პოეტი, რომელიც ბერმა გაბრიელმა განკურნა…
ყაზბეგის რაიონის სოფელ გორისციხეში ჩაიარა მისმა ბავშვობამ. ლექსების წერა 9 წლისამ დაიწყო. ბებიის კალთაში მონებივრეს ხალხური ლექსები და ზღაპრები არ მოჰკლებია. სწორედ ბებიას უმადლის, რომ ბავშვობიდან ქართული სიტყვა შეაყვარა.
გაჭირვების და სიძნელეების მიუხედავად, მშობლიური სოფელი არ მიუტოვებია. მისი სიმდიდრეა ლექსი და ის გარემო, დიდებული ხევი, სადაც ცხოვრობს, რომელი ჰაერთიაც სუნთქავს და მუზას ებაასება…
ბოლო დროს დიდი განსაცდელიც ჰქონდა, მაგრამ უფლის რწმენით ამ ცხოვრებისკენ შემობრუნდა და კიდევ უფრო მეტად იწამა სასწაულების.
4 პოეტური კრებულის ავტორია. გამოსაცემად მზად აქვს მეხუთე წიგნი. – პოეტ თენგო ავსაჯანიშვილის პერსონა.
– ბავშვობა ზღაპარია, სხვა სამყაროა. ადამიანი ბედნიერი იქნებოდა, ბავშვობის ხანა უფრო მეტად რომ ხანგრძლივი ყოფილიყო. მაშინ არც კომპიუტერი, არც ტელეფონი გვქონდა, მაგრამ ჩემი ბავშვობა სულ სხვანაირად გამორჩეული იყო. ხის ხმალს, ხანჯალს, თოფს ვაკეთებდით ბავშვები. ფილმებს რომ ვუყურებდით, ვბაძავდით პერსონაჟებს, ვხმალაობდით, ომობანას ვთამაშობდით… ვიბრძოდით და სამშობლოს ვიცავდით. ციხეებზე ავდიოდით და ვომობდით ბავშვები. გორისციხეზე გვქონდა საბრძოლო შტაბი. ხმლებს პაპები გვიკეთებდნენ. ფილმსაც ვუყურებდით, შემდეგ შეკვეთას მივცემდით… თუ, მაგალითად, „გიორგი სააკაძეს“ ვუყურებდით, ისეთივე ხმლები და ხანჯლები უნდა გვქონოდა…
რაც ფილმებში ხდებოდა, იმას ვიმეორებდით. გვიყვარდა არჩილა პაპა, რომელიც ხმლებს გამოგვითლიდა ხოლმე, მეორე პაპა გიორგი სალამურებს, სტვირებს გვიკეთებდა… ჩემი ბავშვობა ძალიან ფერადი და ლამაზი იყო, თუმცა ტელევიზორის ერთი არხი იყო მხოლოდ და ისიც ხან აჩვენებდა, ხან – არა… კინო კლუბში გადიოდა.
– გორისციხე ისტორიული სოფელია – მრავალი ისტორიული ძეგლით…
– სოფლის ციხე ისტორიულია და მას მაცნის მნიშვნელობა ჰქონდა, ყველა სოფელშია ასეთი მნიშვნელობის ციხე და ერთმანერთს უყურებს. ცეცხლს ანთებდნენ, როცა მტერი შემოესეოდა ხევს და ასე ცეცხლის მეშვეობით, კვამლი რო ავარდებიდა, აგებინებდნენ ერთმანერთს მოხევეები. აქვე მეათე საუკუნის ღვთისმშობლის შობის ტაძრის საძირკველი, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს და ტაძრის ქვით კოლმეურნეობის შენობა ააშენეს. ჩვენ – სოფლელებმა ამ ათი წლის წინ კოლმეურნეობის შენობა დავანგრიეთ და იმ ქვით ისევ ტაძარი ავაშენეთ, ანუ რაც დაანგრიეს და ჩვენ ავაშენეთ.
ჩემს ბავშვობაში ხალხი ეკლესიაში არ დადიოდა, მაგრამ ბებიაჩემი მორწმუნე იყო, დღესაც მიკვირს, მაშინ კალენდრები ხომ არ გამოდიოდა, ბებიაჩემმა წინასწარ იცოდა, როდის მოდიოდა აღდგომა. ვერ შევეკითხე, საიდან გებულობდა აღდგომის მოსვლას. პურს რომ გამოაცხობდა, აუცილებლად ჯვარს დაუსვამდა, მერე შეშას შემოატარებდა, შეშა წმინდაა და სანთელივით იწვისო… საოცარი ქალი იყო, დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ჩამოყალიბებაში. ზეპირად ვიცოდი ქართული ხალხური ზღაპრები, უამრავი ქართული ხალხური ლექსი. სკოლაში ხალხური პოეზია არ ისწავლებოდა, მერე ბებიას ვკითხე, საიდან იცოდა. ბაბომ მთელი ქართული პოეზია ზეპირად იცოდა. პირველი შვილიშვილი ვიყავი, ჩამისვამდა კალთაში და მიყვებოდა ზღაპრებს.
ვუსმენდი ზღაპრებს და ჩამეძინებოდა.
ბაბოს ნარიმანიძეების ქალი იყო სოფელ ტყარშეტიდან… ორი კლასის განათლება ჰქონდა, წიგნები კი არ ჰქონდა წაკითხული. რომ გავიზარდე, გადავშალე წიგნი და ნახევარი ხალხური პოეზია უკვე ზეპირად ვიცოდი. ვკითხე, საიდან იცი, ბაბო, ამდენი ლექსი? სკოლაში ხალხური პოეზია არ ისწავლებოდა. მეო, ასი წლის პაპა მყავდა, პატარა რომ ვიყავი, ფანდურზე დამღერებდა ხოლმე ლექსებსაო. ის რომ მღეროდა, იქვე ვთამაშობდი და ვიზეპირებდიო. 90 წელს მიტანებული ქალი იყო, ისეთი გონება ჰქონდა, სულ ზეპირად იცოდა ბავშვობაში ნასწავლი. ეტყობა, ბავშვობაში ნასწავლი ბოლომდე რჩება მეხსიერებაში.
მახსოვს, მითხრა, უნივერსიტეტიდან იყვნენ ჩამოსულები ჩაწერაზე და მრავალი ლექსი ვუთხარი ზეპირადო. არაა გამორიცხული, შეიძლება მრავალი მარგალიტი ქართულ ხალხურ პოეზიაში ბებიაჩემისგან იყოს ჩაწერილი.
ასეთ გარემოში გავიზარდე. ამის მერე ლექსის დაწერის სურვილი გამიჩნდა.
დედა არაბულების ქალი იყო, გერგეტიდან. მშობლები ადრე გარდაეცვალა, 7-ნი დარჩნენ ობლად და ასე ობლად გაიზარდა. ომის დროს გერმანელებს ყაზბეგის ხიდის აფეთქება უნდოდათ, დედაჩემის სახლზე დაეცა ბომბი და დაიწვა. დედა ფანდურს ძალიან მაგრად უკრავდა, მღეროდა. სონას, სოფიოს ეძახდნენ. გერგეტი ჩემი დედულეთია და ბავშვობაში ხშირად მიწევდა იქ ყოფნა, დედიძმათას. მივდიოდი გერგეტსა, მაშინ სამება დაკეტილი იყო, ზარებს ვრეკავდით, ბავშვურად ვეფერებოდით ისტორიულ ადგილებს, ავძვრებოდით ხოლმე სამრეკლოზე…
სწორედ დედამ მომიტანა „დედაენა“და მასწავლა წერა-კითხვა. დავიწყე ტირილი, სკოლაში წამიყვანეთ-მეთქი. შევედი სკოლაში…
დავიწყე სწავლა, ფეხბურთი ძალიან მიყვარდა, კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ზღაპრებით, პოეზიით და ლექსით, ქართული მარგალიტებით სავსე იყო ჩემი სული, გული, გონება. სურვილი გამიჩნდა, მეწერა, რაღაც შემექმნა…
9 წლისამ დავიწყე ლექსების წერა – იაზე, გაზაფხულზე, თერგზე… 9 წლისა სხვა რაზე დავწერდი?.. დედაჩემი მაშინ სკოლის დამლაგებლად მუშაობდა, სკოლის დირექტორი ძალიან ცნობილი ფილოლოგი ირაკლი ჩქარეული იყო, თავადაც წერდა ლექსებს. დედამ მითხრა, იმას მივუტან შენს ლექსებსო, არაფერის დიდებით არ გავატანე.
