გაგარინის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ირანის მოქალაქე ემსხვერპლა
თბილისში, გაგარინის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ირანის მოქალაქე ქალი, რომელიც იმავე კორპუსის მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა. ის, სავარაუდოდ, სადარბაზოში გამოვიდა და დაკვამლიანების შედეგად გარდაიცვალა.
„ხანძარმა კორპუსში დიდი დაკვამლიანება გამოიწვია. მეხანძრე-მაშველებმა და პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეები კორპუსიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. კორპუსში ნაპოვნია 52 წლის ქალის ცხედარი, რომელიც ირანის მოქალაქეა“, -აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.