საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის – სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტის “ყაზბეგის“ გავლით, ცდილობდა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაეტანა არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა განხორციელებულიყო 21 ტონა ყურძნის გადაზიდვა, თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილით განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 90 180 კოლოფი უცხოური წარმოების უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება ხდებოდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 234 468 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.