„როცა კონსტანტინე გამსახურდია „ვაზის ყვავილობას“ წერდა, ჩვენს მამაპაპეულ სახლში ცხოვრობდა“

ყვარელში პედაგოგების ოჯახში დაიბადა, სადაც ხშირად სტუმრობდნენ ლიტერატურის, ხელოვნების და ჟურნალისტიკის ცნობილი წარმომადგენლები.
ახალსოფლის მეორე საშუალო სკოლაში და ყვარლის მუსიკალურ შვიდწლედ სწავლობდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა. 1986-2010 წლებში მუშაობდ ახალსოფლის სკოლის დირექტორის მოადგილედ, მუშაობდა ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში ექსკურსიამძღოლადაც.
36 წელია  პედაგოგია  სხვადასხვა დროს ისტორიასთან ერთად ასწავლიდა მსოფლიო კულტურას, ეთიკას, მსოფლიო ცივილიზაციებს… ამბობს, რომ ყვარს თავისი საქმე და ლი, რომ პედაგოგობა ყველაზე დიდი პოლიტიკაც არის და ხელოვნებაც.  – მარიკა ცუკილაშვილის პერსონა.

– არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა… მამა – ალექსანდრე ცუკილაშვილი, ყვარლელი,  იმ დროისთვის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის შვილი იყო. პაპას, პეტრე ცუკილაშვილს, დაწყებითი განათლება ჰქონდა, მაგრამ წესიერებითა და შინაგანი ინტელექტით გამორჩეულს, ყოველთვის საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ნიშნავდნენ… პაპას ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ ყვარელში ჩამოსული ცნობილი ადამიანები. როცა კონსტანტინე გამსახურდია  წერდა რომან „ვაზის ყვავილობას“, ჩვენს მამაპაპეულ სახლში ცხოვრობდა თურმე.  მახსოვს, როგორი სიამაყით  ინახავდა პაპა  ამ ხსოვნას და სკამს, რომელზედაც იჯდა დიდი მწერალი მუშაობისას…
მამა სიკეთითა და სიყვარულით სავსე კაცი იყო, ყველას მეგობარი და გაჭირვების გამზიარებელი. დედა, ნათელა ზვიადაძე, ლამაზი გარეგნობის და ფაქიზი სულის ადამიანი, რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ენის შესწავლის საკუთარი მეთოდები ჰქონდა შემუშავებული, რომელიც ზუსტად ემთხვევა უცხო ენის თანამედროვე სტანდარტებს. ბუნებით ესთეტი და სილამაზეზე შეყვარებული იყო. ამას ემატებოდა საოცარი შემოქმედებითობა და შრომისმოყვარეობა, რაც აისახებოდა როგორც  ჩვენს კარ-მიდამოზე, ისე სკოლის კულტურულ-შემეცნებით ცხოვრებასა და მის შემოგარენზე.
მე და ჩემი და-ძმა ირმა და პაატა ვერ გავიხსენებთ, რომ დედას და მამას ჩვენი თანდასწრებით ეკამათოთ. დიდი პატივისცემა და ურთიერთსიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან და ჩვენც ასე გვზრდიდნენ.
ჩვენს ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ლიტერატურის, ხელოვნების და ჟურნალისტიკის ცნობილი წარმომადგენლები.
მინდა ერთი ამბავი გავიხსენო: მამა და თავისი თანაკლასელი რეზო ჭიჭინაძე ყვარლიდან ნასვამები დაბრუნდნენ და გვთხოვეს, მხოლოდ ჩაი და თქვენი სიმღერა გვინდაო… ავიღე გიტარა, დავიწყეთ ქალაქური სიმღერები, მოვილხინეთ და უცებ, რას ვხედავ – აივანზე დგას ჯანსუღ ჩარკვიანი და იღიმება… შემოვიპატიჟეთ, მაგრამ ჯონჯოლისა და რამდენიმე სალათის მეტი არაფერი გვქონდა და ვმღერით, რომ ცარიელი მაგიდა დავავიწყოთ სტუმრებს… დედა სირცხვილით იწვის, მამაზე ბრაზობს… ჯანსუღ ჩარკვიანი კი გემრიელად მიირთმევს ჯონჯოლს და მოგვიანებით უთქვამს – კახეთში ისეთი ჯონჯოლი ვჭამე, ასეთს არსად შევხვედრივარო…
მამა მედეა კახიძეს კარგად იცნობდა ახალდაქორწინებული თქვენი მშობლები,  ერთხანს, მედეა კახიძის სახლში დედამისთან ცხოვრობდნენიქ დაიბადეთ და გაიზარდეთ
–  ასეა, მე და მედეა კახიძის დისშვილი, ხათუნა, თანატოლები ვართ და მათ სახლში ორი აკვანი მდგარა. შუაში ჩასვამდნენ თურმე ოჯახის რომელიმე წევრს და ორივეს ერთად გვარწევდნენ… ქალბატონ მედეას ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ოჯახთან. მოგონებებსა და სიმღერებში ათენდებოდათ. დედა  არაჩვეულებრივი ტკბილი ხმით მღეროდა, მამა ხუმრობდა და  მედეას ლექსებს კითხულობდა. მედეა კახიძე კი მისთვის ჩვეული სილაღით ყვებოდა ახალგაზრდულ თავგადასავლებს…
ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: მედეა დასთან ერთად ვენახიდან ბრუნდებოდა. მხარზე ხილით სავსე კალათები ჰქონდათ შემოდებული. გზად თბილისელი ბიჭებით სავსე ღია მანქანა მდგარა. მათ ხილი ამოუღიათ და თან ცუდად გახუმრებიან „სოფლელ გოგოებს“. მედეა ქალაბიჭა იყო და ამას არავის აპატიებდა… ჩამოუდგამს კალათი და ხელჩართული ჩხუბი გაუჩაღებია მათთან. სოფლის ცენტრში გაუგიათ ადგილობრივ ბიჭებს და თურმე თავქუდმოგლეჯილნი გამორბოდნენ, ჩვენი მედიკო ჩხუბობს ქალაქელ ბიჭებთან და უნდა მივეხმაროთო. ყველაფერი შერიგებით დამთავრებულა. ამაზე ბევრს ვიცინოდით…

ახალსოფლის მეორე საშუალო სკოლა დაამთავრეთ, პარალელურადყვარლის მუსიკალური შვიდწლედი. სკოლიდან რას გაიხსენებთ?

პაატა, ირმა, მარიკა

– სკოლიდან ბევრი რამ მახსოვს, მაგრამ განსაკუთრებით შემდეგს გამოვყოფდი: თანაკლასელებს ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, სხვისი არაფერი გვშურდა და ერთი ჩვენგანის გაჭირვება-ყველას გაჭირვება იყო. წიგნების კითხვა გვიყვარდა და ერთმანეთს იმაში ვეჯიბრებოდით, არდადეგებზე ვინ უფრო მეტ წიგნს წაიკითხავდა. სკოლაში დაბრუნებულები კი, შესვენებებზე, ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს, თვითონ ვაწყობდით კაფე-საღამოებს და ვეპატიჟებოდით მასწავლებლებსა და მშობლებს. შემოქმედებითი უნარი უფრო მეტი გვქონდა და შესაბამისად ნაკლებად ვიყავით დამოკიდებული უფროსებზე. გვიხაროდა სკოლის სახელით თვითშემოქმედებით ოლიმპიადებზე გასვლა, სადაც ხშირად ვიმარჯვებდით და სასკოლო, თუ რესპუბლიკური საგნობრივი ტურებიდანაც წარმატებებით ვბრუნდებოდით.
 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1982 ელს დაამთავრეთრატომ ისტორიული?
– მამა  ისტორიკოსი იყო. საბჭოთა ეპოქაში ძნელად მოიძებნებოდა მისი მსგავსი ეროვნული მუხტის ისტორიის მასწავლებელი.
„არ მინდა რუსის ბორკილი, არც რუსის პურის ჭამაო…“ – იტყოდა ხოლმე და თაობებსაც ამ სულისკვეთებით ზრდიდა. ორგანიზაცია „სამანის“ ხელმძღვანელის, ადამ ბობღიაშვილის ლექსები ზეპირად იცოდა და ჩვენთან საუბარში ხშირად იყენებდა… აი, რატომ ავირჩიე ისტორიის ფაკულტეტი!
– 1978 წლის 14 აპრილი თქვენი სტუდენტობის გამორჩეულად საამაყო თარიღია…
– სტუდენტობიდან ყველაზე მეტად სწორედ 1978 წლის 14 აპრილი დამამახსოვრდა. პირველკურსელი ვიყავი და,  სხვა უამრავ ახალგაზრდასთან ერთად, სიამაყით ვიდექი ქართული ენის დასაცავად… ის შეგრძნება არ მავიწყდება, რუსთაველის პროსპექტზე ფეხით რომ მოვდიოდით და მეგობრებთან ერთად, ხმამაღლა ვკითხულობდი ლადო ასათიანის ლექსს: „რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა, ვიყო მუდამ ასე მხიარული – ქართველი სტუდენტი მერქვას…“
კიდევ რით იყო სტუდენტობა გამორჩეული?
– კიდევ, უკრაინის ერთ პატარა ქალაქ უჟგოროდში, სტუდენტურ ფესტივალზე წარგზავნილებმა, ქართული მოხერხებულობით როგორ დავაჯერეთ, რომ პოლიტიკურ სიმღერას ვმღეროდი და ჩემმა შესრულებულმა სიმღერამ (დათო ევგენიძის „დედა“) პირველი ადგილი აიღო, მე კი „ფესტივალის ვარსკვლავი“ მიწოდეს…

მარიკა ცუკილაშვილი (შუაში)

უნივერსიტეტის შემდეგ მშობლიურ სკოლას დაუბრუნდითმამა  სკოლის დირექტორი იყოგაიხსენეთ პირველი გაკვეთილი და ისიც, როგორ შეგიშვათ მამამ ყველაზე რთულად სამართავ კლასში
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელში დავბრუნდი. პედაგოგობა არ მინდოდა. მამაჩემმა, რომელიც სკოლის დირექტორი იყო, შემომთავაზა დროებით, კურსებზე გაგზავნილი მასწავლებლის ნაცვლად მუშაობა. ასე მითხრა: „მარიკელა, შენ შედიხარ ყველაზე რთულად სამართავ კლასში. თუ ამ კლასს გაუძლებ, ხომ ივარგებ მასწავლებლად, თუ არა და აბა, „ხაბარდა“ სკოლიდანო…
დაირეკა ზარი… ვღელავდი… ბავშვები თავზე დამყურებდნენ  და გამომცდელად მათვალიერებდნენ. გავეცანი და ახალგაზრდულ თემებზე საუბარი დავიწყე. თან ვუღიმოდი და თანატოლ მეგობრებივით ველაპარაკებოდი. ეს მანერა საბჭოთა პედაგოგიკისთვის უცხო იყო, მაგრამ მე ასე ვარჩიე და შედეგმაც არ დააყოვნა-ბავშვებმა მიმიღეს და ერთმანეთი ისე შეგვიყვარდა, დაშორება გაგვიჭირდა… აი, ასე გადავრჩი „ხაბარდას“სკოლიდან და უკვე 36 წელია, ამ პოზიციაზე ვარ!
36 წელია სკოლაში ხართფიქრობთ, რომ პედაგოგობა მოწოდებაა?
– ზემოთ აღვნიშნე, რომ პედაგოგობა არ მინდოდა. ჩემმა მშობლებმა ამოიცნეს ჩემი უნარი და მირჩიეს სკოლაში მუშაობა. აი, დღეს კი ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემი მოწოდებაა!
მიყვარს ჩემი საქმე და ვთვლი, რომ პედაგოგობა ყველაზე დიდი პოლიტიკაც არის და ხელოვნებაც! – ეს თქვენი სიტყვებიაალბათ დიდი პასუხისმგებლობაა თაობების აღზრდა?
– დიახ, მასწავლებელი კარგი დიპლომატიც უნდა იყო და ხელოვანიც, თუ გინდა,რომ ბავშვის სული არ დაამახინჯო… პასუხისმგებლობაც სწორედ აქედან მოდის, რადგან ერთი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს…
სკოლის პრობლემები?
– სახელმძღვანელოები გამოსაცვლელია, სასწავლო პროგრამები კი არაადეკვატური და ხშირ შემთხვევაში, მოსწავლეთა ცოდნის შეძენას კი არა, მათ დაბნეულობას ემსახურება… მასალები, უმეტესწილად, კონკრეტული ასაკისთვის ბუნდოვან და გაუგებარ ენაზეა შექმნილი, რაც პედაგოგებს დიდ თავსატეხს გვიჩენს.
რა განაპირობებს სისასტიკეს ბავშვებში?

თორნიკე წიკლაურთან ერთად

– სისასტიკეს არასწორი აღზრდა განაპირობებს. სამწუხაროდ, მხოლოდ მატერიალური მხარე წამოვიდა წინა პლანზე და ცოტა თუ ფიქრობს, რომ შვილი ნამდვილ მოქალაქედ გაზარდოს. საქმეს ისიც ართულებს, რომ ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიები, რაც მოზარდებში სხვადასხვა დოზით აგრესიას იწვევს. ჩემი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ბულინგის ყველანაირ გამოვლინებას და ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს ბავშვთა ფსიქოლოგი!
რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან მედეა კახიძე იყო ჩამოსული და პოეზიის საღამოს მოწყობაზე სასტიკი უარი თქვა სანამ ჩემი სამშობლო, ასე გაწეწილია, არ მინდა, არ მიხარიაო!
მისი გარდაცვალების დღეს, ახალსოფლის ინტელიგენცია და მოსწავლეები, სანთლებით ხელში შეიკრიბნენ, მედეას მშოლიურ სახლთან, მერე იქვე, ეკლესიაში გადაინაცვლეს და პარაკლისი გადაუხადესდღეს რა მდგომარეობაშია მედეას სახლი და მუზეუმზე თუ არის ლაპარაკი?
– მედეა კახიძის მშობლიურ სახლს ნათესავები უვლიან, მაგრამ უკვე ესაჭიროება მზრუნველი ხელის შევლება. მუზეუმის გახსნაზე ჯერჯერობით არ არის ლაპარაკი, რადგან, რამდენადაც ვიცი, ეს იდეა არავის გასჩენია…
– წიგნიერ ოჯახში გაიზარდეთ… ბუნებრივია, მრავალი მწერალის შემოქმედებას იცნობთ…
– ბევრი მწერალი მიყვარს. ქართველებიდან გამოვარჩევდი: ოთარ ჭილაძეს, გოდერძი ჩოხელს, გურამ დოჩანაშვილს, რეზო ინანიშვილს. ნაირა გელაშვილს, აკა მორჩილაძე, ხოლო უცხოელებიდან – სომერსეტ მოემს, ჰემინგუეის, მარკესს და საერთოდ ყველა იმ ავტორს, რომელთა წაკითხვისას მბურძგლავს და მაციებს (ეს ჩემი კრიტერიუმია).
– ჰობი…
– ბავშვობიდან მიჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩემი აზრით, ჰობი ბედნიერებას უნდა ანიჭებდეს ადამიანს და ამას კი ბევრი რამ მანიჭებს: სიკეთის კეთება, სხვისი სიხარულით გახარება, ადამიანის დახმარება, მეგობრებთან ერთად ყოფნა, კარგი ლექსი და სიმღერა, საყვარელი ადამიანების სურვილების შესრულება…
 თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით სოფელში და საერთოდ, თქვენ ირგვლივ?
– უპირველესად, მოვაწესრიგებდი სოფლის შიდა გზებს, ავაშენებდი მოხუცებულთა პანსიონს, ბავშვთა გასართობ ცენტრს, აბიტურიენტთა საგანმანათლებლო კომპლექსს, საცურაო აუზს, საყოფაცხოვრებო სახლს, გავაშენებდი დასასვენებელ  ბაღებს და სკვერებს… ამით შევქმნიდი ბევრ სამუშაო ადგილს და შევაჩერებდი სოფლის მოსახლეობის მიგრაციას.

ლალი კუპრაშვილთან ერთად

– ახალგაზრდები წიგნს თითქმის აღარ კითხულობენ. როგორ უნდა შეიყვარონ მათ წიგნი?
– სამწუხაროდ, წიგნიერება დღეს პრიორიტეტად აღარ ითვლება. მთავარია ფულის შოვნისა და ქონების დაგროვების უნარი. ასეთ ოჯახში წიგნზე არ ფიქრობენ… სკოლა კი ოჯახის გარეშე არასრულყოფილია. თუ ერთად არ დგას საზოგადოება, ოჯახი და სკოლა, ახალგაზრდა წიგნს ვერ შეიყვარებს. თუმცა ეს არ ათავისუფლებს პედაგოგს ამ მნიშვნელოვანი მოვალეობისგან. დიახ, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა სწორედ მოსწავლე-ახალგაზრდობის წიგნისკენ მობრუნებაა.
 ჯილდოებიდან რომელს გამოყოფდით?
– უამრავი პროექტი, კონკურსებში მიღებული დიპლომები, საპატიო სიგელები, მოსწავლეებისგან გამოგზავნილი თბილი წერილები და მისალოცი ბარათები ყველა ჯილდოზე ძვირფასია ჩემთვის… კონკურსებში, საგრანტო პროექტებში, საგნობრივ ოლიმპიადებსა, თუ სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობის დროს, მხოლოდ ჩემი მოსწავლეებისთვის განვითარების, შემოქმედებითი და სამეცნიერო პოტენციალის, თუ ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა მინდა და ჯილდო მეორეხარისხოვანია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არაა სასიამოვნო, როცა შრომა გიფასდება.
ჩემთვის გამორჩეული ჯილდოა „კულტურული მემკვიდრეობის ქომაგის“ წოდება, რომელიც სხვადასხვა ნაშრომისთვის, 2014-2016 წლებში, კულტურის სამინისტრომ მოგვანიჭა მე და ჩემს 18 მოსწავლეს.
კვლავ ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას და ვცდილობ, ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს, როგორ გაართვან თავი ცხოვრებისეულ სირთულეებს, უყვარდეთ სამშობლო, შეისწავლონ მისი ისტორია, იყვნენ ღირსეული მოქალაქეები, დაიცვან საკუთარი, ეროვნული ღირებულებები და პატივი სცენ სხვის კულტურასაც.

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები