„მე და ლექსი ყოველთვის განუყრელები ვიყავით“ – როგორ მეგობრობს მუზასთან პოეტი ერნესის ფსევდონიმით?

სამეგრელოში, ხობის რაიონში გაიზარდა. ბავშვობიდან მოიარა საქართველო და მის სილამაზეს ეზიარა.  სკოლის დამთავრების წლები  ეროვნული მოძრაობის ზეობის პერიოდს დაემთხვა. კითხულობდა „აკრძალულ“ ლიტერატურას, გმირების ისტორიებს. მეგობრებთან ერთად ლენინის ბიუსტიც კი ჩამოაგდო… მის თაობაზე გადაიარა 90-ანი წლების სიმძიმემ და თავისებური დაღი დაამჩნია.
პროფესიით ჟურნალისტია და ქართული ჟურნალისტიკის მთავარ ნაკლად ისევ და ისევ ანალიტიკური აზროვნების დეფიციტი მიაჩნია.
ლექსებს ბავშვობიდან წერს. სტუდენტობისას მიანიჭეს პოეტური ფესევდონიმი ერნესი. ამ ფსევდონიმით წერს ახლაც და ასე იცნობენ მისი თაობის ლექსის მოყვარულებიც. 3 კრებულის ავტორია.
ამბობს, რომ ლექსი ბუნებრივად, სადად იწერება, როცა გულწრფელი გრძნობა მოდის… – პოეტ დათო ქაქუთიას პერსონა.

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ…
– დავიბადე და გავიზარდე საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში – სამეგრელოში,  ხობის რაიონში. ორი უფროსი დის და მშობლების ხელში ნამდვილად განებივრებული, გათამამებული ბავშვი ვიყავი. დედა სამეგრელოში გაზრდილი რაჭველია, წარმოშობით ხოტევიდან, შარაბიძის ქალი  და ხშირად მეუბნებიან, რომ თითქოს უფრო რაჭველის ხასიათი მაქვს, ვიდრე მეგრელის.
სინამდვილეში,  ნათესავების და, განსაკუთრებით, უფროსი დის წყალობით, ჩემში, გარკვეული დოზით, პატარაობიდანვე შემოიჭრა სხვა კუთხეების ხასიათიც – მთელი ბავშვობა  სოხუმში გავატარე დეიდასთან და აფხაზეთი ფეხდაფეხ შემოვიარე, თითქმის ყოველ ზაფხულს   სვანეთში ვისვენებდი და ვეზიარებოდი მის  დიად სილამაზეს. არაფერს ვამბობ რაჭაზე, რომლის გავლენას და ჩემში მის არსებობას ნამდვილად ვერ უარვყოფ… სამეგრელოშივე მქონდა ჩემი კახეთი, ჩემი გურია და შემდეგ ეს ყველაფერი აკუმულირდა თბილისში, სადაც ვიცხოვრე სრულფასოვანი, სიცოცხლით სავსე სტუდენტური ცხოვრებით, თუმცა 90-ანმა წლებმა  მეც,   როგორც მთელ ჩემს თაობას, თავისი დაღი დამასვა.
– ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმედ გადაიტანა სამეგრელომ. როგორ აისახა ეს თქვენზე?
– სკოლის დამთავრების წლები  სწორედ ეროვნული მოძრაობის ზეობის პერიოდს დაემთხვა, რომელშიც თავიდან ბოლომდე  ჩართული ვიყავი. ვყიდულობდი მაშინ „აკრძალულ“ ლიტერატურას, მერაბის და ზვიადის წიგნებს. ვისრუტავდი ქაქუცა ჩოლოყაშვილის და სხვა გმირების ისტორიებს. ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორია არაერთხელ მქონდა გადაკითხული. პირველი ღია პროტესტი სკოლაში საბჭოთა კავშირის ისტორიის სწავლებაზე გამოვთქვი, მეგობრებიც ავიყოლიე და ლენინის ბიუსტი ჩამოვაგდეთ, რითიც საოცრად ამაყები ვიყავით.
მაშინ თითქმის მთელი საქართველო ერთ აზრზე იყო და ყველა ერთად – დიდი და პატარა – დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოზე ვოცნებობდით.
– რატომ აირჩიეთ ჟურნალისტის პროფესია?
– სხვათა შორის, თავიდან ისტორიკოსობას ვაპირებდი. ისტორია, განსაკუთრებით, საქართველოს ისტორია გამორჩეულად მიყვარდა და მყარად მქონდა გადაწყვეტილი, ისტორიკოსი გავმხდარიყავი. მითუმეტეს პროფესიის შესახებ არჩევანს ისეთი ეპოქალური მნიშვნელობის პერიოდში ვიღებდი, როგორიც საბჭოთა კავშირის რღვევა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო. შესაბამისად,  მიმდინარე ფაქტებს და მოვლენებს სიღრმისეულად აღვიქვამდი და თავიც ისტორიის ნაწილად წარმომედგინა. აქედან გამომდინარე, ვაბარებდი კიდეც  ისტორიის ფაკულტეტზე სოხუმში, მაგრამ ქულები არ მეყო, რამაც ყველაფერი შეცვალა. შემდეგ ჟურნალისტიკის ინტერესმა გადასძლია და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი პროფესია.
– მედიაში მუშაობის რომელ პერიოდს მიიჩნევთ თქვენთვის პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე საინტერესოდ?
– ბეჭდურ მედიაში სტუდენტობიდან ვმუშაობდი. ძალიან მიზიდავდა  საგამოძიებო ჟურნალისტიკა. სხვათა შორის, რისკის ფასად არა ერთი  რეზონანსული თემა შეგვისწავლია და გამოგვიქვეყნებია მეგობრებს. თუმცა  ანალიტიკური აზროვნება, პუბლიცისტიკა, კერძოდ, ქართული პუბლიცისტიკა ჩემთვის განსაკუთრებული თემაა.
ქართველებს წილად გვხვდა ბედნიერება, ვიყოთ ვაჟა-ფშაველას, ილიას, სოლომონ დოდაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, დიმიტრი ყიფიანის და ბევრი სხვა  საზოგადო მოღვაწის მრავლისმომცველი პუბლიციტიკის მემკვიდრეები.
გული მწყდება, რომ დღეს ამ პუბლიცისტიკას და წერილებს საერთოდ არ იცნობენ, ან ნაკლებ დროს  უთმობენ მოქმედი ჟურნალისტები, არადა, აქ არის პასუხი ყველა კითხვაზე, რაც კი შეიძლება დღეს დაისვას. ეს ზღვა მასალა განვითარებისთვის ჰაერივით სჭირდება ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს.
რა არის  დღევანდელ ქართული ჟურნალისტიკის ნაკლი?
– მთავარ ნაკლად ისევ და ისევ ანალიტიკური აზროვნების დეფიციტი მიმაჩნია. კარგია, ფინანსურად ძლიერი მედიაჰოლდინგების არსებობა და მომრავლება, მაგრამ მედიაომს და რეიტინგებს არ უნდა შეეწიროს ობიექტური რეალობა,  საზოგადოების პრობლემა  და ხალხის აზრი, რაც, სამწუხაროდ,  ჩვენს ქვეყანაში სახეზეა. პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც სიღრმისეულად განიხილავს და სისხლხორცეულად იცნობს ამა თუ იმ დარგს, იმავდროულად,  საუკეთესო ანალიტიკოსიცაა.
სამწუხაროდ, დღეს ქართული ჟურნალისტიკა აშკარად განიცდის ამის მწვავე დეფიციტს. აუცილებელია დარგობრივი ჟურნალისტიკის განვითარება. საბედნიეროდ, ჩვენ რეალობაში ამ თემით სიღრმისეულად დაინტერესებული, განატლებული  ჟურნალისტების თაობაც არსებობს, რომელთაც უყვართ და პატივს სცემენ  ამ პროფესიას.  ერთ-ერთ  პატარა ტელეკომპანიაში საავტორო გადაცემაც კი მქონდა სახელწოდებით „საუბრები ჟურნალისტიკაზე“, რომელშიც ვცდილობდით ამ პრობლემაზე ღიად საუბარს. ჟურნალისტიკა არა არის მომსახურების სფერო, ეს პროფესია საფუძვლიან ცოდნას და განათლებას მოითხოვს.
–  ერნესის ფსევდონიმით წერთ. როდის დაიწყეთ ლექსის წერა?
– მე და ლექსი ყოველთვის განუყრელები ვიყავით.  სანამ დამოუკიდებლად კითხვას ვისწავლიდი,  სხვის მიერ წაკითხულს ერთი მოსმენით უშეცდომოდ ვიმახსოვრებდი. ერთ დღესაც, 5 წლისამ, ჩემი დის მიერ წაკითხული აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ თავიდან ბოლომდე სხაპასხუპით ზეპირად წარმოვთქვი.
პირველი ლექსი, მგონი, მესამე კლასში დავწერე, მაგრამ ამას საგულდაგულოდ ვმალავდი და ვერიდებოდი გამოაშკარავებას. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მერჩია, მხოლოდ ჩემთვის მეწერა და ბლოკნოტების ფურცლებს ჩემი ლექსებით ასევე ჩუმად და უხმაუროდ ვავსებდი.
შემდეგ, სტუდენტი რომ გავხდი, უნივერსიტეტის ბაღში  სერგი ლომაძე და კახა ბაციკაძე გავიცანი, არაჩვეულებრივი კაცები, არაჩვეულებრივი პოეტები. პოეზიაზე ვისაუბრეთ და ჩემი ლექსებიც წავაკითხე. მოეწონათ და ლექსჯგუფის (ასე ერქვა მაშინ) „ზღვარის“ პირველ კრებულში დამიბეჭდეს. მაშინ რამდენიმე პოეტური ჯგუფი არსებობდა,  ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, პოეზიის საღამოებს ვმართავდით,  ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა უნივერსიტეტის აუდიტორიებში, ტევა არ იყო.   ასე შევუდექი თამამად ლექსების წერას.
სტუდენტობისას მომანიჭეს პოეტური ფსევდონიმიც – ერნესი. ამ ფსევდონიმით ვწერ ახლაც და ასე მიცნობენ ჩემი თაობის ლექსის მოყვარულებიც. ერთ-ერთი კრებულის წინასიტყვაობაში სერგიმ დამიწერა: „ისე მოირგო ერნესმა ეს ფსევდონიმი, თავისი სახელი და გვარი დაივიწყა და თბილისის ბოჰემური პოეტი გახდაო“.
თბილისი,  მართლაც, მთელი თავისი სისავსით, ჩემი გახდა.
განცდა და გზა პოეზიაში  როგორია ეს გზა პირველიდან მესამე კრებულამდე?
– პირველი კრებული, ისევე, როგორც მომდევნო ორი, ჩემი მეგობრების ინიციტივითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. მეგობრები დღესაც თავიანთი ინიციატივით მიბეჭდავენ  და აქვეყნებენ ჩემს ახალ ლექსებს სხვადასხვა ინტერნეტ  თუ ბეჭდურ  გამოცემაში.
ყოველთვის, როცა მეძლევა საშუალება, ამისთვის გულითად მადლობას ვუხდი მათ ერთგულებისთვის და თანადგომისთვის და თქვენი საშუალებითაც მინდა, იგივე გავიმეორო, რადგან მადლიერება ადამიანის უმთავრესი ღირსება მგონია.
4 შვილის მამა ხართ, გვიამბეთ ოჯახზე, მეუღლეზე?
– დიახ, მყავს 4 შვილი. 2 გოგო და 2 ბიჭი. ეს, რა თქმა უნდა, დიდი მუხტია ჩემი ცხოვრების და მეუღლეც, რუსუდან მიქენაია პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად კი მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში რედაქტორად.
– ჰობი…
– წიგნი… განსაკუთრებულად მიყვარს წიგნი გაყვითლებული და გაცრეცილი ფურცლებით,  თითქოს მესმის მისი სუნთქვა და ჩამესმის სიძველის ექო.
როდის წერს ლექსებს დათო ქაქუთია?
– ყოველთვის, როცა ამის განწყობა მაქვს. ლექსის დაბადებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ მჭირდება. ეს თავისთავად ხდება, ბუნებრივად, სადად, უბრალოდ, როცა გულწრფელი გრძნობა ამოხეთქვას მომთხოვს…

– ერთი ლექსი…                                                       

***

ვერ შემიყვარებ,
ვამბობ ჩემთვის და
ღია ფანჯრებს ვაყოლებ მზერას,
ამდენ პოეტში,
ამდენ ლექსებში,
ასე მგონია ჩემი არ გჯერა,
ჩემო ძვირფასო, მე და შენ თითქოს,
მე და შენ თითქოს,
ახლოს ვართ ღმერთთან,
და მოკძალებით გთხოვ,
მოუსმინო,
ზეციურ გულის
მიწიერ ფეთქვას…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები