„პირველი ლექსი კავკასიონზე დავწერე“… – როგორ საქართველოს ნატრობს ვასილ ბოსტაშვილი

ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, რომელიც ქიზიყს, ზემო მაჩხაანს უკავშირდება. შემოდგომაზე რთველში უყვარდა ყოფნა…  იმ დღეების და ოჯახური სითბო დღემდე მოჰყვება… ხატვას კი დეიდას უმადლის, 3 წლის ასაკში სწორედ მისი მონდომებით დახატა პირველი ფიგურები… სკოლის პერიოდშივე ჰქონდა გამოფენები ლენინგრადსა და ბაქოში.
მერე ისე მოხდა, რომ ისტორიამ გაიტაცა და ქართულ-ბერძნულ უნივერსიტეტში ჩააბარა. სტუდენტობისას საბერძნეთის ელინურ პერიოდს ჩაუღრმავდა. შემდეგ იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ასპირანტურა…
სწავლასთან ერთად ხატვა და წერა არ შეუწყვეტია…  სამი კრებულის ავტორია…  თან მუშაობდა, თან ხატავდა, წერდა… უყვარს სიმღერა, პოლიფონია, უკრავს და მღერის თავადაც. პოეზია კი მისთვის პირველქმნილი სიჩუმის და სიმშვიდის დაუფლებაა. – მხატვრისა და პოეტის, ვასილ ბოსტაშვილის პერსონა.

 –  ბავშვობა… ყოველთვის რაღაცით ამახსოვრდება ადამიანს…
– თუ ადამიანმა საკუთარი წარსულის ფასი არ იცის, არ შეიძლება აწმყო ჰქონდეს. ბედნიერი ბავშვობა მქონდა.
პაპას ვენახი ჰქონდა „ქუმბათში“, ალაზნის არხთან. ძალიან მიხაროდა ქალაქიდან ქიზიყში ჩასვლა შემოდგომით. სანათესაო შეიკრიბებოდა რთველში, ვენახში დავრბოდი და კალათებით ვეზიდებოდი ყურძენს, რომ გოდრები ამევსო. მახსენდება ალექსი პაპას მადლიანი და მზით ავსებული ღიმილი.
მახსოვს, კაკლის გარშემო მოფენილ ფოთლებში ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ბერტყავდა მამა კაკალს და პატარას ღმერთი მეგონა მამა, ხის კენწეროზე რომ ადიოდა.
შემოდგომაზე სოფელში მიყვარდა ყოფნა.

დედა

– მშობლები…
– მამა – მიხეილ ბოსტაშვილი უფროს ინჟინრად მუშაობდა თბილისის ქარხანა „მიკროძრავაში“.
დედა – ლილი დალაქიშვილი სპეციალობით ბიბლიოგრაფი გახლდათ და მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კადრების განყოფილებაში.
– ბავშვობიდან წერდით და ხატავდით…
– ხატვა 3 წლის ასაკიდან დავიწყე, დეიდამ მასწავლა, მაყვალამ. მიხატავდა ხან ბუნების სურათებს, ხან ცხოველებს, ფრინველებს. დეიდა სპეციალობით ქიმია-ბიოლოგიის სპეციალისტი იყო და მასწავლებლად მუშაობდა 103-ე სკოლაში. ძალიან მიყვარდა. ულამაზესი ქალი იყო. მან გამზარდა თითქმის (ახლა გარდაცვლილია).
ლექსის შთაგონება 10 წლის ასაკში მოვიდა და პირველი ლექსი კავკასიონზე დავწერე. სოფელ ზემო მაჩხაანში ჩემი სახლის აივნიდან კარგად ჩანს კავკასიონის ქორედები და ხშირად დავმტკბარვარ მისი ხილვით.
– სკოლის პერიოდი…
– როცა ვმეცადინეობდი სახლში, თან ვხატავდი და მაგიდის ქვეშ ვმალავდი  ფურცელს. პირველი გამოფენა 9 წლის ასაკში მომიწყვეს 87-ე სკოლაში. ძალიან თავნება ბავშვი ვიყავი და ვხატავდი ყველაფერზე, კედელზე, მაცივარზე, ტელეფონის აპარატზე… მერე მამამ ორმეტრიანი მუყაოს ფორმატები მომიტანა და იატაკზე ვხატავდი შუაღამისას, გაკვეთილებს როცა მოვითავებდი.
სკოლაში გაკვეთილებზეც ვხატავდი და მასწავლებლებიც ვეღარ მაჩერებდნენ. ვხატავდი პორტრეტებს. სკოლის ასაკში გამოფენა მქონდა ლენინგრადსა და ბაქოში. კონკურსებში ვმონაწილეობდი და უამრავი ჯილდო და სიგელი მაქვს შენახული.
ბერძნულქართულ უნივერსიტეტში სწავლობდით. ამ დროს საბერძნეთის ელინურმა პერიოდმა დაგაინტერესათ…
სტუდენტობის წლებში ძალიან მდიდარი ვიყავი ადამიანებით, ბედნიერი მათთან ურთიერთობით, მათი სიყვარულით და თამამი, რაღაცნაირად განებივრებულიც კი. ბერძნულ-ქართულ უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და წარჩინებული სტუდენტი ვიყავი. ისეთი კორიფეები გვიკითხავდნენ ლექციებს, როგორიც იყვნენ –  უშანგ სიდამოძინე, კორნელი დანელია, გივი გამრეკელი, გურამ ლორთქიფანიძე, ნოდარ ნონიკაშვილი…
დამაინტერესა ელინურმა პერიოდმა, არისტოტელეს ეპოქამ და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის პროფესორ გურამ ჩხაიძეს. მე და ბატონი გურამი ლექციების დასრულების შემდეგ დავდიოდით თბილისის ქუჩებში და ვსაუბრობდით საბერძნეთის ელინურ პერიოდზე, ალექსანდრე მაკედონელზე, არისტოტელეზე (როგორც არისტოტელე და მაკედონელი დასეირნობდნენ სემინარიის ბაღებში).

