„როცა ქვეყნის მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრია, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი მუდმივი კონფლიქტის წყარო იქნება“

როცა აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრია, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი ნებისმიერ ვითარებაში მუდმივი კონფლიქტის წყარო იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლეობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის არჩევის წესის შესაძლო შეცვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდებიან, თუ როგორი უნდა იყოს ინსტიტუციებს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა, მოდელი თავისთავად გახდის ნათელს, თუ როგორი წესით უნდა იყოს არჩეული პრეზიდენტი.
“იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პარლამენტში მე წარმოვადგენ, დიდი ხანია მიაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა პარლამენტის მიერ უნდა ხდებოდეს ისეთ საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია საქართველოში. ეს არის ერთი ხედვა – ერთი მოდელი. ბუნებრივია, არსებობს სხვა ხედვაც, სხვა მოდელი, რომელიც საპრეზიდენტო მმართველობას და, შესაბამისად, პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევას ეფუძნება. ის, რაც დღეს გვაქვს, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებები მთლიანად მინისტრთა კაბინეტის ხელშია, როცა ქვეყანაში აღმასრულებელი ხელისუფლების თვალსაზრისით, მთავარი ფიგურა პრემიერ-მინისტრია, ვფიქრობ, ცოტა ანომალურია პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. ეს მუდმივი კონფლიქტის წყარო იქნება, ნებისმიერ ვითარებაში, თუმცა აქაც არსებობს შუალედური მოდელები. ერთ-ერთი ვარიანტია, რომ პირდაპირ ხალხი ირჩევს, მეორე ვარიანტია, როცა პარლამენტი ირჩევს, არსებობს ვარიანტი, როცა პრეზიდენტს ირჩევს ე.წ. საარჩევნო კოლეჯი, რომელიც სხვადასხვა კონფიგურაციით შეიძლება შეიქმნას”, – განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები