ნოშრევან ნამორაძე: არავის მოვუწოდებ, რომ ქუჩაში ცემა-ტყეპა გამართონ

ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ნოშრევან ნამორაძე დავით კოდუას მიმართ ანგარიშსწორების ფორმას გამართლებულად არ მიიჩნევს, – ამის შესახებ ნამორაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, შესაძლოა, არასწორად მოიქცა, მაგრამ იმ მომენტში ეს ადეკვატური რეაგირება იყო.
„რა თქმა უნდა, ეს ფორმა გამართლებული არ არის. მე რომ ეს გამართლებულად მიმაჩნდეს, აქამდეც გავუსწორდებოდი. არავის მოვუწოდებ, რომ გამოვიდნენ და ქუჩაში გამართონ ცემა-ტყეპა. შესაძლოა, არასწორად მოვიქეცი, მაგრამ იმ მომენტში ეს იყო ადეკვატური რეაგირება… როდესაც შეხვდები და უტიფრად გიყურებს თვალებში, გაგრძნობინებს, რომ ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი, აი, მანდ შეიძლება ვეღარაფერი გაიაზრო. მისმა დამოკიდებულებამ კიდევ ერთხელ მაგრძნობინა თავი შეურაცხყოფილად და ვეღარ მოვითმინე“,- აცხადებს ნამორაძე.
ბიზნესმენის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი სხვა პირებთან ერთად გაუსწორდა დავით კოდუას, სიმართლეს არ შეესაბამება და ის მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, ასევე სიცრუეა, რომ მან დანაშაული კოდუას მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით ჩაიდინა. „მე რა უნდა ვამტკიცო? როგორ მოვერიე კოდუას? ექსპერიმენტს ხომ არ ჩავატარებ, არა? მე ვარ გამწარებული ადამიანი, რომელიც უსამართლობის მსხვერპლია, აქვე გაითვალისწინეთ, რომ წლების მანძილზე სპორტით ვიყავი დაკავებული, კოდუებს მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ. იმ მომენტში ძალაც მომეცა და ყველაფერი. ჩხუბის დროს შევამჩნიე, რომ ხალხი იყო გარშემო, თუმცა ჩხუბით მხოლოდ მე ვჩხუბობდი. იქ ჩემი თანმხლები პირი არავინ ყოფილა. ეგენი იმასაც ამბობ , რომ თითქოს ელექტროშოკი იქნა გამოყენებული. ელექტროშოკი საერთოდ არასოდეს მჭერია ხელში. როცა კოდუას შევხვდი და ველაპარაკებოდი, მასთან ბავშვი საერთოდ არ იმყოფებოდა. ეს ზუსტად მახსოვს… რა თქმა უნდა, ამას ბავშვის თანდასწრებით არ გავაკეთბდი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვი იქ არ იმყოფებოდა“, – აცხადებს ბიზნესმენი.
ნოშრევან ნამორაძე შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესთან ერთად გადაღბულ ფოტოზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კადრში შემთხვევით მოხვდა და შს მინისტრთან ნაცნობობა არ აკავშირებს.
„ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონიძიებაზე ვიყავით მე და ჩემი მეუღლე, სადაც მიწვეულნი გახლდნენ სხვადასხვა ცნობადი პიროვნებები, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც. სრულიად შემთხვევით მოვხვდი კადრში, სადაც ჩანს ჭიკაიძე. არანაირი ნაცნობობა მასთან არ მაკავშირებს“, – ამბობს ნამორაძე.
ბიზნესმენი გამოცემასთან 2006 წელს „ბიგ-ბენთან“ მომხდარ ინცინდენტსაც იხსენებს. მისი თქმით, მას უკანონო არაფერი ჩაუდენია.
„2006 წელს „ბიგ-ბენთან“ პოლიციის თანამშრომელთან მოხდა შელაპარაკება, რასაც სროლა მოჰყვა, რა დროსაც ფეხში დავიჭერი. იმ დროს ბრალდებულის სახით დამაკავეს… მეორე მხარემ შეიტანა საჩივარი და გამოძიების პირველ ეტაპზე მე მცნეს ბრალდებულად, ის კი დაზარალებულად. ამის შემდეგ, ჩემი ადვოკატების ძალისხმევით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა ჩატარდა. დაიდო დასკვნა, რომელსაც გამოძიება ვერ შეეწინააღმდეგა. დადგინდა, რომ გასროლა მეორე მხრიდან მოხდა და ქუსლში დამჭრა ძირს დაცემულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ, ის პიროვნება გახდა ბრალდებული და მე მაღიარეს დაზარალებულად. არაფერი უკანონო არ გამიკეთებია“, – აცხადებს ნოშრევან ნამორაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები