„ვხატავ მაშინ, როდესაც ძალიან მტკივა ან ძალიან მიხარია“… – როგორ ეხმარებოდა სოფი მაჭავარიანი ათენში ხანძრით დაზარალებულებს
დაიბადა დუშეთში და ანანურში გაიზარდა. ბავშვობაც ლამაზი და ფერადი ჰქონდა. სკოლიდანვე მღეროდა, საკუთარ სიმღერებს ასრულებდა… ხატავდა… შემდეგ იყო სტუდენტობა. ათენში გერმანიიდან გადავიდა და იქ 8 წელი მოუწია დარჩენა…
ბოლო 6 წელია საქართველოშია… მაგრამ სხვა ქვეყნებში მოგზაურობა და შემოქმედებითი ფანტაზია არ ელევა.
ცხოვრება და ოცნებები მრავალფეროვანი აქვს. 2 პერსონალური გამოფენის ავტორია. ხატვის პარალელურად წერს ლექსებს, რომან-დეტექტივზე მუშაობს.
უყვარს ქველმოქმედება. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ხანძრის დროს ათენში მისი გამოფენა გაიმართა და გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხით დაზარალებულებს დაეხმარა. – მხატვარ სოფი მაჭავარიანის პერსონა.
– დავიბადე დუშეთში, სკოლა ანანურში დავასრულე. მქონდა ძალიან ფერადი და ლამაზი ბავშვობა – უბანში ფეხბურთის თამაშით და არაგვში თევზაობით… მყავს მშობლები, ერთი და და ძმა.
– სკოლის პერიოდში რა იყო განსაკუთრებული? რა პროფესია გიზიდავდათ?
– სკოლის პერიოდში მუსიკა სიმღერა… ვმღეროდი ანანურის ანსამბლში და ასევე ჟინვალის კულტურის სახლში, ძირითადად, საკუთარი სიმღერებით გამოვდიოდი. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მომღერალი გამოვიდოდი… მიყვარდა სცენა…
– როდის შეგიყვარდათ ხატვა?
– ვერ ვიხსენებ როდის… მახსოვს, სკოლაში ყოველთვის ველოდებოდი ხატვის გაკვეთილს, მაგრამ უფრო მაშინ, როდესაც გავიზარდე. 18 წლიდან ვხატავ… მიუნხენში ვსწავლობდი და იქ დავიწყე აკვარელით… ჩემით ისე… მერე ზეთით ვცადე და… ახლა მხოლოდ ზეთში ვხატავ …იშვიათად მივმართავ გრაფიკას ან ესკიზებს…
– სტუდენტობა…
– ვსწავლობდი ჯერ საქართველოში, გოეთეს ინსტიტუტში… შემდეგ მიუნხენის ჰებერლეს კოლეჯში და ბოლოს, თბილისის მაესტროს სკოლაში, ტელეჟურნალისტიკაზე. ათენში გერმანიიდან გადავედი დროებით, მაგრამ… 8 წელი დავრჩი.
– თვითნასწავლი მხატვარი ხართ… 2 პერსონალური გამოფენა უკვე გქონდათ… როგორ მუშაობთ?
– ვხატავ ღამით… ვასწრებ, შემიძლია უსაზღვროდ ვხატო… როდესაც ვხატავ, ვკარგავ დროის შეგრძნებას… ძირითადად, ვხატავ მაშინ, როდესაც ძალიან მტკივა, ან ძალიან მიხარია… რომ დავჯდე და დავხატო, ასე არ ხდება… ყოველთვის, როდესაც რაღაც შინაგანი მოთხოვნა მაქვს, მაშინ ვხატავ… ალბათ ამიტომაა, რომ არც პედაგოგთან არ მივლია არასდროს… არ მიყვარს, როცა მეუბნებიან, ეს დახატე… ან ახლა დახატე! მაგ დროს ვიზღუდები… ხან 2 წელი გავა და ერთი ნახატიც არ მაქვს, ხან ერთ კვირაში ვხატავ რამდენიმეს …
როგორც თვითნასწავლი ყოველთვის ვცდილობ, ნამუშევარი ღირებული იყოს… ვხატავ უმაღლესი ხარისხის მოჭიმულ ტილოზე, ვან – გოგის საღებავით და ვფიქრობ, მყიდველი ყოველთვის მოუფრთხილდება ნახატს… მიჭირს ყოველთვის მათი გაყიდვა. მე ისინი უზომოდ მიყვარს…
– საბერძნეთში დიდი ტრაგედია დატრიალდა – ხანძარი… თქვენ თანალმობა გამოიჩინეთ და გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეთ დაზარალებულებისთვის…
– გამოფენა 10 ივნისს უნდა გამართულიყო… მაგრამ ვინაიდან თბილისიდან წამოღებული ჩემი 20 ნახატი 7 ივნისს დააკავეს ათენის აეროპორტში და არასაკმარისი საბუთები მოიდეს მიზეზად, გამოფენა გადაიდო.
