ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთი ნაგავსაყრელი პოლიგონის თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით”,- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.