელიმე პარტიის სასარგებლოდ, ერთი უბრალო გლეხკაცი ვარ და მხოლოდ ჩემი ოჯახის მიმართ სამართლიანობის აღდგენა მაინტერესებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი სახელი საზოგადოების თვალში “ნაცებთან” გაიგივდა! ბოლო დროს, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ამ აქციებიდან გამომდინარე, ჩემ წინააღმდეგ ლაფის ნიაღვარი წამოვიდა, რაც ჭკუის სასწავლებლად მივიღე, აი, თუნდაც, თქვენი გაზეთის კრიტიკულმა შეფასებებმა ჩემი მოქმედება სხვა კუთხიდან დამანახა და თვალი ბევრ რამეზე ამიხილა! თქვენი გაზეთი მაძლევს საშუალებას, შევიტყო, რას ფიქრობს ჩემზე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი“, – აცხადებს ზაზა სარალიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ამავე ინტერვიუში, ზაზა სარალიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც პარტიის ლიდერმა ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის კოორდინატორად მოიხსენია.
„ძალიან გავღიზიანდი, როდესაც ბატონ ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორობა დამაბრალა. ვიცი, რომ ამ ინტერვიუს წაიკითხავს და თქვენი გაზეთით მივმართავ: ბატონო ბიძინა, შეცდომაში ხართ შეყვანილი, არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიის წევრი და, მით უმეტეს, კოორდინატორი“, – ამბობს ზაზა სარალიძე გამოცემასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები