ზუგდიდის საკრებულოს „ნაციონალები“ წინასაარჩევნოდ “სატელიტი არასამთავრობოების” დაფინანსებას ცდილობენ?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2014 წლის 11 აპრილს სპეციალური განკარგულება მიიღო. განკარგულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველებისთვის, ჯანმრთელობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ადფგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარდგენილი და მოწონებული პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. აღნიშნული დებულების შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200.000 ლარია გამოყოფილი. წარდგენილ პროექტთაგან რომელს დააფინანსებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დროებითმა შემსრულებელმა გურგენ სართანიამ განაცხადა, თანადაფინანსება თითოეულ პროექტზე 15.000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც წარდგენილ პროექტებს განიხილავს და საუკეთესოს შეარჩევს. დებულებაში ასევე მითითებულია, რომ არასამთავრობო სექტორი დაფინანსებული პროექტის სრულყოფილად შესრულებაზე ვალდებულია, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვის წინაშეა არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშვალდებული. დებულებაში ხაზგასმით აღნიშნული, რომ კომისიის რეკომენდაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შემდგომში არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების მიზნით წარედგინება. სწორედ ამის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ თანხის გადარიცხვის თაობაზე სპეციალური ბრძანება უნდა გაცეს. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა გასცეს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბრძანება, მაშინ როცა ბრძანებებს საკრებულოს თავმჯდომარე გასცემს. დებულებაში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანხის არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე გადარიცხავს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ საკრებულოში, რომელთა უმრავლესობასაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეადგენენ, მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა და სპეციალური სქემა წინასწარ აქვთ შემუშავებული. სწორედ ამის შემდეგ, 16 აპრილს შეიქმნა კომისია. კომისიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წარმოდგენილი მხოლოდ სამი პირი: გურგენ სართანია, გოგი რევია და მადონა სახოკია. საკრებულოდან კომისიაში წარმოდგენილია 8 პირი: ლევან მაქაცარია (კომისიის თავმჯდომარე), გელა თოლორაია, კახა ქირია, ბესიკ ფიფია, ბათლომე შელია, მალხაზ ციკუტანია, გიორგი გასაშვილი და ჟანა ქებურია. არასამთავრობო სექტორისთვის საკრებულოს მდივნის კომისიის წევრობა გაუგებარია. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე მიუღებელია კომისიაში წარდგენილი საკრებულოს ერთი გუნდიდან რვა წევრის არსებობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, არ შეიძლება ობიექტური იყოს კომისია, სადაც წარდგენილ პროექტებს “ნაციონალური მოძრაობის” რვა წევრი განიხილავს. მათივე თქმით, მათ აქვთ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს წინასაარჩევნოდ სატელიტი “არასამთავრობოები” დააფინანსოს.
ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ არჩევნების დამთავრებამდე ყველანაირი დაფინანსებს შეწყდეს. smo.ge-ს ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია თანადაფინანსებაზე უარს აცხადებდა. ამის საპასუხოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ჩაგდებით ემუქრებოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია, რომელიც კომისიის წევრიცაა, აცხადებს, რომ არასასურველ ორგანიზაციებსა და პროექტებს გამგეობა არ დააფინანსებს.
“ის წარდგენილი პროექტები და არასამთავრობოები, რომლებიც მიუღებელი იქნება ჩვენთვის, რა თქმა უნდა, არ დავაფინანსებთ“, -აცხადებს სართანია. დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი რიგგარეშე სხდომა გაიმართა. მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სხდომის გამართვის თაობაზე ინფორმირებულნი არ ყოფილან, თუმცა ცნობილი გახდა რომ სხდომა საკრებულოში 13.00 საათზე იყო ჩანიშნული. საკრებულოს სხდომაზე, სადაც კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციების თანადაფინანსებაზე უნდა ემსჯელა ჟურნალისტები არ დაუშვეს.

წყარო: smo.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები