პრემიერი აფხაზეთიდან ქართველი მებრძოლების გადმოსვენების პროცესში ჩართულ პირებს მადლობას უხდის

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთიდან ქართველი მებრძოლების გადმოსვენების პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობას უხდის.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ შექმნა ორმხრივი კომისია, რომელსაც ქართული მხრიდან მინისტრი დავით დარახველიძე, ხოლო აფხაზეთიდან – აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია ხელმძღვანელობს.
“23 წლის შემდეგ აფხაზეთიდან 31 ქართველი მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ეს ის მებრძოლები არიან, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში 1993 წლის 22 სექტემბერს დაიღუპნენ. ამ ტრაგედიას მაშინ 92 ადამიანი ემსხვერპლა. მართალია, სხვადასხვა დროს ეტაპობრივად ხდებოდა ცხედრების გადმოცემა, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა ყველა დაღუპულის ჩამოსვენება.
საქართველოს მთავრობამ შექმნა ორმხრივი კომისია, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელმძღვანელობს მინისტრი დავით დარახველიძე, ხოლო აფხაზეთიდან – აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ინდირა ვარდანია. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის შედეგადაც მოხდა დაღუპული 31 ქართველი მეომრის ცხედრის თბილისში ჩამოსვენება.
მადლობა მინდა გადავუხადო, ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს. დღევანდელი დღე ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ ყველას, ვინც თავი შესწირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას“,-აცხადებს პრემიერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები