“დადგება ის მშვიდობიანი დრო, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება“
დადგება ის მშვიდობიანი დრო, როცა ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნდება საქართველოს – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
როგორც სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას უწმინდესმა აღნიშნა, ღმერთი ამთლიანებს და აერთიანებს, ხოლო ბოროტი სული – ეშმაკი ჰყოფს, და ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ განუყოფელი და განუყრელი ძმები. ჩემთვის ეს ადვილი სათქმელია, რადგან 11 წელი ვიყავი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი. მახსოვს ის სითბო, ის განსაკუთრებული პატივისცემა, რომელსაც იჩენდნენ აფხაზები ქართველების მიმართ. რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც აფხაზებს გადაურჩენია ქართველი და ქართველს გადაურჩენია აფხაზი. ვინც თესავს ღვარძლსა და შუღლს, მტრობას, დიდხანს ვერ იბოგინებს, ვერ იქნება, რადგან ღმერთი ამთლიანებს, აერთიანებს და ბოროტი სული, ეშმაკი ჰყოფს. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაყოფას. საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელს, რომ თავისი მფარველობა გაუწიოს საქართველოს და ასევე იმათ, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს მთლიანობას. დღეს ჩვენ ვასრულებთ პანაშვიდს და ვლოცულობთ მათთვის, რომლებიც დაიღუპნენ აფხაზეთში, რომლებიც თბილისში მოდიოდნენ და ვიღაცამ მათი თვითმფრინავი ააფეთქა”, – აღნიშნა ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქმა, რის შემდეგაც ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ქართველი გმირებისთვის პანაშვიდი გადაიხადა.