„მინდა ყველას იმედი გავამართლო“ – როგორ დაეხმარა გიორგი ქადარიას – GiiO-ს მეუღლის საჩუქარი…
ბელგია ელექტრონული მუსიკის პრესტიჟულ ფესტივალს – Tomorrowland-ს მასპინძლობს, რომელშიც ფესტივალის ისტორიაში პირველად ქართველი DJ გიორგი ქადარიაც მონაწილეობს.
ფესტივალი 500-მდე DJ-ს უმასპინძლებს, მაყურებელი კი წელს მსოფლიოს 67 ქვეყნიდან ჩავიდა. ამ ფონზე ნამდვილად პრესტიჟულია ქართველი დიჯეის გამოსვლა ფესტივალზე.
„ილოცეთ ჩემთვის“, – ასეთ გზავნილს უტოვებს საქართველოს გიორგი ქადარია.
– ასეთ დროს განცდების აღწერა რთულია… რადგან არ იცი, საიდან დაიწყო. რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების მნიშვნელობის შესაბამისად – ვღელავ და მინდა, რაც შეიძლება კარგად წარმოვჩინდე…
მით უმეტეს მაშინ, როცა მსოფლიოს 67 ქვეყნიდან ჩამოსული მაყურებელი ერთად პირველად მოუსმენენ ქართველი DJ-ს შესრულებას ამ ფესტივალზე… მოლოდინი ძალიან მაღალია მსმენელთაგან, ისინი Tomorrowland-ზე მხოლოდ საუკეთესოს ელიან. იმის მიუხედავად, ხარ შენ ცნობილი DJ თუ არა… ასე რომ, ილოცეთ ჩემთვის…
– დიზაინერმა მეგი გაბუნიამ საგანგებოდ შეგიკერათ ტანსაცმელი. მასთან შეხვედრაც მოულოდნელად შედგა… როგორია ეს დიზაინი და რამდენად მოგწონთ?
– მეგი გაბუნია რომ კარგი დიზაინერი იყო, ვიცოდი, მაგრამ ახლა დავრწმუნდი, რომ საუკეთესოა!.. 3500 კილომეტრ მანძილზე შეკერილი სამოსი ისე მომერგო – თითქოს 100-ჯერ აზომილი ყოფილიყოს… დიზაინი პირდაპირ უმაღლესი მოდის სტანდარტს უდრის და გულწრფელად ვამბობ, არა მარტო ჩემს გემოვნებას აკმაყოფილებს, არამედ თავისი ხელწერა ყველაფერში ოსტატურად შეინარჩუნა..
უნაკლო ნამუშევარია. მადლობა მეგი გაბუნიას.
– როგორია საფესტივალო გამოსვლის პროგრამა და რამდენად გრძნობთ საქართველოდან მხარდაჭერას?
– პროგრამა საათნახევარს მოიცავს (სტანდარტია ფესტივალის). სუპერვასკვლავებსაც იგივე დრო აქვთ გაწერილი. მაგალითად, Tiestoc, David Guetta, Solomuni და მეც, GiiO საათნახევარი დავუკრავთ.
მხარდაჭერა დიდად იგრძნობა და ამან უფრო მეტი მღელვარება შემმატა. მინდა ყველას იმედი გავამართლო… მადლობა უკლებლივ ყველას, მხარდაჭერისთვის – მადლიერებით…
– სკოლა, ოჯახი, მშობლები… როგორ გარემოში იზრდებოდით?
– დავამთავრე 47-ე სკოლა. მერე თეატრალური უნივერსიტეტი. ვიზრდებოდი, როგორც ყველა – გაჭირვებაში, თუმცა გამტანობით.
რა მოგახსენოთ, რომელი და რანაირი სახის, ფორმის თუ რაოდენობის მადლობა იქნება საკმარისი, რომ მშობელს უთხრა ყველაფრისთვის… დედაჩემი და ჩემი და ყოველთვის იყვნენ ჩემი ოცნებების სულის შთამბერავნი და, რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე. მათი თანადგომა ისეთი მძლავრია, რომ შეიძლება მართლა ყველა საკარიერო ოცნება ავისრულო.
– პროფესიით მსახიობი ხართ. მუსიკისადმი მისწრაფება როდის დაიწყო?
-პრინციპში 7 წლის ასაკიდან, როცა სოლფეჯიო ბავშვურად შემძულდა და გალობამ და ხალხურმა მუსიკამ გამიტაცა… მუსიკისადმი ინტერესი სულ მქონდა.. მოზარდობაში რეპით ვიყავი გატაცებული და რამდენიმე სინგლიც მქონდა ჩაწერილი. კარგი მეგობრების – აჩიკო ვანიშვილის „ძვალი“, TL ლევან ჩიჩუას, Davi -ს და ასევე რეჟისორ გიორგი გოგიჩაიშვილთან (და კიდევ ბევრ ნიჭიერ ადამიანთან) მრავალ საინტერესო პროექტში მივიღე მონაწილეობა.
DJ -ობამ 1999 წლიდან გამიტაცა…
– ერთგან ამბობთ, რომ მეუღლის ნაჩუქარმა მოწყობილობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა, დიჯეი რომ გამხდარიყავით… თუ ეს ფაქტი უბრალოდ კატალიზატორი იყო?
– DJ უკვე ვიყავი ჩემს წარმოსახვებში და უკვე სამსახურებრივი გამოცდილებითაც, თუმცა ამ საქმის პროფესიულ დონეზე აყვანას ზურგის ქარივით ხელი შეუწყო მეუღლის საჩუქარმა… უდავოდ!
– მსოფლიოს ცნობილ კლუბებში უკრავდით, იბიცაზე კი ახალი ჩასული ხართ… რა საქმიანობას ეწევით ამჟამად? როგორ შეაფასებთ თავად თქვენი ცხოვრების ამ პერიოდს?
– ნამდვილად ბევრ დიდ და ცნობილ კლუბში დავუკარი და არაერთხელ. თუმცა იბიცაზე ცხოვრების გამოცდილება და ამ სუბკულტურის შუაგულში ყოფნა სულ სხვაა… მარცხნივ გაიხედავ, ლეგენდარული კლუბი Pacha, მარჯვნივ გაიხედავ კრისტიანო რონალდო სადილობს „კუპიდოში“. საინტერესოა ასეთ გარემოში ცხოვრება..
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც კარიერულ, ასევე პირად ცხოვრებაში. პრინციპში ხომ ყველა ცვლილება მნიშვნელოვანია.
ზაფხულში ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს.. კარგად მოვეწყვეთ მეც და მეუღლეც ახლა მთავარია, ჩვენი შვილიც კარგად შეეწყოს – ჯერ საქართველოშია, ზაფხულის არდადაგებზე. მარლი გვენატრები უზომოდ.
– ამბობთ, რომ გინდათ, იბიცაზე სახელოვანი დიჯეი იყოთ… ამავე დროს, საკუთარ მუსიკასაც წერთ… რა ჟანრის მუსიკა იქნება?
– კი, ნამდვილად მინდა სახელოვანი დიჯეი ვიყო არამარტო იბიცაზე, არამედ მსოფლიოს მასშტაბით… მუსიკალური მიმართულება Future და Deep House. იმედი მაქვს, ზამთრის გასაყარზე კარგი პროდუქტით წარვდგები თქვენ წინაშე.
– საქართველოს თუ უკავშირდება სამომავლო გეგმები?
– საქართველო ყოველთვის არის ქართველი ემიგრანტის გეგმაში… ეს მეტად მგრძნობიარე საკითხია… რაღაც პროექტები არის დაგეგმილი შემოდგომა – ზამთრის პერიოდში და აუცილებლად ერთი- ორი ივენთიც. იმედი მაქვს, ყველა ერთად „ვითუხთუხებთ”…
– გვიამბეთ მეუღლეზე და შვილზე… როგორ შექმენით ოჯახი და რამდენად გაძლევთ სტიმულს თქვენს მოღვაწეობაში?
– ჯერჯერობით ერთი ვაჟი – მარლი ილია ქადარია, 7 წლის. როგორც ყველა ბავშვი, ისიც ჭკვიანი, კეთილი და ნიჭიერია…
მეუღლე ვანესა ლაზილ-ქადარია, წარმოშობით ზღაპრული ქვეყნიდან დომინიკის რესპუბლიკიდან არის. ლამაზი, გულკეთილი და მოსიყვარულე… ძალიან მიხარია, რომ თავისი საყვარელი საქმის კეთების საშუალება მასაც ეძლევა იბიცაზე. რა თქმა უნდა, ჩემი „ცხოვრების ძრავია“ ორივე.
თამარ შაიშმელაშვილი