ვინ არის ორიგინალური ჟელეების ავტორი, ულევი ფანტაზიით?
არიან ადამიანები, რომლებიც ჩუმად დაატარებენ სილამაზეს და სიყვარულს, ამით გარშემო მყოფთაც აბედნიერებენ და ოჯახებშიც მადლი შეაქვთ.
ერთი ასეთთაგანი, ვისაც მარჯვე ხელები და ულევი ფანტაზია აქვს, ხობელი ქალბატონი თეა ლატარიაა, რომელიც მისმა ნახელავმა ჟელეებმა გამაცნო.
იგი ხობის N2 საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს, დანარჩენს კი, რასაც აკეთებს და ქმნის, თავად ისწავლა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
– მე ვარ საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, სამეგრელოდან, მყავს დედა, მამა და სამი და. 18 წლის ასაკში შევქმენი ლამაზი ოჯახი. ვზრდი 15 და 16 წლის ვაჟკაცებს, 2006 წელს ბავშვები წავიყანე ბაღში. მეც ხშირად ვრჩებოდი და ვეხმარებოდი აღმზრდელებს… ბაღის გამგემ ჩემი დამოკიდებულება შეამჩნია ბავშვებთან და მუშაობა შემომთავაზა.
მოგეხსენებათ, საბავშვო ბაგა-ბაღებში ხელფასები სამარცხვინოა, მაგრამ ბავშვების დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, მიმეღო მისი წინადადება. ასე დავიწყე და დღემდე იქ ვარ. მაქვს ფანტაზია და მარჯვე ხელები, თუმცა არ მიყვარს საკუთარ თავზე საუბარი….
– ჟელეების დამზადება როდის დაიწყეთ?
– ჟელატინებს დიდი ხანია ვაკეთებ. ჩახატვა ერთი წელია დავიწყე. ძალიან მიყვარს ესთეტიკა და შემოქმედებითი მიდგომა… თუ რამე მომეწონება, მინდა ვცადო და ისე მონდომებით ვცდილობ, გამომდის ხოლმე…
ჟელატინით იმიტომ დავინტერესდი, რომ ამ სფეროში კონკურენცია დიდი არ იყო… ძირითადად, დღის მეორე ნახევარში ვმუშაობ, როცა შეკვეთა მაქვს.
დიზაინს რაც შეეხება, უფრო ვცდილობ, თემატური იყოს… ჩემი ფანტაზიით ვქმნი.
– საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობთ… ეტყობა, გიყვარდათ ბავშვები, თორემ მხოლოდ მოვალეობისთვის ბაღში მუშაობა ალბათ ძნელია… რამდენი წელია მუშაობთ და ძნელია ბავშვებთან ურთიერთობა?
– დიახ, ბაღი და ბავშვები მიყვარს ძალიან. 15 წელია, აღმზრდელად ვმუშაობ. საპასუხისგებლო და ძნელია მათთან ურთიერთობა, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო და ძალიან სახალისოც. უსაყვარლესები არიან…
ალბათ ოჯახის მერე ბავშვის აღზრდა ბაღიდან იწყება. მათ ყველაფერს თამაშ-თამაშით ვასწავლით… თუმცა ჩვენც ვსწავლობთ პატარებისგან ბევრ რამეს.
– მაინც რას სწავლობთ?
– რაც უნდა დაიღალო, სულ უნდა იღიმოდე…
– ხელნაკეთ სათამაშოებს ქმნით და ქაღალდზე მძივებით და ნაჭრებით ორიგინალურ კომპოზიციებსაც აკეთებთ…
– ხშირად არა, მაგრამ ვკერავ და ვქმნი ხელთნაკეთ სათამაშოებს.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს ყვავილები და მისი მოვლა. გემრიელი ჩურჩხელებისა და სხვადასხვა ხილის ტყლაპების დამზადება…. თუ სადმე ვნახე ლამაზი და განსხვავებული ყვავილები, აუცილებლად უნდა შევიძინო და გავამრავლო…
– თქვენ მიერ დაწნულ თმებსაც გადავაწყდი სურათებში…
– ჩვენ ოთხი და ვართ, მათ შორის უფროსი მე ვარ. თავიდან დების თმებზე გამოვცადე და გამომივიდა…
– როგორც ვიცი, ხობში ძალიან მოსწონთ თეას ჟელეები… პატარა ბიზნესიც გამოდის…
– ყველას მოსწონს და უნდათ ეს ტკბილეული, მაგრამ მხოლოდ დღესასწაულებზე თუ ახერხებენ შეძენას… ის დრო დამიდგა, შვილებს ფინანსური დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ და ამიტომ გადავწყვიტე, თავი გამოვცადო დედაქალაქში… ვეძებ ადამიანს, ვინც ჟელეების რეალიზაციაში დამეხმარება… ჩემი მთავარი მიზანია, შვილები კარგ და ღირსეულ ვაჟკაცებად გავზარდო…
P. S. გთავაზობთ ფოტოკოლაჟს, რომელიც თეა ლატარიას ფანტაზიით და მარჯვე ხელებით შექმნილ სილამაზეს გაზიარებთ…
თამარ შაიშმელაშვილი