წიგნი და ლექსი კი შემიყვარდა. არაფერი არ მომიპარავს ცხოვრებაში წიგნის მეტი, ისიც მხოლოდ ბიბლიოთეკიდან…
– ფეხბურთი ძალიან გიყვარდათ…
– ფეხბურთი მამამ შემაყვარა. მამა თბილისში იზრდებოდა, ბებიასთან და პაპასთან… მამაჩემი რომ დარჩენილიყო თბილისში, ალბათ დიდი ფეხბურთელი გამოვიდოდა. 12 წლისა იყო, მამა რომ გარდაეცვალა. ძალიან უყვარდა ფეხბურთი, ტყავის ბურთი პირველად ხევში მამაჩემმა აიტანა, ბავშვებს არც ენახათ მთაში ტყავის ბურთი. ასე ამბობდა მამა, იმ დროს სად იყო მთაში ბურთი, ომი ახალი დამთავრებული იყო.
მაგრამ იძულებული გახდა, ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა. ბებიაჩემმა ყაზბეგში წამოიყვანა. ასე დარჩა მამაჩემი აქ, ჯერ მწყემსი იყო, მერე ვეტექიმი… 5 სოფელს ემსახურებოდა. მკურნალობის ან წამლის ფულს არავისგან იღებდა. ყველას უყვარდა მამაჩემი, ნეტა მე ვიყო ასეთი… გაიხდიდა ყველაფერს და სხვას მისცემდა უანგაროდ.
არ მახსოვს, ზედმეტი ეთქვას, ან ხმამაღლა დაეკივლოს ჩემთვის, ან გაჯავრებულიყოს…
სხვა დრო, სხვა ხალხი იყო მაშინ. დღეს არ ვიცი, ადამიანი შეიცვალა თუ სამყარო, კლიმატიც კი სხვანაირია… ადრე თოვლი მოდიოდა, კარს ვერ ვაღებდი, ისეთი დიდი თოვლი იცოდა ჩემს სოფელში, ბოლო დროს კი თოვლიც აღარ მოდის, ბუნების კანონზომიერება დარღვეულია, დრო აჩქარდა, რაი მოუვიდა… ბავშვებიც გონებამახვილები არიან, სწრაფად აზროვნებენ.
– სტუდენტობა…
– საინტერესო სტუდენტობა მქონდა. სულხან – საბაში, ფილოლოგიურზე ვსწავლობდი. 40 გოგო მყავდა ჯგუფში.
კარგი მოგონებებიც დამიტოვა იმ პერიოდმა. მამაჩემი ადრე გარდამეცვალა, ზვიადის პერიოდია. გაჭირვება, პურის რიგებია, მაგრად გამიჭირდა მეც… ინსტიტუტამდე ხშირად ფეხით წავსულვარ…
ერთხელაც მხოლოდ მეტროთი მგზავრობის გზის ფული მქონდა. ამოველ მეტროთი და ფეხით უნდა ავიდე სულხან – საბამდე. გადამეკიდა მათხოვარი ბავშვი, მამე ფულიო. ავიღე და მივეცი, რაც მქონდა ფული. ბოლოს და ბოლოს, თუ ვერავის გამოვართვი, ფეხით წავალ-მეთქი, ვიფიქრე…
ლექსებს რომ ვწერდი, ჯგუფელებმაც იცოდნენ. გავიხედე, ლექცია გვიცდება. მითხრეს, მოდი, ლექსები წაიკითხე, პოეზიის საღამო ჩაგვიტარეო… ინსტინქტურად მოვიხადე ქუდი და დამეხმარეთ- მეთქი, ჩამომიყარეს ფულები, დავთვალე და 20 ლარზე მეტი გამოვიდა. გამიჭირდებოდა ეგრე და პოეზიის საღამო არ გინდათ-მეთქი? – ვეტყოდი. ჩამოვუვლიდი ჯგუფელებს ქუდით, ჩამიყრიდნენ და მქონდა ფული. ალბათ ღმერთმა მომიგზავნა ის ბავშვი, რომ ეთქვა, ისწავლე და გექნება საშუალებაო, მე ვერ მოვიფიქრებდი ქუდის გაშლას, მათხოვარი რომ არ შემხვედროდა.
ინსტიტუტში ყველამ იცოდა, რომ ლექსებს ვწერდი. თბილად დამამახსოვრდა ჩემი მასწავლებელი დავით კოტორაშვილი, რომელმაც პირველი რეცენზია დაწერა ჩემს პირველ წიგნზე. ღმერთმა გაანათლოს.
მახსოვს მარიამ თაბორიძე, ტარიელ საყვარელიძის მეუღლე. ბებია რომ გარდამეცვალა და თბილისში ჩასვლა ვეღარ მოვახერხე, ბევრი გამოცდა, ჩათვლები დამრჩა და… სახელმწიფო გამოცდაზე ვეღარ გავდიოდი, თუ ამ გამოცდებს არ ჩავაბარებდი.
ჰოდა, შევედი სამდივნოში და დამხვდა თაბორიძე. მდივანი ეუბნება, ეს მოხევეა, კარგი ლექსები აქვსო. თქვენთან აქვსო გამოცდა. აბა, წაიკითხე ლექსიო, წავიკითხე ერთი-ორი ლექსი, რაისთვის დაგრჩა გამოცდებიო? ავუხსენი, რომ ვერ მომიხერხდა თბილისში ჩასვლა. შეწუხდა ძალიან, შვილო, გზის ფული გაქვსო? კი-მეთქი, ამაიღო ორი 5-ლარიანი, აიღე, შენ ფული არ გექნებაო. მერიდება, მოხუცი ქალია, შეიძლება არც მას აქვს ფული… მდივანმა ჩუმად მითხრა, მეუბნება, 5-ლარიანი მაინც გამოართვი, უფრო მეტად ინერვიულებსო. ავდექ და 5-ლარიანი გამოვართვი. მეორე 5-ლარიანი არ ავიღე, იქნებ ჩემზე მეტად უჭირდა და არ ჰქონდა.
წამიყვანა და ყველას ჩამოვუარეთ, რომ დამხმარებოდა და სახელმწიფო გამოცდებამდე მივსულიყავი…
დამამახსოვრდა ცირა ბარბაქაძის ლექციები. პოეზიის საღამოები იყო მისი ლექციები… ძალიან მიყვარს, კარგი პოეტი და ადამიანია.
ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთ ადამიანებს შემახვედრა ღმერთმა. გოდერძი ჩოხელი, თამაზ კვაჭანტირაძე, ვახუშტი კოტეტიშვილი… ბედნიერი ვარ, რომ ოთარ ჭილაძისთვის ლექსი წამიკითხავს.
– ოთარ ჭილაძე როგორ გაიცანით?
– ყაზბეგობა იყო და მაშინ გოგი თოფაძემ ალექსანდრე ყაზბეგის პრემია დააწესა. ორ-სამ წელს არსებობდა მხოლოდ ეს პრემია… გოგი თოფაძის ნახვა მინდოდა. მინდოდა ჩემ მიერ შედგენილი მოხევეების ლექსების კრებული დაებეჭდა. ყაზბეგის სოფლები მოვიარე მაშინ და 40 ავტორი მოვაგროვე, ვიფიქრე, თუ ექნებოდა საშუალება, დაებეჭდა კრებული გოგი თოფაძეს.
ყაზბეგობაზე იყო ამის კარგი საშუალება. იმ მაგიდასთან მოვხვდით, სადაც ოთარ ჭილაძე იჯდა. ავდექ და საქართველოს სადღეგრძელოს დროს მისი ლექსი „გრემი“ წავიკითხე… არ ელოდა, რომ ყაზბეგში ვინმე წაიკითხავდა მის ლექსსა… წარმოიდგინე, როგორ გაუხარდა. გამომკითხა, ვინ ვიყავი, ვუთხარ, ვინც ვიყავი. მერე წიგნის დაფინანსებაც ვახსენე. წამოდიო და მეორე მაგიდასთან მიმიყვანა. უთხრა გოგი თოფაძეს წიგნის თაობაზე. ასე გავიცანი ოთარ ჭილაძე. მითხრა, თბილისში რომ ჩამოხვალ, ჩემი ავტოგრაფით წიგნს გაჩუქებო. სამწუხაროდ, ვერ გავბედე მისვლა. ნეტა მივსულიყავი და ავტოგრაფი დამრჩებოდა.
– ის კრებული დაიბეჭდა?
– არ დააფინანსა, ხომ იცით, არჩევნების დროს ყოველთვის გვპირდებიან, გოგი თოფაძეც არჩევნების გამო დამპირდა. დღემდე დაუბეჭდავია ის წიგნი.
ამ წიგნში არის ბევრი მარგალიტი. ჭალაზე რომ გაივლი და ლამაზი ქვა შეგხვდება, ასეთი მარგალიტია გამორეული. პოეზიაშიც ასეა, ჭრელ ქვებში რომ განსხვავებული ბროლი იპოვო.
ქართული პოეზიაც ასეა, ძალიან ცოტაა განსხვავებული და გამორჩეული. რომელსაც ღმერთი ბადებს. მარგალიტებსა, ალბათ ასეა კანონზომიერება…
– 4 წიგნის ავტორი ხართ…
– პირველი წიგნის „მელოდეთ“ რედაქტორი იყო ვახტანგ ჯავახაძე, მეორე წიგნს „სიკვდილს რომ შევეუღლები“ ჰქვია, რედაქტორია ამირან არაბული. მესამე წიგნია – „მე პლუს შენ“ (რედაქტორი კობა არაბული), მეოთხე წიგნს კი „აქ და იქ“ ჰქვია (რედაქტორი ნონა სუჯაშვილი). წიგნების რედაქტორებში ნამდვილად მიმართლებდა.
– პირველი ლექსები…
– პირველი ლექსები თბილისში გაზეთმა „ქართულმა ფილმმა“ დაბეჭდა, მისი რედაქტორი ქალბატონი ნატო ციციშვილი იყო. მისი დიდი მადლიერი ვარ, მან მომნათლა. ჩემი ნათლიაა. ქალბატონი ნატო რომ არა, მე ვერ შევძლებდი სწავლას თბილისში. ყველანაირად გვერდში მედგა და მეხმარებოდა. მადლობა „ქართული ფილმის“ რედაქციას, ყველანი ძალიან მიყვარან.
– როგორ იწერება ლექსი?
– როგორც ცრემლი მომდის თვალიდან, ისეა წერა ჩემთვის. ისე მომდის ლექსი. არ ვიცი, როდის წამოვა ცრემლი…– ერთი ლექსი…
ჩემი თერგივით ღელვით ვიწყები,
ჩემი თერგივით ცრემლით ვმთავრდები,
შენ კი არასდროს არ მავიწყდები,
შენ კი არასდროს არ მედარდები.
ბეღურასავით ხელში გიკვდები
და სიყვარულით ცამდე ვმაღლდები,
ამ სიყვარულზე კვლავ მოგიყვები,
როცა მეორედ დავიბადები,
როცა ზეციდან კვლავ გესტუმრები,
ცისფრად მოსილი თოვლის ვარდებით,
მაშინ ნამდვილად მოგეწონები,
მაშინ ნამდვილად შეგიყვარდები…
– მძიმე ავადმყოფობა გადაიტანეთ და გამოჯანმრთელდით. ამაზე ხშირად გიამბია ჩვენთვის, როგორ დაგეხმარათ ბერი გაბრიელის მადლი და შემწეობა…
– საოცარი რამ გადამხდა თავს. მიჭირს აუღელვებლად ამის გახსენება… ღმერთი მწამდა, თამარო, ბავშვობიდან. აღდგომაზე კვერცხებსაც ვღებავდით, ვლოცულობდით კიდეც. თუმცა, აღდგომებზე, დაღებილი ხელებით ვერ მიხვიდოდი სკოლაში. ეკლესიები დაკეტილი იყო მაშინ. კომუნისტების დროს აკრძალული იყო ეკლესია და ყველაფერი. მასწავლებლებიც გაფრთხილებულები იყვნენ, ლექციას გვიტარებდნენ, რომ ღმერთი არ არსებობდა. ერთ მასწავლებელს ვუთხარი, არსებობს-მეთქი. აბა, სად არისო, დამანახვეო და ხელი გამკრა.
კვერცხები რომ შეგვეღება და წითელი ხელები გვქონოდა, იმაზე გვცემდნენ. ასეთ გარემოში გავიზარდე.
იმ დროს ხატობები იმართებოდა. ხატში მიდიოდა ხალხი, საკლავს კლავდნენ, ხატობაზე ვიმალებოდით, რომ მასწავლებლები არ დაგვენახა. შორიდან დავინახავდით მასწავლებელს ხატში და გავრბოდით… ისინი ჩვენზე მაგარი მორწმუნეები იყვნენ და ჩუმად მიდიოდნენ. ასეთი რწმენა მქონდა ბავშვობიდან…
რაც შეეხება ავადმყოფობას. ბოლო წლებში ძალიან ცუდად გავხდი, დამიდგინეს სიმსივნე, ნაწლავი გადაიკეტა. წავედი ექიმებთან. მითხრეს, ან ოპერაციას გაიკეთებ და ნაწლავს მუცელში გამოიტან, არ გაიკეთებ ოპერაციას და, ვერ გადარჩებიო…
მე ვუთხარ, მირჩევნია მოვკვდე, ეგეთი ცხოვრებით ვერ ვიცხოვრებ-მეთქი.
ბერი გაბრიელი მიშველის-მეთქი, ვიფიქრე. ვგრძნობდი, შინაგანი ხმა მეუბნებოდა, წადი, წადი… და გადარჩები, ექიმებს დაანებე თავი. მართლაც, წავედი სამთავროში. ბერ გაბრიელს ვესაუბრებოდი. ვლოცულობდი, ველაპარაკებოდი… ზეთს ვსვამდი, ჯვარს გავიკეთებდი შუბლზე, ვლოცულობდი.
მუხლები მეტკინებოდა, ავდგებოდი, ისევ დავიჩოქები… ორი საათი დაახლოებით თუ მეტი არა. თან ავადმყოფობისგან სუსტად ვიყავი… გავხდი… როგორც მაგნიტი, ისე მიზიდავდა ბერი გაბრიელი… დაახლოებით ათი დღე დავდიოდი სამთავროში… შემდეგ მივედი ექიმთან და გაოცდა – მოწესრიგებულია საჭმლის მონელების და გადამუშავების ორგანოებიო. გაკვირვებული ექიმი მეუბნება, შენ უკვე ექვემდებარები სხივურ თერაპიასო… არ მინდოდა სხივური თერაპია, გაბრიელი გადამარჩენს – მეთქი, მაინც წამიყვანეს ძმამ და მეგობრებმა და სხივურ თერაპიაზეც ვიარე.
ბერი გაბრიელის წყალობა იყო, რომ იქამდე მივსულიყავი, წარმოიდგინე, სიკვდილს მიწინასწარმეტყველებდნენ, თუ ოპერაციას არ გავიკეთებდი, მეტი შანსი არ იყო. ან ოპერაცია, ან აღარ ვიქნებოდი ცოცხალი.
მას მერე გავიდა ერთი წელი, ისევ ისე კარგად ვარ, ბერი გაბრიელის მადლით. მისმა რწმენამ, ლოცვამ და ბერი გაბრიელის დიდმა სიყვარულმა მიშველა.
ეს სასწაულია, სასწაულებისა უნდა გვჯეროდეს, თუ არ დავიჯერეთ, სასწაულს ვერ დავინახავთ.
– უკვე ახალი ლექსები მოგიგროვდათ… ახალ კრებულის გამოცემა კარგი იქნებოდა…
– ბოლო წიგნი „აქ და იქ“ არასამთავრობო ორგანიზაციამ დამიფინანსა. მე არ მაქვს იმდენი საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით გამოვცე, არც იმდენი ხელფასი მაქვს, ვაგროვო და დავბეჭდო. მით უფრო, ბოლო დროს, ავად რომ ვიყავი, წამლები და სხვანაირი ხელშეწყობა მჭირდებოდა… ყველაფერი მაშინ დამეხარჯა, პატარა მეურნეობა მქონდა, ავად რომ ვიყავი, ძროხები გავყიდე… თუ სპონსორი გამოჩნდა, 300-გვერდიანი წიგნი კიდევ დაიბეჭდება.
– პატრიარქის ნაჩუქარი ოქროს კალამი გაქვთ…
– დიდი ბედნიერებაა, რომ პატრიარქს ვიცნობ და მიცნობს. სნოში ხშირად ვატარებდით პოეზიის საღამოებს, უწმინდესიც ბევრჯერ დასწრებია, უწმინდესს უყვარს ხელოვნება, ყველაფერი ქართული, ლექსიც და სიმღერაც, სადაც უწმინდესია, იქ სულ დღესასწაულია.
ახლა, როგორც მე და თქვენ ვსაუბრობთ, ასე ვსაუბრობდი პატრიარქთან, ლექსები წამიკითხავს.
პატრიარქმა ოქროს კალამი მაჩუქა, ასევე – ჟილეტი. ერთხელ, ყაზბეგში ჩამოსულმა შილიფად ჩამული მნახა, შეგცივაო, მითხრა და ინგლისური მაუდის ჟილეტი მაჩუქა. მისი სახსოვარი ვერცხლის ჯვარიც უძვირფასესია ჩემთვის… უყურადღებოდ არასოდეს მტოვებდა, ხან რას გამომიგზავნიდა, ხან რას. დედა რომ გარდამეცვალა, ფული გამომიგზავნა. ფულით სხვა დროსაც დამხმარებია.
იცოდა ჩემი გაჭირვებული მდგომარეობა. თუ დღემდე მოველ და ეკონომიურად შიმშილით არ მოვკვდი, პატრიარქის დიდი დამსახურებაა.
– დალხინებული ცხოვრება არ გქონიათ, მაგრამ ყაზბეგი არ მიატოვეთ და ისევ განაგრძობთ სოფელში ცხოვრებას…
– მიყვარს აქ ყოფნა… დიდხანს რომ ვარ თბილისში, უზომოდ მენატრება აქაურობა, თითქოს 10 წელი არ მინახავს ყაზბეგი. აქაური გარემო და ხალხი მიყვარს. აქ ისევ ისეთი ხალხი ცხოვრობს, უყვართ პოეზია, სულიერება.
მოხევეები ტრადიციების მიმდევარი ხალხია, ცივილიზაციამ თუ გლობალიზაციამ, უცებ რომ შემოიჭრა, აქამდე ვერ მოაღწია, იმის მიუხედავად, რომ ყველაზე მეტი ტურისტი აქ მოდის. ადათ-წესი, ქართული ტრადიციები, მენტალიტეტი, თუნდაც მოხევური დიალექტი შევინარჩუნეთ. ისევ ის არის, რაიც მამაჩემის დროს იყო და მამაჩემი მინერგავდა. მას პაპაჩემი უნერგავდა… და იმის პაპა… რაღაც რაღაცები კი შეიცვალა, მაგრამ ადამიანს სახე არ დაუკარგავს ხევში.
აქ მეტია სიყვარული. ერთი ადამიანი რომ გაჭირვებული ნახონ, მთლიანი სოფელი გევრდში დაუდგება. ასეთ გარემოში, ასეთ ხალხთან ცხოვრება ნამდვილად ბედნიერებაა.
ხევი ისევ იმ ტრადიციებს მისდევს, რაზეც ალექსანდრე ყაზბეგი წერდა. მინდა, რომ მომავალმა თაობებმა ისევ ასე იცხოვრონ, იმ ღირებულებებით, ტრადიციებით, სიყვარულით, დღეს, გუშინ და გუშინწინ ხევს რომ ჰქონდა.
რაც უნდა ბევრი ტურისტი მოვიდეს, ქარმა შემოხვეტოს, მოვა მეორე ქარი და გადახვეტს, აქ ადამიანებს ცუდი არ ეკარებათ, როგორც მარმარილოს არ ეკარება ტალახი. გაივლის, წავა… მე მიყვარს ხევი და ჩემი მოხევეები, საქართველო მიყვარს. ქართულ წიგნზე, სიმღერაზე გავიზარდე და იმ ხმებს, ქართული პოეზიის მადლს, ქართული სუფრის მადლს ვერავინ ამოშლის ჩემი ცნობიერებიდან. რაიც კი ღირებული და კარგი გაგვაჩნია, ისევ არის ხევში. ხატობები იმართება, არ არის მართლმადიდებლურიო, ამბობენ. ბოლოს და ბოლოს, საკლავს რომ დაკლავს და მიაწვდის ხორცს უპოვართ, ეს უკვე ქრისტიანულია.
– კვირიკობა აღნიშნეთ…
– კვირიკე და ივლიტა წმინდანები არიან. ჩვენი გვარის მფარველია კვირიკე და, როგორც სვანეთშია კვირიკობა, აქაც 28 ივლისს მოდის. ზოგჯერ ვფიქრობ, ჩვენი გვარი სვანეთთან რამე კავშირში ხომ არ არის- მეთქი. ბიძაჩემს, ცნობილ პოეტს მირანგულ ავსაჯანიშვილსაც ხომ სვანური სახელი მირანგულა ერქვა.
ჩემი ბიძაშვილი აგებს ტაძარს კვირიკეს და ივლიტას სახელზე, ყაზბეგის რაიონში არ არის ასეთი ტაძარი, მომავალ წელს გაიხსნება. ყველას გეპატიჟებით.
თამარ შაიშმელაშვილი