ჩიმაკაძე: ქედს ვიხრი დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილის წინაშე და მადლობას ვუხდი გმირობისთვის

კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიმაკაძემ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისთვის საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას მადლობა გადაუხადა:
“მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას, რომლის თანამშრომლებმა სწრაფად შემოსაზღვრეს რამდენიმე უსაფრთხოების ზონა, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც დროულად გამოგზავნა სასწრაფო დახმარების მანქანები დაჭრილების გადასაყვანად და განსაკუთრებით, მინდა აღვნიშნო მეხანძრე-მაშველების თავდადება”.
ცენტრის ხელმძღვანელმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, მადლობა გადაუხადა სპეცოპერაციისას დაღუპულ გმირსაც, ვანო გოლოშვილს.
“მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნის წინაშე და მადლობა ვუთხრა გმირობისთვის. მინდა, პირობა მივცე მის ოჯახს, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით”, – განაცხადა ჩიმაკაძემ.
გაზეთთან ინტერვიუში, ჩიმაკაძემ ისიც აღნიშნა, რომ ჩატაევის თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ.
“ვიცოდით თუ არა, რომ ჩატაევი თბილისში იყო? რა თქმა უნდა, არა. არსად დაფიქსირებულა და არც ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილა. ჩატაევმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში ეძებდნენ და სისხლისსამართლებრივად დევნიდნენ. მუქარა, რომელიც ხელისუფლებას გამოუგზავნა, რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა ნუსხაში იყო შეყვანილი და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ ყველა სათანადო ღონისძიება ჩატარდებოდა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევს, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდა, არაერთ ქვეყანაში ჰქონდა დაგეგმილი ტერაქტები, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, ვინმეს რომ სცოდნოდა, ჩატაევს 21 ნოემბერს თბილისში აღმოვაჩენდით, მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო”, – აღნიშნა კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა.
ანტიტერორისტულ რეჟიმთან დაკავშირებით, ჩიმაკაძემ განაცხადა, რომ თეორიულ სწავლებას, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად გადიოდნენ.
“რაც შეეხება ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყოველწლიურად გავდიოდით თეორიულ სწავლებას. შეიარაღებულ შეტაკებაში მონაწილეობა და გადაწყვეტილების დროულად მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენი შიდა დებულება ითვალისწინებდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ის ადგილი მჭიდროდ არის დასახლებული და მოსახლეობის დროული ევაკუაცია იყო საჭირო. საქმეში ჩართული იყვნენ არამარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული დანაყოფებიც. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას, რომლის თანამშრომლებმა სწრაფად შემოსაზღვრეს რამდენიმე უსაფრთხოების ზონა, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც დროულად გამოგზავნა სასწრაფო დახმარების მანქანები დაჭრილების გადასაყვანად, და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, მეხანძრე-მაშველების თავდადება – ისინი ინტენსიური სროლის დროს აქრობდნენ ხანძარს, რათა ცეცხლი მთელ კორპუსს არ მოსდებოდა, ამასთან, სადარბაზოში ხომ ჩვენი სპეცრაზმელები იდგნენ”,- აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები