,,გახსოვს, უფალო, რა მშვიდი იყო ის დილა ბაღში…“
ლამაზი ბავშვობა და სკოლის პერიოდი ჰქონდა. მრავალფეროვან, თითქმის ჯადოსნურ გარემოში ცხოვრობდა – ცეკვავდა, ხატავდა, წერდა… შემდეგ იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. დასამახსოვრებელი წლები… ლექსები და ორი კრებულის გამოცემა. ამ ბოლო დროს კი გობელენების ქსოვა დაიწყო და აღმოაჩინა, რომ ყველა გობელენი, რომელიც მოქსოვა, რომელიმე მის ლექსს შეესაბამება. სახელწოდებასაც მოგვიანებით აძლევს ხოლმე და, ძირითადად, საკუთარი ლექსის სტრიქონებია.
– თუკი რამ კარგად მახსენდება ეს ჩემი ბავშვობაა. უზომოდ მადლიერი ვარ სამყაროსი ჩემი მშობლებისა და ბავშვობის გამო. იმდენად ჰარმონიულ გარემოში ვიზრდებოდი, რომ შემდეგ ცოტა არ იყოს გამიჭირდა ცხოვრებაში ადაპტირება. მეგონა, ეს ნორმა იყო და ყველგან ყველაფერი ასევე კარგად იყო.
– სკოლის პერიოდი და შემდეგ – ჟურნალისტიკის ფაკულტეტი...
– გამიმართლა, სკოლაშიც არაჩვეულებრივი პედაგოგები და მეგობრები მყავდა. შემოქმედებითი, მეგობრული გარემო იყო. აუცილებლად უნდა გავიხსენო ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი დალი ლორია, რომელმაც კიდევ უფრო გამიმძაფრა ქართული ლიტერატურის სიყვარული, სხვა კუთხით შეგვახედა ბევრ საკითხს. მაშინ, საბჭოთა წყობილების პირობებში, ყოველგვარ დაშტამპულისა და ჩარჩოებში მოქცევისგან გვიცავდა, ნაწარმოებების განხილვისას, სრულ თავისუფლებას გვთავაზობდა ზედმეტი იდეოლოგიისა და პათოსის გარეშე, ადამიანურ განცდებსა და იდეალებზე გვაფიქრებდა.
თითქოს ჩუმი და წყნარი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ძალიან აქტიური ცხოვრება მქონდა, სკოლასთან ერად ცეკვაზეც დავდიოდი ე. წ. სუხიშვილების სტუდიაში. მუდმივად გადაღებების, კონცერტების, საგასტროლო ტურნეების რეჟიმში, ვხატავდი, ვკითხულობდი, ვწერდი. ეს ყველაფერი ერთად მრავალფეროვან, ჯადოსნურ გარემოს ქმნიდა, რაღაც რეალურსა და ირეალურს შორის ერთდროულად ვცხოვრობდი. მიყვარდა, მომწონდა ჩემი ასეთი ცხოვრება. ალბათ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზეც ამიტომ ჩავაბარე, მრავალფეროვნებისა და აქტიურობის გამო. თუმცა, დღესაც მგონია, რომ 17-18 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ ვართ მზად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
– სტუდენტობა 90-ანი წლების ტკივილიან პერიოდს დაემთხვა…
– სტუდენტობა საუკეთესო ხანაა ადამიანის ცხოვრებაში, ასე ვიცოდი, ასე მქონდა გაგონილი. ამიტომ მოლოდინიც დიდი იყო. ჩვენი სტუდენტობა ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა. იყო მიტინგები, გამოსვლები, იყო სიხარული და აღმაფრენა, იყო ტკივილიც და იმედგაცრუებაც. პრინციპში, იმდროინდელი სტუდენტების ცხოვრება დიდად არ განსხვავდებოდა საქართველოს დანარჩენი მოსახლეობის ცხოვრებისგან. იყო გაცდენილი ლექციებიც, იყო გაყინული აუდიტორიები, ხელთათმნიანი ხელით ჩაწერილი კონსპექტები.
რა თქმა უნდა, მახსოვს ბატონი ნოდარ ტაბიძე, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი, რომელიც ძალიან უხდებოდა უნივერსიტეტს, მისი თუნდაც ერთი ფრაზა, სიტყვა, ზოგჯერ სახის გამომეტყველებაც კი უკვე გაკვეთილი იყო. ქალბატონი დალი ჩიკვილაძე, რომელიც თვალებანთებული გვესაუბრებოდა მე-19 საუკუნის ქართულ ჟურნალისტიკაზე და საზოგადო მოღვაწეებზე, მით უფრო, რომ ეს თემა პირდაპირ ეხმაურებოდა ჩვენს სტუდენტობისდროინდელ რეალობას.
– ბავშვობიდან წერდით… პირველი ლექსები…
– ვწერდი, როცა წერა-კითხვა არ ვიცოდი. დედას ვთხოვდი ხოლმე ჩაეწერა, მე ვკარნახობდი. მერე და მერე, სკოლის პერიოდშიც ვწერდი ჩემთვის, მაგრამ ძალიან სერიოზულადაც არ ვეკიდებოდი ამას. ზოგჯერ მხოლოდ გონებაში ვწერდი და ფურცელზე აღარ გადამქონდა. პირველი ლექსები, რა თქმა უნდა, ბავშვური იყო, ახალ წელზე, თოვლის პაპაზე, გაზაფხულზე…
– კრებულიდან კრებულამდე…
– კრებულიდან კრებულამდე… თითქოს ვცარიელდები წიგნის გამოცემის შემდეგ, თითქოს რაღაც ეტაპი მთავრდება ჩემს ცხოვრებაში და ახალი იწყება. იმ ახლისთვის კი ავსებაა საჭირო.
– თქვენი ლექსები მძაფრი შეგრძნებებით და ემოციებით გამოირჩევა. როდის წერთ ლექსებს?
– ლექსების უმეტესობა საგურამოშია დაწერილი. თბილისში, როგორც ამბობენ, ასფალტზე გაზრდილი ადამიანისთვის, ძალიან ძლიერი სტიმული გახდა საგურამოში გადასვლა. მანამდე ამდენი ხნით და ასე ახლოს ბუნებასთან არასდროს ვყოფილვარ. ყველა ყვავილი, ყველა ფოთოლი განსაკუთრებულ შეგრძნებებს იწვევდა, ახლებურად ვხედავდი სამყაროს. დილის თრთვილი თექის თხელ ფენას ჰგავდა, თოვლიანი მთების გეომეტრია წვერწამახული ფანქრებივით თითქოს ცას გულზე აკაწრავდა სიტყვა ,,სამშობლოს“.
ძალიან სევდიანი ამბავია, თუნდაც მხოლოდ თვალისთვის, რადგან მაშინ ეს მთები ზამთარ-ზაფხულ თოვლით იყო დაფარული, ახლა კი თოვლი დადნა. თუ ჩავუღრმავდებით ფიქრს და გავყვებით, უფრო გლობალურ პრობლემამდე მივალთ, ამიტომ აქ გავჩერდები.
– „ხვარამზეობაზე“ პირველი პრემია დაიმსახურა ლექსმა „ჭრიჭინობელებმა რა იციან“…
– ეს ლექსიც საგურამოში დაიწერა, ზაფხულის ცხელ ღამეს. რაიმე კონკრეტულ ისტორიას არ უკავშირდება. ზოგჯერ ასე მემართება, განწყობა მეცვლება, დილიდან ცუდ ხასიათზე ვდგები, ჩუმად დავდივარ მთელი დღე, თითქოს უმიზეზოდ, საღამოს კი ლექსი იწერება. ქვეცნობიერიდან ამოდის განცდა და მხოლოდ წაკითხვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რაზეა ლექსი. ქვეცნობიერში დაგროვილი განცდები კი სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ელფერისაა, თავისებურად ,,გადამუშავებული“, ამიტომ უფრო მგონია, რომ მრავალი შრის წაკითხვა შეიძლება, ვისთანაც რა მოვა ახლოს. ამ ლექსში სიმარტოვეცაა, მონატრებაც, სიყვარულიც, იმედიც, იმედგაცრუებაც, მოგონებაც და თავის მოტყუებაც, სიცოცხლისა და ახალგაზრდობის წარმავალობის განცდაც და მუდმივად ბავშვად დარჩენის სურვილიც.
– ლექსი „ევას მონოლოგი“ მესამე შვილის შეძენის მერე დაიბადა. როგორ გაიხსენებთ ამ ისტორიას?
– ოქტომბრის თბილი, მზიანი დღე იყო. ჰაერზე, ეზოში ეძინა ნიკას. ვიჯექი და ამ ლამაზი მშვიდი დღით ვტკბებოდი, ერთი მხრიდან მთები, თავზე კი ზედაზნის ჯვარი დამყურებდა, მეორე მხარეს არაგვის ხეობა იშლებოდა. ისეთი ჰარმონია ვიგრძენი სამყაროში, და ისეთი ერთიანობის განცდა დამეუფლა მასთან, მეგონა, ეს იყო სამოთხე და სიტყვებიც თავისით წამოვიდა ლექსად: ,,გახსოვს, უფალო, რა მშვიდი იყო ის დილა ბაღში…“
– „ცხოვრება როგორც Facebook“… Copy-paste-თი გადაღებული მთვლემარე დღეები … ლექსი ჩვენი დღევანდელობის მძაფრი ანარეკლია…
– ერთი კონკრეტული ისტორია ამ ლექსსაც არ აქვს. ეს იმ ერთფეროვანი და მოსაწყენი დღეების ამბავია, რომელიც ძალიან გამიხანგრძლივდა. მთავარი მიზეზი უგუნებობის და უიმედობის მაინც ის იყო, რომ ვერ მოვახერხე არსებულ სინამდვილეში ადაპტირება და რეალიზება, მაგრამ იმასაც ვაცნობიერებდი, რომ მთავარი ,,დამნაშავე“ აქ მხოლოდ მე არ ვიყავი და უამრავი ადამიანი ჩვენს თანამედროვეობაში ასეთივე მსხვერპლი იყო ჩვენი მუდმივად ქარტეხილებში, კრიზისში და გარდამავალ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისა. ამ განცდით დაიწერა ეს ლექსიც.
– როდის დაიწყეთ გობელენების ქსოვა? უკვე გამოფენაშიც მონაწილეობდით…
– მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი გობელენების ქსოვას. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. პერიოდულად ვუბრუნდებოდი ქსოვას ერთფეროვანი დღეების გასაფერადებლად. ბოლოს ორი წლის წინ დავიწყე პატარა ზომის, კედელზე დასაკიდი გობელენების ქსოვა, თან ახალი დეტალიც დავამატე. გობელენებს ზემოდან ლენტებით ვქარგავ. რაც ძალიან მომწონს. თვითონ იდეაც ჩემია, სხვასთან არავისთან მინახავს.
– რომელ ნამუშევარს გამოყოფდით გობელენებიდან?
– გამორჩევით, ალბათ, ,,მე კარგად მახსოვს, იდგა მკათათვეს“ გამოვარჩევდი. ფერთა გამით გამოირჩევა დანარჩენებისგან და მე ძალიან მომწონს… ეს დასახელება პირობითია… აღმოვაჩინე, რომ ყველა გობელენი, რომელიც მოვქსოვე, რომელიმე ჩემს ლექსს შეესაბამება. სახელწოდებასაც მერე ვაძლევ ხოლმე, ძირითადად, ლექსის სტრიქონებს.
– როდის მუშაობთ?
– ძირითადად, ღამით, როცა არ მძინავს.
– ხომ არ აპირებთ ლექსების მესამე კრებულის გამოცემას?
– ახალი კრებულისთვის, ჯერჯერობით, მზად არ ვარ.
– ჰობი…
– მიმაჩნია, ეს ყველაფერი ჰობია, წერაც, ქსოვაც…
– ოცნება, რომელიც ვერ ასრულდა…
– შეიძლება ჯერ არ ასრულდა, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ კიდევაც ასრულდეს. ბევრია ასეთი. ძალიან მინდა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძველი ქართული ტაძრების ნახვა. გივი ჟორდანიას წიგნი გვქონდა სახლში, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი ეს ტაძრები, უფრო სწორად კი მათი ნაშთები, ფოტოილუსტრაციებიც ახლდა, ვიჯექი და ვფურცლავდი დაუსრულებლად, სწორედ იმ დროიდან მაქვს ეს სურვილი. ასევე ძალიან მინდოდა მთაწმინდაზე ცხოვრება, ჩემი მშობლები და ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ, სანამ მე გავჩნდებოდი.
ეს სიყვარული ალბათ გენეტიკურად გადმომეცა-მეთქი, ვფიქრობდი. ასე მეგონა, ძველ უბნებში თუ ვიცხოვრებდი, სულ სხვანაირი ცხოვრება მექნებოდა, რაღაც ამოუხსნელი ხიბლი აქვს ჩემთვის ძველ თბილისს და განსაკუთრებით მთაწმინდის იმ მონაკვეთს, სადაც ჩემები ცხოვრობდნენ, იქ სულ სხვანაირად მიცემს გული.
შარშან სპეციალურად წავედი და ვიპოვე სახლი, სადაც მამაჩემი დაიბადა და გაიზარდა, ფოტოებიც გადავიღე და ბედნიერი დავბრუნდი სახლში.
ასეთი სურვილები მაქვს, რა ვიცი, განსაკუთრებული არაფერი.
– როგორ სამშობლოს ისურვებდით?
– ძველ კადრებს რომ ვუყურებ, ჩემი ბავშვობის პერიოდის თბილისს, მხოლოდ მომღიმარ სახეებ ვხედავ ქუჩებში, ლაღებს, ხალისიანებს. დღეს სულ დაღვრემილი, მხრებში (საკუთარ საზრუნავში) თავჩარგული ადამიანები მხვდებიან. მინდა, რომ ყველა ადამიანი რეალიზებული იყოს, თავი ნიჭის და უნარის მიხედვით დასაქმებული, მგონია, რომ რეალიზებული ადამიანები ბედნიერებიც იქნებიან.
– ერთი ლექსი…
ევას მონოლოგი
გახსოვს, უფალო, რა მშვიდი იყო ის დილა ბაღში,
მზეს არშიებით მოექარგა ყოველი ტოტი
და ვით გალობა იადონთა, რაკრაკი წყალთა,
რძისა და თაფლის მდინარეთა, მესმოდა ყურში.
დაცვარულ ნაყოფს ვერ მოვწყვიტე ვერაფრით თვალი,
ყელზე სამწყებად შემოხვეულ მაცდურს ვემონე
და ვით პატარა იმ ბრჭყვიალა სათამაშოთი,
მე მოვიხიბლე…
გცოდე, უფალო,
და ამ ცოდვით სამოთხე დავთმე,
ვიცი შენდობა არა მაქვს ალბათ,
და იმ დილიდან, როს პირველად ვიგემე ცოდვა,
მტირალი დავალ…
და იმ დილიდან ყველა ქალის ტკივილი დამაქვს,
ქურდის, მეძავის, უბრალოდ მდედრის,
ტკივილი შობის, ტკივილი შურის,
გავიზიარე მე მათი ხვედრი….
და იმ დილიდან თითქოს ზურგით დოლაბი დამაქვს,
გადავიტანე ყველა ბრძოლა და ყველა ომი
და ვით ფარვანა ფრთადამწვარი, ფარფატით დავალ,
თავზე დამენგრა ყველა სახლი და ყველა ქოხი,
თუმცა მაცვია ახლა უკვე სულ სხვა სამოსი,
ვერ დავიფარე სულის სიშიშვლე,
ეს მერამდენედ გცოდე, უფალო,
რამდენი კაცის ცოდვა ვიშვილე.
ვიცი, შეგცოდე,
არაფერს ვითხოვ…
უბრალოდ ისევ მომენატრა,
როგორც წარსულში,
თავი ჩაგიდო კალთაში მშობელს,
თუ მიმიღებდი ღვთის სიტყვის მგმობელს,
ისევე როგორც გუშინ, გუშინწინ…
როცა გვრილებს ვიწნავდი თმაში და
ცხელ ქვიშაში ნაფეხურებს ვითვლიდი მამის…
არაფერს ვითხოვ,
თავს ჩაგიდებ კალთაში მხოლოდ,
დავიღალე და მოველი ნუგეშს,
ქალი ვარ მაინც.
თამარ შაიშმელაშვილი