ამირან გიგუაშვილი: ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე დავა “ნაციონალ” პრეზიდენტსა და პრემიერს შორისაც იქნებოდა

   ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე დავა “ნაციონალ” პრეზიდენტსა და “ნაციონალ” პრემიერს შორისაც იქნებოდა,- ამის შესახებ პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარემ, იურისტმა ამირან გიგუაშვილმა განაცხადა. იურისტი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული გაურკვევლობა იმ კონსტიტუციის შედეგია, რომელიც 2010 წელს იმდროინდელმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა.
“ეს არის სრულიად წინააღმდეგობრივი და კოლიზიური კონსტიტუცია. წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ შემიძლია მაღალი ალბათობით გითხრათ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ნაციონალური მოძრაობა” დარჩებოდა ხელისუფლებაში, ამ კონსტიტუციის წყალობით დავა “ნაციონალ” პრემიერსა და “ნაციონალ” პრეზიდენტს შორისაც იქნებოდა.
როდესაც ქვეყნას, ერთი მხრივ, ჰყავს პრაქტიკულად უფუნქციო და, ამავე დროს, ფორმალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ხუთი წლის ვადით პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, ბუნებრივია, მას გარკვეული დროის შემდეგ უჩნდება ამბიცია, მოახდინოს საკუთარი თავის დემონსტრირება და პოლიტიკური ველის შექმნა.
ვფიქრობ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნებოდა პრეზიდენტი – სააკაშვილი, მარგველაშვილი თუ ნებისმიერი სხვა პიროვნება. წინააღმდეგობა და დავა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის მუდმივად იქნებოდა და იქნება, ვიდრე ეს კონსტიტუცია მოქმედებს. ამიტომაც საკონსტიტუციო კომისიამ ამჯერად მაინც უნდა მოახერხოს ისეთი ძირითადი კანონის შემოთავაზება, რომელიც ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე და მოკლევადიან ინტერესზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ გრძელვადიანი საკანონმდებლო აქტი იქნება, რომელიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს”, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები