31 დეკემბრის ღამეს მოწამლულ ქართველ მამაკაცს თურქეთიდან საქართველოში დღეს გადმოიყვანენ

     აბაშის მკვიდრ 50 წლის ნიკოლოზ ჯანელიძეს, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს თურქეთში შვიდ ქართველთან ერთად მოიწამლა, დღეს საქართველოში გადმოიყვანენ. ამის შესახებ პორტალ “კვირას“ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, ავადმყოფის ტრანსპორტირების ხარჯებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს.
მამუკა კვიტაშვილის განცხადებით, ის ავადმყოფს სარფის საბაჟოზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორ კობა ქანთარიასთან ერთად დახვდება.
“ნიკოლოზ ჯანელიძე ჯერ კიდევ კომატოზურ მდგომარეობაშია და ის რეანომობილშიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იქნება მიერთებული. ავადმყოფის გადმოყვანაში ძალიან დაგვეხმარა საქართველოს კონსული თურქეთში. ტრანსპორტირების ხარჯები კი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაფარა“, – განუცხადა “კვირას“ მამუკა კვიტაშვილმა.
მისივე თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუ სად გააგრძელებს ავადმყოფი მკურნალობას, თუმცა გამგებელი ვარაუდობს, რომ ნიკოლოზ ჯანელიძეს ქუთაისის საავადმყოფოში მოათავსებენ.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა 31 დეკებერს თურქეთის ქალაქ გებზეში მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველების მოწამვლა კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია. ალკოჰოლით სულ საქართველოს 7 მოქალაქე მოიწამლა, რომელთაგან 5 დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები