თელავს, როგორც სატახტო ქალაქს ეკადრება, ისე უნდა მივხედოთ – პრემიერმა გამგებლობის კანდიდატები წარადგინა

    ჩემს გაუტეხელ კახელებს გაუმარჯოს! – ასე მიესალმა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავში შეკრებილ მოსახლეობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მთავრობა გეგმავს, რომ ვენახები თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით გაშენდეს, იმისათვის, რომ მაღალხარისხიანი ყურძენი იყოს მოყვანილი. პრემიერის თქმით, მთავრობა იმაზეც ზრუნავს, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის მწარმოებელიც გახდეს და მეტი შემოსავალი მიიღოს.
„დღეს მე ამაყი ვარ, რომ კახეთის მიწაზე ვდგავარ. აქ, მეფე ერეკლეს ქალაქში, არა ერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ბედი. კახეთი ბევრი განსაცდელის წინაშე დამდგარა, მაგრამ ყოველთვის მედგრად დახვედრია გასაჭირს – კახეთი ყოველთვის გადარჩა და მთელი საქართველო იხსნა ფიზიკური და სულიერი განადგურებისაგან. ეს ძალა კახეთს არასოდეს დაუკარგავს და დღესაც მყარად დგას ფეხზე.
კახელებმა განუწყვეტელი ომების ქარცეცხლში გამოატარეს და გადაარჩინეს თავისი მთავარი განძი და ფასეულობა – ქართული ვაზი.
სწორედ ამიტომ არის ვაზი და ვენახი კახელი კაცისთვის წმინდა. ეს არის ჩვენი ფესვები და სწორედ ამ შეგნებით უვლის და იცავს გლეხი კაცი ვაზს. მაგრამ ჩვენ ისეთ დროსაც მოვესწარით, როცა კახელი გლეხი თავისი ხელით ჩეხდა ვენახს. ვაზისა და ღვინის ქვეყანაში ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს. ამას ჩვენ არ დავუშვებთ! ჩვენ ვზრუნავთ მევენახეობაზე, ხელს ვუწყობთ მის გადარჩენასა და განვითარებას.
სწორედ ამ მიდგომით ჩავატარეთ გასულ შემოდგომაზე ისეთი რთველი, რომლის პრეცედენტიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ დარჩენილა გლეხი, რომელსაც ყურძენი ჩაუბარებელი დარჩა. დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება. ეს ნამდვილად დიდი სტიმულია ჩვენი ხალხისთვის.
მარტო კახეთმა ას მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო ამ რთველით. სახელმწიფომ, მთავრობამ უყურადღებოდ არც საწარმოები დატოვა და შედეგმაც არ დააყოვნა. ვაზის მოვლა-პატრონობა დღეს უკვე მომგებიან საქმედ იქცა. კახელებმა ისევ დაიწყეს ვაზის გაშენება, და მთავრობა ამაში ყველანაირად ხელს უწყობს მათ. კახეთში 2000 ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვგეგმავთ, რომ ვენახები გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, იმისათვის, რომ მაღალხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ. მთავრობა იმაზეც ზრუნავს, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის მწარმოებელიც გახდეს და მეტი შემოსავალი მიიღოს.
სულ უფრო მეტი ფასი ედება ქვევრის ღვინოს. ტრადიციული მეღვინეობა ქვევრში ღვინის დადუღებასა და დავარგებას გულისხმობს. ეს ტექნოლოგია უნიკალურია, არ არსებობს არც ერთ სხვა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქართულ ღვინოს უცხოელებისათვის. შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სწორედ ახლა ეძლევა საშუალება ახლებურად წარმოვაჩინოთ და საკადრისი ადგილი დაუმკვიდროს ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით. ირაკლი ღარიბაშვილმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთში უკვე 142 მილიონზე მეტი ლარის აგროსესხია გაცემული.
„მჯერა, იგი მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც კი გაუწევს კონკურენციას და დაიკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ჩვენი ღვინო საქართველოს საიმიჯო პროდუქტი გახდება და თითოეული ქართველი იამაყებს ამით.
ამ საქმეში ღვინის საწარმოებს ძალიან დიდი ფუნქცია აქვთ. დღეს უკვე ქარხნები საშუალებას აძლევენ გლეხებს დროულად მოახდინონ საკუთარი მოსავლის რეალიზება საბაზრო ფასში.
დღეს ვიყავი ვაზიანის ღვინის ქარხანაში. მე დღეს ვნახე, როგორ შეიძლება ხელშეწყობის პირობებში, შეღავათიანი აგროსესხის გამოყენებით, ერთ წელიწადში ქარხანა საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვო. ეს საწარმო ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კადრებითაც დაკომპლექტებულია და სრულიად მზად არის წლევანდელი რთველისთვის. ამ ქარხანას შეუძლია 2000 ტონა ყურძნის გადამუშავება. ასეთი მოცულობის სრულიად ახალი ქარხნების მშენებლობა არის იმის ნიშანი, რომ დარგი ვითარდება და აგრომრეწველობას აქვს მყარი და სტაბილური მომავალი.
ამ ქარხნის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება არის სრულიად აუცილებელი და გადაუდებელი იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, კახეთში უკვე 142 მილიონზე მეტი ლარის აგროსესხია გაცემული. 5000-მდე ოჯახმა ისარგებლა ამ შეღავათიანი სესხით.
წარმოების გაზრდა, კერძო მეწარმეების ხელშეწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივით რამდენიმე დღეში, პირველი ივნისიდან ვიწყებთ კიდევ ერთ სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც დავარქვით „აწარმოე საქართველოში“. მთავრობის მიზანია ამ პროგრამის განხორციელებით ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში აღდგეს და აღორძინდეს ტრადიციული ქართული წარმოება. ამ საქმისთვის გამოყოფილია 46 მილიონი ლარი. ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში, აიღოს სესხი, ააშენოს ახალი საწარმო და დაიწყოს ბიზნესი. როგორც კი საწარმოები გაჩნდება, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც და ჩვენი ხალხიც დასაქმდება. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ უკვე შეარჩია ასამდე შენობა, რომელიც ამ პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.
უკვე ორი წელია მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება სოფელს მიწის საგაზაფხულო სამუშაოებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს მივეხმაროთ. შეიძლება ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის სტიმული იმისთვის, რომ ოჯახები ფეხზე დადგეს.
ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც რეალურად ზრუნავს ხალხზე. ჩვენი მოვალეობაა ვემსახუროთ ხალხს. ხელისუფლება ხალხს უნდა ემსახუროს და არა ხალხი – ხელისუფლებას!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში, სადაც 1000-მდე მოსწავლეა და წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა სკოლის აშენება, ახალი სკოლა აშენდება. მთავრობა კი ყველაფერს იღონებს, რომ საქართველოში განათლების გარეშე არც ერთი ბავშვი არ დარჩეს. პრემიერმა კახეთის ტურისტულ პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღბა.
„ჩვენ დავიწყეთ სოფლებში სკოლების აღდგენა და ახალი სკოლების მშენებლობა. საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში, სადაც 1000-მდე მოსწავლეა და წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა მათთვის სკოლის აშენება, ჩვენ ვაშენებთ ახალ სკოლას. სოფელ ლამბალოს ბავშვები თანამედროვე სკოლაში ისწავლიან. ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე. მინდა გითხრათ, რომ თქვენი შვილები წელსაც მიიღებენ უფასო სახელმძღვანელოებს. რაც შეეხება სტუდენტებს, ჩვენ მათ ვუქმნით განათლების მიღების პირობებს. გვაქვს უფასო ფაკულტეტები, თბილისში ვაშენებთ სტუდენტურ საცხოვრებელს რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სწავლის საშუალებასაც მივცემთ.
ახლა მინდა ჯანდაცვის საკითხსაც შევეხო. ბოლო 20 წელზე მეტია ჩვენი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სიძვირის გამო ვერ ახერხებდა საავადმყოფოში დაწოლას, ოპერაციის გაკეთებას. ახლა საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს და მათ მკურნალობას აფინანსებს.
რა თქმა უნდა, რაც ახლა ჩამოვთვალე, საკმარისი არ არის, მაგრამ კარგად გესმით, რომ ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვერევით. ყველამ იცის, რა მძიმე მემკვიდრეობაც გვერგო. ჩვენ დღე და ღამე ვშრომობთ, რომ რაც შეიძლება მალე გადავჭრათ პრობლემები.
დღეს დავათვალიერე თელავის აეროდრომი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. 20 წელი ეს აეროდრომი უფუნქციოდ იყო. ახლა გვეძლევა იმის საშუალება, რომ იგი იქცეს ბაზად და წინაპირობად, რომ შიდა ქართული აერომიმოსვლა განვითარდეს. საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რომ პირველ რიგში ამით ისარგებლოს ჩვენმა ხალხმა და ისარგებლონ ტურისტებმაც.
კახეთს ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. კახეთში თავმოყრილი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, უნიკალური ბუნება, მთა-თუშეთი უამრავ ტურისტს იზიდავს. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ ტურიზმი. ამით ხალხს გაუჩნდება დამატებითი შემოსავალი, გაჩნდება სამუშაო ადგილები.
სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინოს პროდუქტის რეალიზება და მიიღოს მეტი შემოსავალი.
სულ მალე საქართველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გზა ჩვენი ხალხის კეთილდღეობისკენ, საქართველოს წინსვლისა და განვითარებისკენ. ევროპასთან დაახლოება ბევრ სიკეთეს მოგვიტანს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღრიბაშვილმა კახეთში ,,ქართული ოცნების“ გამგებლების კანდიდატები წარადგინა, რომელიც ასე გამოიყურება:
თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ალექსანდრე შათირიშვილი
საგარეჯოს გამგებელი – გიორგი გზირიშვილი
გურჯაანის გამგებელი – გია გერგიძე
სიღნაღის გამგებელი – დავით ჯანიკაშვილი
ლაგოდეხის გამგებელი – კახა ჯამბურია
ყვარლის გამგებელი – ილია მზექალაშვილი
დედოფლისწყაროს გამგებელი – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
ახმეტის გამგებელი – ბექა ბაიდაური
და ბოლოს, თელავის მერობის კანდიდატი – პლატონ კალმახელიძე.
„ამ არჩევნების მერე თქვენ ხდებით თქვენი ქალაქის ბატონ-პატრონი. დამთავრდა ის დრო, როცა თქვენს აზრს არავინ ითვალისწინებდა და თბილისიდან ერთი კაცის ნება-სურვილზე წყდებოდა ყველაფერი.
თელავს, როგორც სატახტო ქალაქს ეკადრება, ისე უნდა მივხედოთ. თელავმა უნდა დაიბრუნოს თავისი დიდება. და ეს უნდა მოხდეს თქვენი აქტიური მონაწილეობით. ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენც დაგეხმარებით.
ახლა მთავარია სწორი არჩევანი გავაკეთოთ. მოგიწოდებთ, მხარი დაუჭირეთ ჩვენს კანდიდატებს! ხმა მიეცით ,,ქართულ ოცნებას“!
კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ნამდვილად კარგ კანდიდატებს გთავაზობთ. ეს წესიერი, კარგი ხალხია, კარგად იცნობენ რაიონების პრობლემებს. ჩვენი კანდიდატები სამშობლოს მოყვარული და ერთგული ხალხია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები