ეწერთან მომხდარი ავარიისას, ლადო ბედუკაძის ცემისთვის ბრალდებული თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა დაიღუპნენ
ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ეწერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლადო ბედუკაძის ცემისთვის ბრალდებული თენგიზ ნაზღაიძე და მისი დედა დაიღუპნენ.
შემთხვევის შედეგად, თენგიზ ნაზღაიძე და შორენა ქალდანი ადგილზე გარდაიცვალნენ. მათი ოჯახის კიდევ ორი წევრი კი მძიმედ დაშავდა. გუშინ, თენგიზ ნაზღაიძე, შორენა ქალდანი და მათი ოჯახის კიდევ ორი წევრი სვანეთში დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ. სოფელ ეწერთან, საღამოს საათებში მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.
ავარიის დროს გარდაცვლილი თენგიზ ნაზღაიძის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მან 14 თებერვალს, ქაშუეთის ეკლესიის ეზოში ლადო ბედუკაძე სცემა. მაშინ, ყოფილი პატიმრის, თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი მომხდარი ინციდენტის შემდეგ ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობდა, თუ რატომ დაესხა თავს მისი შვილი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გლდანის ციხის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელიც ქალდანის თქმით, დაპირისპირების ინიციატორი თავად იყო. დედის ინფორმაციით, გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე სასტიკად აწამებდა.
მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ნაზღაიძე ბრალს არ აღიარებდა, ბედუკაძის მხრიდან კი არაადამიანური მოპყრობის მიზეზი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო.
ნაზღაიძე 14 თებერვალს ბედუკაძის ცემის ფაქტზე დაკითხეს. ის ყოფილი პატიმარია, რომელიც 2006 – 2008 წლებში იძებნებოდა, მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ.
თენგიზ ნაზღაიძემ გლდანის ციხე 2015 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ლადო ბედუკაძის დასჯას ითხოვდა, მათ საჩივარი მთავარ პროკურატურაშიც შეიტანეს, რასაც რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.