დავით ნარმანია: თბილისს თავისი არქეოლოგი ეყოლება
„თბილისს თავისი არქეოლოგი ეყოლება“ – ახალი ინიციატივა არქეოლოგებს დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ გააცნო.
თბილისის მერობის კანდიდატმა ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჯაბა სამუშიასთან ერთად მეტეხის ხიდთან არსებულ ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ციხის გალავანი დაათვალიერა.
არქეოლოგიური აღმოჩენა ვახტანგ გორგასლის პერიოდს განეკუთვნება. იქვე მიაკვლიეს სასახლის უფრო ძველ ფენებსაც, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ ხანას მოიცავს. ასევე ნაპოვნია I-II საუკუნის რომაული აბანო, IV საუკუნის მარანი და სხვადასხვა დროის სამარხები.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა,ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და მომავალში აქტიურად იზრუნებს იმაზე, რომ გათხრები გაგრძელდეს და შენარჩუნდეს საუკუნეების წინანდელი მემკვიდრეობა.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში მიმდინარე მშენებლობებმა ქალაქის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა შეიწირა. როგორც დავით ნარმანია აცხადებს, მისი გამარჯვების შემთხვევაში ბიუჯეტში აუცილებლად გამოიყოფა თანხები სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.