მოხდა ისე, რომ 22 ივლისს გამოფენა დავგეგმეთ ათენის ქართულ სახლში და 23 ივლისს უკვე ეს ტრაგედიაც მოხდა…
ვინაიდან ეს გამოფენა მიმდინარეობდა 5 აგვისტომდე, ნებისმიერ მყიდველს შეეძლო ნახატის შეძენა საკმაოდ ხელმისწვდომ ფასად და ფული გადაერიცხა პირდაპირ იქ, სადაც გროვდებოდა დაზარალებულებისთვის თანხები… წარმოდგენილი მქონდა 19 ნამუშევარი… ეს იყო აბსტრაქცია, შექმნილი 7 ივნისიდან 22 ივლისამდე. მინდოდა რაღაცით დავხმარებოდი დაზარალებულებს. 19 ნახატიდან გაიყიდა 14 ნახატი. – გაიყიდა ნახატები, შეიძინეს ქართველებმაც და, უმეტესად, ბერძნებმა…
მოგვიანებით, როცა უკვე დაიხურა გამოფენა, კიდევ ერთი გაიყიდა.
იდეაც ასე დაიბადა, ვიფიქრე, თუ ეს ნახატები გაიყიდებოდა, გაცილებით მეტი ფული ჩაირიცხებოდა საქველმოქმედო მიზნით… ანუ ამ გზით ვარჩიე დახმარება (ზოგადად, უამრავ საქველმოქმედო ღონისძიებებს ვმართავ, რაც ასე არ გახმაურებულა).
– ერთი დღე…
– ჩემი ერთი დღე იწყება ყავით და მთავრდება ისევ ყავით. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა… მოკლედ ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება… ამიტომ სულ ვმუშაობ. სულ ვმოგზაურობ, სულ სადღაც ვარ და სულ რაღაც ღონისძიება მაქვს…სემინარები, საღამოები… ხშირად დავდივარ თეატრში… მაქვს საკუთარი სასწავლო ცენტრი „სამო“ და იქ უამრავ ღონისძიებას მართავთ..
– ჰობი…
– მოგზაურობა… მიყვარს, როცა ვალაგებ ჩემოდანს და მივფრინააავ…
– რას ინატრებდით?
– ვინატრებდი, რომ არ იყოს ომი!
– ლექსებს, სიმღერებს წერთ…
– თავიდან სწორედ ლექსებით გამიცნეს… მერე სიმღერით, მერე ნახატებით, მაგრამ წლებია აღარ მიმღერია. უფრო მუსიკას ვწერ…
გამოვეცი 2 წიგნი. ახლაც წერის პროცესში ვარ… დეტექტივს ვწერ, იმედია, ისიც მალე გამოიცემა.
უახლოეს პერიოდში ჩემს ლექსებს რამდენიმე ცნობილი მომღერალი შეასრულებს, მაგრამ წინასწარ ვერ გაგიმხელთ…
2011 წელს რეჟისორმა და მსახიობმა ნიკოლოზ ტყავაძემ, რომელიც ათენში მოღვაწეობს, ჩემივე წიგნის სახელწოდების სპექტაკლი “ჩემი სამყარო” დადგა, სადაც თვითონ და მე ვთამაშობდით… იყო პატრიოტიზმი და რომანტიზმი… ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მაშინ მაყურებელში…
– როგორც ჟურნალისტი?
– 2 თვე ვმუშაობდი „მაესტროს“ ახალი ამბების ჟურნალისტად, პრაქტიკანტად. ასევე – ათენის მასმედიაში. უამრავი ინტერვიუ და სტატია დამიწერია. ვგიჟდები ამ სფეროზე…
– როდის ხატავთ?
– ვხატავ ღამით… ვასწრებ, შემიძლია უსაზღვროდ ვხატო… როდესაც ვხატავ, დროის შეგრძნებას ვკარგავ… თემატიკა – ადამიანი და მისი „თავისუფლება”…
– სამომავლოდ…
– ახალი წლის შემდეგ გამოფენას ვგეგმავ ესპანეთში, მადრიდში. მანამდე, პარალელურად, შეიძლება თბილისშიც ჩემი ახალი წიგნის წარდგენაც შევუთავსო. 27 აგვისტოს თბილისში მივფრინავ… ყველა ემიგრანტს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ…
– ერთი ლექსი…
***
ეს, ალბათ, ის გზაა, რომლითაც ვშორდებით,
პატარა ბავშვივით გადავდგამ ნაბიჯებს…
დედამიწაზე გიჟივით ვიყვირებ;
მე ხომ შენ მჭირდები?!
შენ – ალბათ, არც ისე…
არ ვიცი, საიდან დამჩება წუთები
საიდან დაცვივა ლურჯ ვარდებს ფურცლები,
საიდან მეტყვი, რომ შენ ჩემთვის ყოფილხარ,
მე კი შენამდე ვერასდროს მოვდივარ…
უსაზღვრო არის და უსაზღვრო იქნება
თვალიდან ყვითელი ცრემლების დინება,
არ ვიცი, ვინა ხარ, არ ვიცი, სადა ხარ…
მე მაინც გიპოვი!… თუ ღმერთმა ინება…
თამარ შაიშმელაშვილი