რას ურჩევს მამაკაცებს 70 წლის სტუდენტი – გიორგი მიქაძე…
პერსონის გმირი 70 წლის სტუდენტი მამაკაცია. 68 წლის იყო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი რომ გახდა. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის“ პროფესიული მოდულური პროგრამა 2 წელსა და 8 თვეს გასტანს – გიორგი მიქაძე თავის ცხოვრებაზე, სტუდენტობაზე და დეპრესიაში ჩავარდნილ მამაკაცებზე.
– სანქტ-პეტერბურგში დავიბადე, სკოლაც იქ დაამთავრე. დედა წარმოშობით პოლონელი იყო, მაგრამ დაბადებული ვლდიკავკაზში. მეუღლეს, გვარად ღუდუშაურს ვლადიკავკაზში ჰქონდა ფესვები. უფროსი ვაჟიც ვლადიკავკაზში დაიბადა.
მამა წარმოშობით კულაშელი იყო. წარმოშობით სამიქაოდან მეგრელები ვართ. ბებია მიქელაძე მყავდა, იქ, მიქელაძეების სახლში ბავშვობაში ჩავდიოდი, კალაძის მამას ვეთამაშებოდი ფეხბურთს. კიდევ კარგი, არ ვუგებდი (იცინის).
კარგი თანამდებობაც მქონდა ლენინგრადში, სანქტ-პეტერბურგის პროფკავშირების კულტურის უმაღლესი სკოლა დავამთავრე, რომელიც მერე ტურიზმის აკადემია გახდა. მოსკოვში ასპირანტურაშიც ვსწავლობდი… ინგლისური და რუსული ენები კარგად ვიცოდი და კარგი მოწაფე ვიყავი. ავირჩიე სუფთა პროფკავშირული საერთაშორისო ცხოვრება. ოჯახით ვაპირებდი საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ მეუღლემ ვერ გაუძლო ანტიოსურ ამბებს. ყველაფერი დავუტოვე და მარტო დავბრუნდი საქართველოში. მამიდა მყავდა მასწავლებელი. თბილისში, ფიროსმანზე ჰქონდა ბინა, შვილები არ ჰყავდა. მეხვეწებოდა, ჩამოვსულყავი. საბოლოოდ, 9 აპრილის შემდეგ, 90-ან წლებში, დავბრუნდი. ძალიან იმოქმედა 9 აპრილმა, ვეღარ გავძელი რუსეთში.
რომ ჩამოვედი, ის-ის იყო, რიტუალების სასახლე იხსნებოდა. კონკურსში მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. ლენინგრადში მიღებული გამოცდილება საქართველოში გამოვიყენე. დისკოთეკები ჩავატარე, ანსამბლები ჩამოვაყალიბე. სხვადსხვა დროს, ადგილობრივი კურორტების სამინისტროში, თბილისის საკურორტო სამმართველოშიც ვმუშაობდი. აქტიური მონაწილეობა მივიღე გუდაურის გახსნაში.
საბჭოთა კავშირი როცა დაიშალა, უმუშევარი დავრჩი და მუსიკამ გადამარჩინა…
– როგორ?
– ყოველთვის ვუკრავდი და ვმღეროდი, სანქტ-პეტერბურგში „ბიტლზებზე“ და ინგლისურენოვან ჯგუფებზე გავიზარდე. 7 წელი ბარში ვუკრავდი, ამან მიშველა.
ვუკრავდი, ვმღეროდი, ერთხანს მენეჯერიც ვიყავი. სანქტ-პეტერბურგში საბუღალტრო უმაღლესიც მაქვს დამთავრებული.
– რაზე უკრავდით?
– სანქტ-პეტერბურგში შვიდწლედი დავამთავრე და ბაიანზე ვუკრავდი, რომელიც იგივე აკარდონია, მაგრამ ხელის ღილაკებიანი გარმონი. ვუკრავდი ბაიანზე, მაგრამ ინსულტის შემდეგ უკვე ვერაფერზე ვერ ვუკრავ.
– საქართველოში მეორედ დაოჯახდით…
– მეორე ცოლი აქაური გერმანელი იყო, ავადმყოფობდა და 10 წლის წინ გარდაიცვალა. 10 წლის ბიჭი კოტე დამრჩა. ახლა 22 წლისაა. ახლახან, 22 ივლისს ცოლი მოიყვანა.
