უბედური შემთხვევა ბახმაროში – მეხმა 54 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
კურორტ ბახმაროში, ფაფარას ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევა მოხდა. . როგორც „კვირას“ კურორტ ბახმაროს დირექტორმა, დავით საჯაიამ განუცხადა, მეხმა 54 წლის მამაკაცი მოკლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მწყემსები ლანჩხუთიდან ბახმაროში მიერეკებოდნენ. მისივე თქმით, გარდაცვლილი ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მცხოვრები თამაზ ა-ძეა. მას მეუღლე და შვილები დარჩა.
„ზაფხულობით, ბახმაროში მწყემსებს საქონელი ამოჰყავთ. დღეს ძალიან ცუდი ამინდი იყო, წვიმას ჭექა-ქუხილიც ახლდა. მეხი გავარდა და 54 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაფარას მთაზე მოხდა“, – აღნიშნა დავით საჯაიამ „კვირასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, უამინდობისა და ძლიერი წვიმის გამო, მდინარის კალაპოტი ადიდდა და გზაზე გადმოვიდა. საჯაიას ინფორმაციით, ამ წუთებში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა მიცვალებული შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანონ.