პოლკოვნიკი მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო წერილს ასაჯაროებს
ტრისტან წითელაშვილი სკანდალურ წერილს ასაჯაროებს. პოლკოვნიკის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრანგეთს წერილი მისწერა, სადაც ის დავით კეზერაშვილის გათავისუფლებას გირაოს გადახდის სანაცვლოდ ითხოვს – ამის შესახებ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი გაზეთ „ალიასთან“ საუბრობს. „წერილში მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის მხარეს ეხვეწება, დავით კეზერაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს. იქვე მიუთითებს, რომ კეზერაშვილმა უდიდესი როლი ითამაშა „ვარდების რევოლუციაში“, დაამარცხა კორუფცია, უდიდესი წვლილი მიუძღვის 2008 წლის ომში. სააკაშვილი საფრანგეთს მიმართავს თხოვნით, რომ კეზერაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არ განიხილონ მისი საქართველოში ექსტრადაციის საქმე.
ექსპრეზიდენტის ტექსტი 2013 წლის 21 ნოემბრით არის დათარიღებული და ხელმოწერილი“, – წერს გაზეთი „ალია“. „სააკაშვილის ამ სამარცხვინო წერილს ტოლს არ უდებს „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ხელმოწერილი პეტიცია, სადაც 27 გამგელებული „ნაციონალი“, დუჟმორეული ითხოვს კეზერაშვილის გათავისუფლებას. წერილში აღნიშნულია, რომ დავით კეზერაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ დამფინანსებელი მამა-მარჩენალი, მისი ციხეში გატარებული ყოველი დღე ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას. კატეგორიულად ითხოვენ, რომ საფრანგეთის სასამართლომ არ განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ… ახლა ირკვევა ისიც, რომ გავლენიანი ქართველი ბიზნესმენების საშუალებით კეზერაშვილი ცდილობდა გასულიყო აზერბაიჯანელ მენავთობეებთან და აზერბაიჯანის წამყვან ფიგურებთან, თუმცა აზერბაიჯანის არც ერთმა მინისტრმა სალაპარაკოდ არ მიიღო, რადგან ქვეყანაში ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია. თუმცა მან მოახერხა გავლენიანი ბიზნესმენების ჩაძირვის ხარჯზე აზერბაიჯანში გავლენები ისე გაეზარდა, რომ მხოლოდ მასთან ჰქონოდათ „დოსტუპი“.
ამ ნიადაგს ის მხოლოდ ნავთობის გადაზიდვისთვის არ ამზადებდა, არამედ ჰქონდა ჩანაფიქრი, ამიერკავკასიაში სატრანზიტო დერეფანი მას ეკონტროლებინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ იარაღის შეძენა 2004 წლიდან დაიწყო. თუმცა მაჩვენებელმა პიკს მიაღწია, 2007 წლის 5 ივნისიდან დაწყებული, და სტატისტიკა 2008 წელს ყოველთვიურად იზრდებოდა. საქართველოში ამერიკის ყოფილმა ელჩმა 2013 წლის 25 ნოემბერს სკანდალური განცხადება გააკეთა: მიხეილ სააკაშვილს რომ არ ეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობა, თვითმავალი არტილერია, მძიმე ჯავშანმანქანები, მოიერიშე შვეულმფრენები და სხვა სამხედრო ტექნიკა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული შინაგანი ძალები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს იყო პოლიტიკური სიგიჟე. აფხაზეთის ომის ვეტერანი ტრისტან წითელაშვილი „ალიასთან“ ინტერვიუში ასახელებს გვარებს, რომლებიც იარაღის შესყიდვის კრიმინალურ სქემაში მონაწილეობდნენ. ესენი არიან: მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა – თემურ ალასანია, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ერიკ გუდისი, ვიქტორ ბუტი.
ამ გვარებიდან საზოგადოება არ იცნობს ერიკ გუდისს, ის გახლავთ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, მამამისი მუშაობდა ამერკავკასიაში, ის იყო სამხედრო ვაჭრობის უფროსი. ეს პიროვნება არის მილიარდერი, ცხოვრობს ამერიკაში, წარმოშობით ებრაელია. ამ საქმეში ჩართულია ნინუა. ის იყო თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, რომელიც დაკავებულია. საუბარია, რომ მას ნათესაური კავშირი აქვს გიგა ბოკერიასთან. დანაშაულებრივ ჯგუფში ასევე ჩართულია საჰაერო ძალების სარდალი ურიდია, ასევე ფოჩხუა, რომელიც სამხედრო ატაშეა უკრაინაში. დავით მუჯირი, ის იყო მინისტრის მოადგილე, ზაზა გოგავა, გენშტაბის უფროსი. ესენი არიან საერთაშორისო დამნაშავეები…“ – აცხადებს „ალიასთან“ ინტერვიუში ტრისტან წითელაშვილი.