– უნივერსიტეტამდე სწავლა არ შეგიწყვეტიათ… რამდენიმე პროფესიას დაეუფლეთ…
– პროფესიულ კოლეჯ „იკარუსშიდან“ დაიწყო მთელი ისტორია. ავად რომ გავხდი, ჩემმა ბიჭმა მითხრა: მამა, მე შენს ექიმთან ვიყავი და ნება დამრთო, შენ უნდა ჩააბარო ჩემთან ერთადო. რას ამბობ, შვილო, მალე 70-ის გავხდები, რა დროს სწავლაა-მეთქი? მამა, სპეციალურად გავიგე, მიღების წესდებაში არ წერია წლოვანებაო. დავუჯერე და ჩავაბარეთ ორივემ და არ მოვხვდით? უცხო ენა და რუსული ჩავაბარეთ და დიდი ქულები ავიღეთ. ერთი ამბავი იყო, გვიხაროდა, ჩავაბარეთ მხეცები ვართ!
დავიწყეთ სწავლა. მომეწონა რეჟიმი. მაშინ მივხვდი, რატომ ვიყავი დეპრესიაში. ყოველთვის გონებრივი მუშაობით ვიყავი დაკავებული და 90-ან წლებში, ნგრევის შემდეგ, უცებ შეწყდა ჩემი მუშაობა… წარმოიდგინეთ, ჩემი მდგომარეობა, სმით არ ვსვამ, ნარკომანი არ ვარ, ცოლი არ მყავს… შვილიშვილები არ მყავს… საშინელი დეპრესიაში დამეუფლა…
– ვიცი, რომ სანქტ-პეტერბურგში ახალგაზრდობის ლამაზი წლები გაატარეთ, იქ ფილმშიც გადაგიღეს…
– სანქტ-პეტერბურგი კულტურის ცენტრია, იქ დიდებული სტუდენტური დღეები გავატარე, ყველა წარმოდგენაზე უფასოდ შევდიოდი. პირადად ვიცნობდი გიორგი ტოვსტონოგოვს, ოლეგ ბასილაშვილს… ჩემი სტუდენტობა დაემთხვა იქ თეატრალური ცხოვრების აღმავლობას. კინოში მუშაობაც მოვასწარი, ბუბა კიკაბიძესთან ერთად. ზემოთ მიქელაძეები ვახსენე, ევგენი მიქელაძის ოჯახი ახლობელია.
ევგენის შვილი ვახტანგი რეჟისორი იყო. 18 წლის ვიყავი, როცა ვუთხარი, ვახტანგ, „ვგიკში“ ჩაბარება მინდა-მეთქი. მან ტიტე კალატოზიშვილს დაურეკა და სთხოვა ჩემზე, ახლო ნათესავია და იქნებ აიყვანო ფილმშიო. ბოლო მომენტში ამიყვანეს მეორე პლანის მსახიობად. რა ადგილები იყო გადასაღები, გაგიჟდებოდით – ლენინგრადი, ოდესა, მთელი ბალტიისპირეთი მოვიარე, ვაიკულე მაშინ გავიცანი. ფილმს „მე – გამომძიებელი“ ერქვა. მოქმედება ხშირად ბარებში მიმდინარეობდა… მაშინ ბარები საბჭოთა კავშირში სიგულდაში იყო… საინტერესო იყო გადაღების თვალსაზრისით – სტვენა, ჩხუბი, ბანდიტების დაჭერა…
კომპოზიტორი გია ყანჩელი იყო. მე ორჯერ გადამიღეს ზურგიდან, ვემადლიერები ვახტანგს, ვნახე ფილმის გადაღება შიგნიდან და მივხვდი, რა არის კინოს გაკეთება. ბუბამ იცოდა, რომ ვუკრავდი… მისთვის განსხვავებული ვიყავი გადამღებ ჯგუფში. სულიერად ახლობელნი ვიყავით.
– მესამე კურსზე ხართ, როგორია სტუდენტობა, რას განიცდით?
– უნდა იცოდეთ მიზეზი, რატომ ჩავაბარე. „იკაროსში“ სწავლის დროს გავარკვიე, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება გახსნილიყო ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის“ პროფესიული მოდულური პროგრამა“.
მივედი უნივერსიტეტში ამბის გასაგებად… ყველა სკეპტიკურად მიყურებდა, ჩემთვის კი მისწრება იყო სტუდენტობა. ძალიან მაკლია ქართული სკოლა, ბაღი, კულტურა… მინდოდა მესწავლა და გამიმართლა. დიპლომის გამო კი არა, ცოდნისთვის ჩავაბარე. 100 კაცი აბარებდა და როგორც მერე გავიგე, მე-10 ადგილზე მოვარტყი. სულ 10 აბიტურიენტი მიიღეს.
– როგორი ყოფილა სტუდენტობა ამ ასაკში?
– მომწონს, აკადემიურად გვასწავლიან. ჩემთვის ეს თერაპიაა. გიჟდებიან ჩემი ექიმები, ყველას ეუბნებიან, რად გინდათ ეს წამლები, მიბაძეთ მიქაძესო.
მუდმივად რეჟიმში ვარ. იოგაში ვვარჯიშობ, დილით 4 საათზე ვდგები, ვცხოვრობ თემქაზე, ზღვაზე, ინსულტიდან გამოსვლაში სუფთა ჰაერი დამეხმარა და ლექციებზე რომ დავიწყე სიარული…
ნელ-ნელა დავიწყე პიანინოზე დაკვრაც, ინსულტის შემდეგ ვეღარ ვახერხებდი. „რუსთავი 2“-ის სიუჟეტისთვის დავჯექი როიალთან და რეი ჩარლზის სიმღერა დავუკარი… ის სიყვარულზე, უფრო სწორედ სექსზე მღერის, რომ ყველაზე კარგი დრო არის ღამის დრო, ჩემთვის კი ყველაზე კარგი დრო არის ღამის დრო იმისთვის, რომ შევასრულო დავალებები.
– უნივერსიტეტს რომ დაამთავრებთ, გიდად იმუშავებთ?
– არა, მუშაობა ჩემთვის არ შეიძლება. ძალიან მინდა, ტურიზმის სფეროში თავად ვასწავლო ახალგაზრდებს. მინდა საუკეთესო კადრების მომზადებაში მივიღო მონაწილეობა.
ჩემი ბიჭიც – კონსტანტინე მიქაძეც უკვე ლექტორია „იკაროსის“ ქსელში. სიტყვამ მოიტანა და, ახლახან ევროპაში კოლეჯმა „იკაროსმა“ პირველობა მოიპოვა 26 კოლეჯს შორის. საერთაშორისო კონკურსზე “ევროპა 2018”-ზე, რომელიც გაიმართა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ჩემმა ბიჭმა დამოუკიდებლად ოქროს მედალი აიღო.
– ანუ სწავლა სიკვდილამდეო?
– აბა, რა გავაკეთო? გავიდე ეზოში, დავჯდე, ვიჭორავო, დავლიო ლუდი და ნარდი ვითამაშო? იმიტომ იხოცება ინტელიგენცია, ბევრს აქვს კარგი განათლება, მაგრამ პენსიაზე რომ გადიან, არავის რომ არ სჭირდებიან, იხოცებიან მამაკაცები.
საშინელი მდგომარეობაა ირგვლივ. პროფესიონალიზმი დაიკარგა. ქურდი რომ ქურდია, ორ წუთში რომ დაგიჭერენ, რა ქურდი ხარ?
საქართველოდან გარბიან. გაეროს ციფრებს გეტყვით – 2050 წელს საქართველო მილიონნახევარი დარჩება, აქედან რამდენი ქართველი იქნება, არ ამბობენ. ორ გოგონას ვიცნობ, ერაყელებს გაყვნენ ცოლად. მაგათ ქრისტიანი შვილები გაეზრდებათ?
მთელი პლეხანოვი არაქართველების ხელშია…
მე მივდივარ და ვის ვუტოვებთ საქართველოს, ჩემი შვილიშვილები რომ გაჩნდებიან, დარჩებიან კი აქ?
სწავლას რაც შეეხება ამ მომენტში არის ანტიდეპრესანტი. „იკარუსის“ ორი დიპლომი უკვე მაქვს – რეგიონალური გიდის და რესტორნის მენეჯმენტის. ვაბარებდი ასევე ტურიზმის ორგანიზაციაზე და სომელიეზე, მაგრამ უკვე დიდი კონკურენციაა და ვერ მივიღე სათანადო ქულები.
– რას ურჩევდით მამაკაცებს?
– კაცები ვერ გამოხატავენ დეპრესიას, იმიტომ რომ საკუთარ თავს ვაჟკაცებად თვლიან. ბოლო წლებში, რაც ომები გვქონდა, სწორედ მამაკაცებმა წააგეს.
მამაკაცებს, ვგულისხმობ ინტელექტუალურ ადამიანებს, ვურჩევდი, დაკავდნენ ინტელექტუალური მუშაობით… ან, ბოლოსდაბოლოს, ისწავლონ და დეპრესია გაქრება.
თამარ შაიშმელაშვილი