მამის პორტრეტი

– ერთხანს სტუდენტებს საბერძნეთის ისტორიას, ძველ ელინურ პერიოდს აცნობდით…
– ზემოხსენებული უნივერსიტეტი დავასრულე წარჩინებით და გამოცდები ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი ლევან სანიკიძე.
ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელი გახდა ბატონი ლევანი. ჩვენ დავმეგობრდით. ხშირად ვაკითხავდი სახლში და მიმოვიხილავდით ბერძნულ ეპოსს.
ასპირანტურის სწავლის პერიოდში და შემდეგაც ლექციებს ვუკითხავდი სტუდენტებს ელინურ პერიოდზე. სასიამოვნო იყო მათთან ურთიერთობა.
–  სამი პოეტური კრებულის ავტორი ხართ. წერთ  სამშობლოზე, სიყვარულზე, რწმენაზე…
– პოეზია სულიერი სინათლეა. პირველქმნილი სიჩუმის და სიმშვიდის დაუფლებაა, ღვთისგან ბოძებული განძია, შინაგანი გულისთქმა და ძახილია, სამყაროსეული იდუმალი მოძრაობაა პოეზია.
2006 წელს, უნივერსიტეტის მეგობრებმა გამოსცეს ჩემი პირველი პოეტური კრებული „მწუხარე ეკლესია“, ცოტა მოგვიანებით გამოიცა მეორე კრებული – „მონატრებისფერი ღამე“, 2012 წელს საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ქალბატონმა მაკა თოდუამ გამოსცა ჩემი მესამე კრებული „ვარსკვლავეთი“. მესამე კრებული ჩემივე ნახატებით დასურათებული ხელნაწერი წიგნია. ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ლიტერატურულ სფეროში.
2000 წლიდან იბეჭდებოდა ჩემი ლექსები გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალ „რიწაში“, ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში.
–  უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მრევლი და მისი სულიერი შვილი იყავით… მას ლექსიც მიუძღვენით…
– 10 წლის ასაკიდან დედას დავყავდი სიონის ტაძარში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ასე გავხდი პატრიარქის სულიერი შვილი. მაზიარებდა ხოლმე ქრისტეს სისხლს და ხორცს. გვიან ღამით მთავრდებოდა ლოცვა და ისეთი მადლმოსილი ვბრუნდებოდი  სახლში, თითქოს მოვფრინავდი.
პატრიარქზე ლექსი დიდი ხნის წინ დაიწერა. აგრეთვე პატრიარქს მივუძღვენი ისტორიული პოემა „მარუშისძე“, რომელიც ბატონმა ვაჟა ჩორდელმა გამოაქვეყნა ჟურნალ „ამერ-იმერში“.
– ისეთ სამსახურებში მოგიწიათ მუშაობამ, უდროობის გამო იქვე ხატავდით ფურცელზე კალმით…
– როცა სასამართლოში ვმუშაობდი, მესამე სართულზე  რომ მოვხვდებოდი, ან ვხატავდი, ან  როცა შთაგონება მეწვეოდა, ლექსს ვწერდი… ასე შეიქმნა ნამუშევრები საწერი კალმით. ტილოებზეც მაქვს ნამუშევრები, ფერწერა ძალიან მიყვარს, მაგრამ, სამწუხაროდ, ძვირი სიამოვნებაა და ხშირად არ მქონია იმის საშუალება, რომ ტილოზე მეხატა.
– ოჯახი…
– მყავს ოჯახი, მეუღლე და ორი ვაჟი – 16 წლის ლექსო და 10 წლის პაპუნა.
– რაზე მუშაობთ?
– ახლა დროებით სიჩუმეა, ველოდები, როდის დამეუფლება პირველქმნილი სიჩუმე და სიმშვიდე… სიყვარულს ველოდები, რასაც შთაგონება ჰქვია.
–  სამომავლოდ ალბათ ისტორიას დაუბრუნდებით… ვიცი, რომ უზომოდ გიყვართ… თუნდაც ადრე დაწყებულ თემას?
– ძნელია მომავალზე საუბარი, შესაძლოა დავუბრუნდე ისტორიას… ვნახოთ, ყველაფერი ხომ  უფლის ნებაა.
– პოეზიის ფესტივალზე „წმინდა ნინოს ჯვარი“ რამდენჯერმე გაიმარჯვეთ…
–  ჯილდოებზე  საუბარი არ მიყვარს, ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია.
– მუსიკა და სიმღერა გიყვართ. დედაც კარგად მღეროდა ერთ დროს…
–  მუსიკა ჰარმონიული, შინაგანი აზროვნებაა, ბუნებრივად, ხმოვანებით აღქმული საგანთა და მოვლენათა სამყარო.
მიყვარს სიმღერა, პოლიფონია. ვაფასებ სიმფონიურ მუსიკას, ვუსმენ ნებისმიერ მუსიკალურ მიმდინარეობას. ჩემს ოჯახში ყველა მღეროდა და ბავშვობიდან ვისწავლე ფანდურზე, გიტარაზე, აკორდეონზე დაკვრა და სიმღერა. სკოლის პერიოდში ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი.
– როგორ საქართველოს ისურვებდით?
–  მადლობა ამ კითხვის დასმისათვის.
დღევანდელობას რომ გადავავლოთ თვალი, შეიმჩნევა, რომ საზოგადოებრივი აზრი მოშლილია, ვერ გაიგებ, ვის რა მოსწონს, ვინ რას ებრძვის და ვინ რაზე უკრავს ტაშს. ჩვენ თითქოს წიგნებს კი არ ვკითხულობთ, არამედ ყურმოკრულ ამბებს ვაგროვებთ და დასკვნები იქიდან გამოგვაქვს. წიგნი უნდა დავიბრუნოთ, სხვანაირად არაფერი შეიცვლება. ჩვენ უნდა შევქმნათ მომავალი.
ჩვენი დაკარგული მიწები უნდა დავიბრუნოთ.
გამთლიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოს ვისურვებდი, იმ საქართველოს, სადაც სოფელ-ქვეყანა აღორძინდება, არ გაუჭირდება გლეხს მოსავლის მოყვანა და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე მოიყვანს ნატურალურ მოსავალს.
იმ საქართველოს ვისურვებდი, სადაც ხე-ტყეს შთამომავლობას შეუნახავენ და არ გაახმობენ, საცხოვრებელი სახლები რომ ააშენონ და თანხები ჩაიჯიბონ.
ვისურვებ, რომ არ დავინახო, ნაგვის ურნებში როგორ იქექებიან მშიერი ადამიანები.
იმ საქართველოს ვისურვებდი, სადაც ყველა პატიოსნად იმუშავებს და შექმნის დოვლათს.
–   ერთი ლექსი…                                                                                                       

***

ამ გაყინულ კედლებში,
ვზივარ პატიმარივით,
უსიკვდილო სიკვდილის ქარბორბალა ტრიალებს.
უსამყარო სამყარო მოჩანს ნაწვიმარივით.
ტევრთა უტევრობაში სევდისფერი შრიალებს.

წრეზე მიირხევიან
მეწამული ისრები,
სული სახრჩობელაზე ნერვის ძაფით კიდია.
ფერთა უფერობაში ნაკუწებად ვიმცვრევი
და უდღეო დღეები ბეწვის ხიდზე მიდიან.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

საწუთრო

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები